ქართულმა თხილმა 2012 წელს საექსპორტო ათეულში მეშვიდედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ექსპორტზე 15 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა. ამ პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში 9 პროცენტია.
თხილის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარე მამუკა თოდუა საექსპორტო ათეულში ამ პროდუქტის დაწინაურებას მსოფლიო ბაზარზე გაჩენილ მოთხოვნას უკავშირებს: „ თხილის ბიზნესს დიდი პოტენციალი აქვს. ბაზარზე 40-50 კომპანია ოპერირებს. ქართული თხილის გასაღების ბაზარი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებია. პროდუქტი კარგად იყიდება აზიის და რუსეთის ბაზარზეც.“
თოდუას თქმით, ძირითადი მოთხოვნა გარჩეულ თხილიზეა: „ნაჭუჭიანი თხილი აზიის ბაზარზე იყიდება. პროდუქტის 95 პროცენტი ექსპორტზე გადის. ნაწილს ყიდულობს კომპანია „ბარამბო“. თხილის წარმოების ბაზარზე შემოვიდა იტალიური კომპანია „ფერერო“. მას აქვს თხილის პლანტაციები დასავლეთ საქართველოში. კომპანია გეგმავს ქარხნის აშენებას, როცა მოწეული მოსავალის მოცულობა გაიზრდება და ქარხნის სიმძლავრის მოთხოვნას საკუთარი პროდუქციით დააკმაყოფილებს.”
თხილის კულტურას, არსებული მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი ფართობი თურქეთში უკავია. ეს ქვეყანა მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის 75 პროცენტს აკმაყოფილებს. წამყვან პოზიციებზეა: იტალია, ესპანეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ჩინეთი და აშშ. საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში თხილის ნარგავების ფართობების მოცულობის მხრივ მეშვიდე ადგილი ეჭირა.
სურსათის და აგროკულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, თხილის კულტურის ფართობები ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: თურქეთი – 345 ათასი ჰა; იტალია – 69 ათასი ჰა; აზერბაიჯანი – 19.5 ათასი ჰა; ესპანეთი 12.1 ათასი ჰა; აშშ – 11.8 ათასი ჰა; ირანი – 11 ათასი ჰა; საქართველო და ჩინეთი – 8-8 ათასი ჰა. მიღებული მოსავლის მიხედვით ასევე თურქეთი ლიდერობს – 501.6 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან იტალია – 112.3 ათასი ტონა; ესპანეთი – 18.3 ათასი ტონა; აზერბაიჯანი – 18.6 ათასი ტონა; აშშ – 28.5 ათ. ტონა; ირანი, საქართველო და ჩინეთი – 12-12 ათასი ტონა.
ქართული თხილის ექსპორტის მაჩვენებელი იზრდება. პროდუქტი თანაბარი წარმატებით იყიდება როგორც ევროპის, ისე აზიის ბაზარზე. ევროპაში გაყიდვების თვალსაზრისით პროდუქტს საუკეთესო პოზიცია გერმანიაში უჭირავს. აზიის ბაზარზე ქართული თხილი ყველაზე მოთხოვნადი ერაყში და ავღანეთშია. თხილის პატარა პარტიები ირანსა და ჩინეთში გავიდა.
ბოლო წლების განმავლობაში თხილი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კულტურა გახდა. როგორც ჩანს, უცხოეთის ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამ მეწარმეებს და გლეხებს სტიმული მისცა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ თხილს საქართველოში სახნავ-სათესი ფართობის 42.1% აქვს დაკავებული და ეს მცენარე ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონში ხარობს (იმერეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი და სამაჩაბლო, მცხეთა-თიანეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აფხაზეთი, აჭარა).
საქართველო, თხილის კულტურით დაკავებული ფართობის მიხედვით, ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა თურქეთის, იტალიის და აზერბაიჯანის შემდეგ. იგი უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, ირანი, აშშ და ჩინეთი.
საქართველოში თხილის ბაზრის სტრუქტურა სამი მიმართულებით ვითარდება. წამყვანი პოზიციები უკავიათ სადისტრიბუცო კომპანიებს, შემდეგ თხილის გადამამუშავებელ ქარხნებს და ბოლოს კი– ფერმერებს, რომელთაც თხილის კულტურა მოჰყავთ. თხილს დისტრიბუტორებს ძირითადად წვრილი ფერმერები აბარებენ, მსხვილი მურნეობები კი ამ მიმართულებით ახლა იდგამს ფეხს.
„თხილის საექსპორტო კომპანია” ადგილობრივ ბაზარზე უკვე ექვსი წელია საქმიანობს. კომპანიის ხელმძღვანელი ბეგი სიორიძე ამბობს, რომ მათ არ აქვთ ნარგავები და თხილს მოსახლეობისაგან ძირითადად გურიაში ყიდულობენ:
„თხილის სეზონს ვამთავრებთ, 100 ტონამდე დაგვრჩა გადასატვირთი. 2012 წელს კარგ სეზონს ველოდით, მაგრამ მაგრამ თურქეთმა 2008 წლის მარაგი გამოიტანა გასაყიდად. თურქული თხილის ფასი 7 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ქართუკი თხილი ბაზარზე 6,70 დოლარად გავყიდეთ. ძირითადად გერმანია- ჩეხეთში 1000 ტონა თხილი გავიტანეთ“.
