სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, დღეს სასტუმრო „რედისონში“ მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების გამოფენა გაიმართა. გამოფენაში 16 ქართული კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენას დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
2011 წლის ბოლოს ადგილობრივი მტკნარი წყლის ბაზარზე სამი ახალი კომპანია შემოვიდა.
მინერალური წყალი „გუნდაურის“ საბადო აჭარაში, სოფელ გუნდაურში მდებარეობს. კომპანიის წარმომადგენლის შალვა ჯოხაძის განცხადებით, კომპანია ქართული კაპიტალით შეიქმნა და ბაზარზე პოზიციების გამყარების მიზნით უცხოური კაპიტალის მოზიდვას გეგმავენ.
„კომპანიაში, სავარაუდოდ, თურქული ინვესტიცია განხორციელდება. დავხვეწავთ დიზაინს და განვახორციელებთ სარეკლამო კამპანიას,“– ამბობს ჯოხაძე.
ბაზრის კიდევ ერთ ახალ მოთამაშეს „ნატახტარის წყლებს“ პროდუქტი „გუდაური წყალი“ გამოაქვს. კომპანია ქართული კაპიტალით არის შექმნილი. პიარმენეჯერის ნინო სუბათაშვილის განცხადებით, „კომპანია ბაზარზე ოთხი თვეა, რაც საქმიანობს. საქართველოს ბაზარს სრულად მოვიცავთ. ეს არის ექსკლუზიური წყალი. ქარხანა მდებარეობს ნატახტარში. ჩვენი პროდუქტი მოსწონთ უცხოელებს, რადგან სახელი გუდაური ასოცირდება კარგ წყალთან“.
სუბათაშვილის განმარტებით, კომპანიას აქვს პროდუქტის ექსპორტზე გატანის პერსპექტივა:
„არსებული წარმადობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი მოთხოვნა. ლიცენზია და წყლის დებეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიდეთ სხვა ბაზრებზეც“.
კომპანია „სნო’’ ადგილობრივ ბაზარზე 2011 წლის დეკემბერში შემოვიდა. კომპანია ქართული კაპიტალით არის შექმნილი. კომპანიის 50 პროცენტს საქართველოს საპატრიარქო ფლობს.
კომპანიის პიარმენეჯერი ლალი გალუმაშვილი ამბობს, რომ „სნოს წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. წყალი ახალია და არ ხდება მისი დარეზერვუარება. კომპანიას აქვს ულტრათანამედროვე ხაზი და თანამედროვე შეფუთვა.“
გალუმაშვილის განცხადებით, კომპანიაში უცხოური ინვესტიციების განხორციელება არ იგეგმება. „სნოს“ პროდუქცია ექსპორტზე დსთ–ს რამდენიმე ქვეყანაში გავა.