ეკონომიკა

ვის გადააბარებს მთავრობა პენსიების გაცემის სერვისს

19 მაისი, 2012 • 2879
ვის გადააბარებს მთავრობა პენსიების გაცემის სერვისს

„ლიბერთი ბანკი“ სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ პენსიებს, მოქმედი კონტრაქტის საფუძველზე, 2009 წლიდან გასცემს. ბანკი 800 ათას პენსიონერს ემსახურება და ამ სერვისისთვის სახელმწიფო წელიწადში 1 მილიონ  150 ათას ლარს უხდის.

ბანკმა 2010 წელს ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტი “საპენსიო სესხი” გამოიტანა. სესხი საპენსიო უზრუნველყოფით გაიცემა და წლიური საპროცენტო განაკვეთი 36 პროცენტია.   

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ წულაია ამბობს, რომ  ბანკი პენსიებს 2004 წლიდან გასცემს:

„მოქმედი კონტრაქტი სახელმწიფოსთან  2009 წელს გავაფორმეთ. კონტრაქტის ვადა 3 წელი და 6 თვეა. ბანკს ხელშეკრულება  2012 წლის 31 დეკემბერს ეწურება“.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია პენსიების გაცემაზე ახალი ტენდერის გამოცხადებას  “ლიბერთი ბანკთან” კონტრაქტის ამოწურვამდე არ გამორიცხავს:

“ამ საკითხის შესახებ მოსაზრება არსებობს. სახელმწიფო ყოველთვის მოწოდებულია იმისთვის, რომ ვინც  უკეთეს პირობებს შესთავზებს, პენსიების გაცემის სერვისს მას მისცემს. არ არის გამორიცხული, რომ ტენდერის შედეგად რამდენიმე გამარჯვებული იყოს და რეგიონებში პენსიონერებს სხვა  ბანკები მოემსახურონ.”

გვასალია ახალი ტენდერის გამოცხადებას ხელისუფლების მიერ  ხარჯების შემცირების სურვილს უკავშირებს:

“სახელმწიფო ცდილობს  ხარჯები შეამციროს და ამ სერვისზე უფრო ცოტა დახარჯოს.”

ზურაბ გვასალია ამბობს, რომ ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში კონკურენცია გამძაფრდება:

“პენსიონერების სეგმენტის მომსახურება სერიოზული და მშვენიერი შემოსავალია. ბანკმა ამაზე უარი რატომ უნდა თქვას? ვინც ტენდერში მიიღებს  მონაწილეობას, სახელმწიფოს პენსიონერთა მომსახურების უკეთეს პირობებს შესთავაზებს”.

გვასალია არ გამორიცხავს, რომ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში “საპენსიო სესხს” ბაზარზე სხვა ბანკებიც გამოიტანენ.  

როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი მოსახლეობისათვის პენსიების დარიგებაზე და „ლიბერთი ბანკის“ გარდა გაინაწილებენ თუ არა ამ ფუნქციას სხვა ბანკები? – ამ კითხვაზე შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოცუზრუნველყოფის სამინისტროში პასუხი არ აქვთ.

სამინისტროში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირმა გივი ორდენიძემ განგვიცხადა, რომ სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელი რეგიონშია და ამ კითხვაზე საპასუხოდ სათანადოდ უნდა მოემზადოს.

„ლიბერთი ბანკი“ ქვეყნის ყველა რეგიონში 200 ფილიალით არის წარმოდგენილი.

„ბანკს ასევე აქვს 100 მოძრავი სერვის-ცენტრი და, ჯამში, 800 ათას პენსიონერს ემსახურება. როცა სახელმწიფო ახალ  ტენდერს გამოაცხადებს, „ლიბერთი ბანკი“ მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს,“ –  ამბობს  ზურაბ წულაია.   

რა მოგებას იღებს ბანკი “საპენსიო სესხით” და რამდენი პენსიონერი სარგებლობს ამ პროდუქტით? – ეს ინფორმაცია “ლიბერთი ბანკში” მედიისთვის დახურულია. ზურაბ წულაია ამბობს, რომ ეს კომერციული საიდუმლოებაა და ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, არ საჯაროვდება.

პენსიონერი თინა გალუსტოვა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო სესხით ორი წელია სარგებლობს:

„ექვსთვიანი სესხიც ამიღია, ერთწლიანითაც მისარგებლია. როცა პენსიით უზრუნველყოფილი ერთწლიანი სესხი ავიღე, ბანკმა პროცენტის სახით 472 ლარი დაიტოვა და ხელზე 812 ლარი მომცა. პენსია 107 ლარი მაქვს“.

თინა გალუსტოვა ამბობს, რომ  „ლიბერთი ბანკმა“ ძალიან ბევრი დაუქვითა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან პირადი საჭიროებისათვის პენსიონერებს სესხს არც ერთი ბანკი არ აძლევს.

„საპენსიო სესხით“  რეგულარულად სარგებლობს ოფელია ნადირაძე:

„პენსიას წინასწარ იმისთვის ვიღებ, რომ წამალი ვიყიდო. შემდეგ კი სულ ეკონომიას ვაკეთებ ყველაფერზე, რადგან პროცენტი მაღალია. პენსიას ერთი თვით ადრე ვიღებ. 107 ლარზე ბანკმა დაახლოებით 7 ლარი დამიქვითა“.   