ბეგი სიორიძის განმართებით, ევროკავშირის ბაზარზე ქართულ თხილზე მოთხოვნა იზრდება. ადგილობრივ ბაზარზე ქართული თხილის ფასი 4 ლარია. აგვისტოში პროდუქტზე დაბალია ფასია. თხილი ექსპორტზე ავტოტრანსპორტით გაგვაქვს. 1 კილოს ტრანსპორტირება 20 ცენტი ღირს. მსოფლიო ბაზარზე ჩვენი მთავარი კონკურენტი თურქეთია“- ამბობს ბეგი სიორიძე.
მოსახლეობისაგან თხილის შესყიდვის ფასი, ბოლო მონაცემებით, 4 ლარია. თითქმის ყველა რეგიონში ფუნქციონირებს თხილის ჩამბარებელი პუნქტები, საიდანაც პროდუქტი გადამამუშავებელ ქარხანაში ხვდება. ხდება თხილის გამოშრობა, დაკალიბრება და დატეხვა. შემდეგ კი პროდუქტი სახმელეთო გადაზიდვების მეშვეობით ექსპორტზე გადის. როგორც ბეგი სიორიძე განმარტავს, მისი კომპანია თხილს ძირითადად ევროპის ბაზარზე ყიდის, სადაც მოთხოვნა გარჩეულ თხილის გულზეა. ექსპორტიორს თხილი აზიის ბაზარზეც გააქვს, ამ შემთხვევაში მოთხოვნადი გაუტეხავი თხილი და კაკალია.
ქართული გარჩეული თხილის ფასი ევროპის ბაზარზე 7 დოლარია. ერაყში კი ნაჭუჭიანი თხილი 2 დოლარი და 10 ცენტი ღირს. “ევროპის ბაზარზე მარტივად არ გავსულვართ. ეს რამდენიმეწლიანი შრომის ნაყოფია. გარკვეულწილად, ჩვენი წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ISO სერტიფიკატი ავიღეთ,” – ამბობს ბეგი სიორიძე.
ევროპაშიც და აზიის ქვეყნებში მსოფლიო ბაზარზე ყველას კონკურენტი ძირითადად თურქეთია. ეს ქვეყანა მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის 75 პროცენტს აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, სრული უფლებით აკონტროლებს თხილის ფასსაც და თხილის ბაზარსაც. ქართული თხილის ფასი თურქულთან შედარებით 20 ცენტით მაღალია. “სამომავლო პერსპექტივა ქართული თხილისთვის მსოფლიო ბაზრის 10-პროცენტიანი ნიშის ათვისებაა. საქართველოში არსებობს პოტენციალი, რომ მომავალში მსოფლიო ბაზრის უფრო მეტი მოთხოვნა დავაკმაყოფილო,” – ამბობს სიორიძე.
ბაზრის მეორე და მესამე სეგმენტის მოთამაშეების – ფერმერების და თხილის გადამამუშავებელი ქარხნების მფლობელების ძირითად პრობლემას საბანკო სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, ეს სექტორი ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ვითარდება.
შპს “დორანი” ადგილობრივ ბაზარზე თხილის ნარგავებსაც ფლობს და თხილის გადამამუშავებელ ქარხანასაც კომპანიის დირექტორი გიორგი ზირაქაშვილი განმარტავს: “კომპანია თხილის მოყვანით 7 წლის წინ დაკავდა. ამ ეტაპზე ახმეტაში 50 ჰექტარი გვაქვს გაშენებული და ვაგრძელებთ გაფართოებას. წელს 20 ჰექტარს კიდევ დავამატებთ. კომპანია ქართული კაპიტალით შეიქმნა და ინვესტიციებიც ადგილობრივი მეწარმეების მიერ განხორციელდა. 7 წელია, რაც თხილი გავაშენეთ და პირველი მოსავალი– 200 კილოგრამი– 2011 წელს მივიღეთ. ქარხანამ სულ 44 ტონა თხილი გადაამუშავა“ – ამბობს ზირაქაშვილი.
აღმოსავლეთ საქართველოში თხილის ნარგავები ლაგოდეხში, ყვარელში და ახმეტაში ხარობს. რეგიონში თხილის გადამამუშავებელი ერთი ქარხანა ფუნქციონირებს.
„გასულ წელთან შედარებით, თხილის გადამამუშავებელი ქარხნების საქმიანობა ადგილობრივ ბაზარზე უფრო გააქტიურებულია. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ბანკები ამ სექტორის დაკრედიტების კუთხით უფრო გააქტიურდნენ. ამ ინდუსტრიის დაფინანსება გაიზარდა და კრედიტები უფრო გაიაფდა. თუ გასულ წელს ბანკები ბიზნესსესხებს 18-20 პროცენტად გასცემდნენ, ახლა საპროცენტო განაკვეთი 13 პროცენტია. თუმცა 2008 წლის კრიზისის შემდეგ თხილის გადამამუშავებელი ბევრი ქარხანა დაიხურა, უცხოური კაპიტალისთვის ეს ბიზნესი დიდად მიმზიდველი არ არის,” – ამბობს მამუკა თოდუა.
ექსპერტის შეფასებით, ქართული თხილსი საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაძლებელია. “მსოფლიო ბაზარზე თხილის გაყიდვის თვალსაზრისით თურქეთს 75-პროცენტიანი წილი აქვს. რაც შეეხება საქართველოს, მისი ნიშა დაახლოებით 2-3 პროცენტია. საქართველოში თხილის მოსაყვანად თავისუფალი მიწა ბევრი არ არის. თხილის მოსავალი მცირე პროცენტით 10 წლის განმავლობაში გაიზრდება და როცა თავისუფალი მიწების რესურსი ამოიწურება, პროდუქციის რაოდენობის ზრდა შეჩერდება,” – ამბობს თოდუა.