საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლის პირველ კვარტალში სისტემაში არსებული 19 ბანკიდან ექვსმა იზარალა.
ამ ბანკების ექვსეულში ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკი” ლიდერობს. მეხუთე ადგილზეა კახი კალაძის “პროგრეს ბანკი”. ზარალიანი ბანკების რეიტინგში დანარჩენ ოთხ ადგილს თურქული და აზერბაიჯანული ბანკების ფილიალები ინაწილებენ.
2012 წლის პირველი აპრილისთვის, აღნიშნული ბანკების ჯამური ზარალი 76,7 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე თითქმის 20 მლნ ლარით მეტია.
პირველი მარტისთვის “ქართუს”, “ბითიეი ბანკი-საქართველოს”, “პროგრეს ბანკის”, “ხალიკ ბანკი საქართველოს”, “ინვესტბანკისა” და “პრივატბანკის” ჯამური ზარალი 57 მლნ ლარს აღემატებოდა. წლის პირველი საანგარიშო თვე კი ზარალით 4-მა ბანკმა დაასრულა, ჯამური მაჩვენებლით – 46,9 მლნ ლარი.
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ლია ელიავა “ეროვნული ბანკის” მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას მძიმეს უწოდებს:
“2012 წლის 1 კვარტალში ზარალზე წვრილი ბანკები გავიდენ, რომელთაც თავი ვერ დააღწიეს 2008–2010 წლების საბანკო კრიზისის შოკს. ამ შემთხვევაში “ქართუ ბანკის” საკითხი გამონაკლისია.”
ელიავას მიაჩნია, რომ საბანკო სექტორისთვის მთავარი პრობლემა ბაზრის მონოპოლიაა:
“საბანკო სექტორის აქტივების 80 პროცენტი მოდის, ძირითადად, სამ ბანკზე. ამიტომ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს სამი ბანკი, ვიდრე ის წვრილი ბანკები, რომლებიც პრაქტიკულად ამინდს არ ქმნიან საქართველოს საბანკი სექტორში,”– ამბობს ელიავა.
მისი შეფასებით, “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქარველოს საბანკო სექტორის 104-ე ადგილი საკმაოდ მძიმე შედეგია, თუმცა განვითარებადი, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნორმალური მოვლენაა.
“საბანკო სექტორი საკმაოდ მგრძნობიარეა მაკროეკონომიკური პროცესებისადმი. მისი დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია ეკონომიკის არასტაბილური მდგომარეობით. მეორე ფაქტორი არის საბანკო ზედამხედველობის პრობლემა, რომლის შედეგადაც სექტორი არ მუშაობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის. მშპ–ს მაჩვენებელში საბანკო სექტორის ზრდა 30 პროცენტია მაშინ, როცა რეალური ეკონომიკა საქართველოში არ იზრდება. ეს არის საბანკო სექტორის ზედამხედველობის ნაკლი და სისუსტე. როდესაც სრულად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის უფლებები საბანკო სექტორთან ურთიერთობაში, მაშინ საქართველოს საბანკო სექტორის რეიტინგი აიწევს საერთაშორისო ანალიტიკოსების და ინვესტორების თვალში”, – ამბობს ლია ელიავა.
ლია ელიავას პროგნოზით, შესაძლოა ბაზარზე ზარალიანი ბანკების გამსხვილების პროცესი დაიწყოს:
“საქართველოს საბანკო სექტორისთვის 19 ბანკი არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. მოსახლეობის შემოსავალი არის საკმაოდ დაბალი. ამ ფაქტორების გამო საბანკო სექტორი იძულებულია, შეეზარდოს სახელმწიფო სექტორს და იქიდან მიიღოს გარკვეული შემოსავალი”, – ამბობს ლია ელიავა.
ექსპერტი იმედოვნებს, რომ ბანკების გამსხვილების შედეგად ბაზარზე რეალური კონკურენცია გაჩნდება და საპროცენტო განაკვეთები დაიწევს.
“ყველა ბანკმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საბანკო სექტორში არ არსებობდნენ მსხვილი მონოპოლიები და იყოს ჯანსაღი გარემო,” – აცხადებს ელიავა.
“ქართუ ბანკის” გენერალურ დირექტორს, ნოდარ ჯავახიშვილს ზარალიანი ბანკების რეიტინგში “ქართუს” პირველი ადგილი არ უკვირს:
“ზარალის მოცულობა, 74 მილიონი ლარი, ეს არის წარმოუდგენლად კარგი შედეგი. ჩვენ შეიძლება გვქონოდა გაცილებით მაღალი ზარალი. ბანკმა 190 მილიონი ლარის ქონება დაკარგა”.
ჯავახიშვილის შეფასებით, “ეროვნული ბანკის” მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ საბანკო სექტორი შეშინებულია და ლოიალური: “ქართუს” წინააღმდეგ მიმართული კამპანია არც ერთ ბანკს არ გაუპროტესტებია”.
“ჯორჯიან ბიზნეს ინსაიდის” გენერალური დირექტორის, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, “ყველაზე მეტი ზარალი მოდის “ქართუ ბანკზე”, რაც, ბუნებრივია, რადგან ეს ბანკი მისი დამფუძნებლის პოლიტიკური აქტივობის შემდეგ ზარალზე გადის”.
ლექვინაძის თქმით, საბანკო სექტორში ფინანსურ ზარალს, ძირითადად, წვრილი ბანკები განიცდიან, რადგან სისტემას ვერ ქმნიან. მათი ზარალიანობის მაჩვენებელი მთლიანად საბანკო სექტორისთვის საფრთხის შემცველი არ არის.
საბანკო სექტორი 2011 წელს 350– მილიონიან მოგებეზე გავიდა. სხვა სექტორებში მოგება დაბალი იყო. ბანკები მაღალი საპორცენტო განაკვეთების გამო ვერ არიან ეკონომიკისათვის იაფი ფულის მიმწოდებლები. ბიზნესში რისკებია მაღალი, ფულზე მოთხოვნა მზარდია. ბანკები ცდილობენ ძვირად გაყიდონ ფული. საბანკო სექტორი სხვა ბიზნეს–სექტორების ხარჯზე “ცხოვრობს”.
2012 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის, 16 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით.
წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მლრდ ლარით, ანუ 1.2 პროცენტით შემცირდა და 12.5 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.8 პროცენტია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.4 პროცენტი შეადგინა. გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მარტისთვის წმინდა მოგებამ 11.3 მლნ ლარი შეადგინა.
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 80.8 პროცენტი შეადგინა.