„საპენსიო სესხს“ 2012 წლის 1 იანვრიდან  „ლიბერთი ბანკი“  მხოლოდ ხუთთვიანი ვადით გასცემს. „ლიბერთი ბანკის“ ოპერატორის განმარტებით,  თუ პენსიონერი 5-თვიან სესხს აიღებს, ყოველ თვეზე მომსახურების 3 პროცენტი დაერიცხება:

„თუ პენსია 100 ლარია, ხუთთვიანი სესხის შემთხვევაში, ბანკი საკომისიოდ 75 ლარს დაიტოვებს და ხელზე პენსიონერი 425 ლარს მიიღებს. ორ თვეზე საკომისიო 12 ლარია, ხელზე გასაცემი პენსია კი –188 ლარი. ოთხ თვეზე პენსიონერს 48 ლარი დაექვითება“ .

„ლიბერთი ბანკი“ „საპენსიო სესხს“ 18-თვიანი და 36-თვიანი ვადითაც გასცემდა.  თუმცა ამ პროდუქტის მომსახურების ვადები ბანკმა 2012 წლის 1 იანვრიდან 5 თვემდე შეზღუდა.  

ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ლია ელიავას შეფასებით, „საპენსიო სესხზე“ წლიური 36 პროცენტი მაღალი და დრაკონული განაკვეთია:

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფული ეჭრება ისეთ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია სხვა შემოსავლის წყარო, პენსიის გარდა, აქ სოციალური სამართლიანობის პრინციპი დარღვეულია. პენსიონერი სესხს იღებს ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად, შემდეგ თვეებში მას  მოუწევს სხვა საჭიროებებზე ფულის  დაზოგვა. შესაძლებელია იშიმშილოს კიდეც იმის გამო, რომ  ამხელა საპროცენტო განაკვეთი ეჭრება. ეს არის სოციალურად დაუცველი ადამიანების კიდევ უფრო მეტად გაღატაკება და გაღარიბება“.  

“ჯორჯიან ბიზნეს ინსაიდის” გენერალური დირექტორი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ „საპენსიო სესხი“ საკმაოდ მიმზიდველი პროდუქტია და „ლიბერთი ბანკი“ კარგ მოგებას იღებს:

„საპენსიო სესხზე წლიური 36 პროცენტი მაღალი განაკვეთია პენსიოენერებისთვის. ეს არის დაბალშემოსავლიანი ფენა და მათთვის  36– პროცენტიანი სასესხო განაკვეთი დამატებითი ხარჯი და ტვირთია.“

ირაკლი ლექვინაძე  ამბობს, რომ „საპენსიო სესხი“ კომერციული ბანკის პროდუქტია და საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო უწყება ვერ  დაარეგულირებს.

ლია ელიავას მიაჩნია, რომ საბანკო ბაზარზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები ეროვნულმა ბანკმა უნდა დაარეგულიროს:

„ეროვნულმა ბანკმა უნდა შექმნას ისეთი მექანიზმები, რომ მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენა კომერციული სტრუქტურების გაზრდილი მადისაგან დაიცვას. “ლიბერთი ბანკის“ მონოპოლიური ფაქტორით  ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა დაინტერესდეს. ეს ბანკი ფლობს პენსიების გაცემის ექსკლუზიურ უფლებას და „საპენსიო სესხი“ ბაზარზე მხოლოდ ამ კომერციულ სტრუქტურას გამოაქვს.“.  

2009 წელს გამოცხადებულ საპენსიო ტენდერში “ლიბერთი ბანკი” უალტერნატივო აღმოჩნდა. რამდენად თავისუფალი აღმოჩნდება პენსიით უზრუნველყოფის სეგმენტში ახალი სატენდერო პირობების გამოტანისას  შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოცუზრუნველყოფის სამინისტრო, პროგნოზირება რთულია.

„ლიბერთი ბანკის“  გენერალური დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობა ლადო გურგენიძეს უკავია. გურგენიძე “საქართველოს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი იყო. 2007-2008 წლებში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.

„ლიბერთი ბანკის“ აქციათა  91,218  პროცენტს გურგენიძესთან ერთად  რუმინული კომპანია  “Rompetrol”-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი  დინუ პატრიჩიუ ფლობს. “Forbes”-ის მონაცემების მიხედვით, დინუ პატრიჩიუ რუმინეთის უმდიდრესი ადამიანია და მის მფლობელობაში არსებული აქტივების ღირებულება 1.8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

„ლიბერთი ბანკის“ კონკურენტი საპენსიო ტენდერში შესაძლოა „საქართველოს ბანკი“ გახდეს. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე ამბობს, რომ ტენდერში მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის:

„ბანკს 158 ფილიალი აქვს, საიდანაც სამოცზე მეტი თბილისშია წარმოდგენილი. ჩვენ ვაფართოებთ „ექსპრეს სერვის ცენტრებს“. ნოემბერში შევქმენით ახალი კონცეფცია“ .  

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძმა ირაკლი გილაური იკავებს. „საქართველოს ბანკი“, 2012 წლის 1 მაისის ფინანსური მონაცემებით, 19 ბანკს შორის პირველ ადგილზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი