“ილიაუნი ბიზნეს რევიუმ” მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების კვლევა წარმოადგინა. კვლევის ფოკუსში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ბაზარზე გამოტანილი ოთხი პროდუქტი: იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, ავტოსესხი და ბიზნეს–სესხი მოექცა.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუმ“ კვლევის განსახორციელებლად სატელეფონო გასაუბრება, პირადი ვიზიტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და „მისტიკური კლიენტის“ რანგში წინადადების შეთავაზება გამოიყენა.
კვლევა 2012 წლის 1 მარტიდან 18 მარტამდე პერიოდში განხორციელდა.
ადგილობრივ ბაზარზე საანგარიშო პერიოდში 15 მიკროსაფინანასო ორგანიზაციის საპროცენტო განაკვეთების შესწავლა მოხდა.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიკრსაფინანსო ბაზარი ძალიან აქტიურია, რაც სესხების გაცემის პროცედურების სიმარტივეს უკავშირდება:
„ბანკებისაგან განსხვავებით, მიკროსაფინანასო ორგანიზაციები სესხების გაცემისასა უფრო ნაკლებ პროცედურას მიმართავენ, თუმცა მათი საპროცენტო განაკვეთი ბანკებთან შედარებით უფრო მაღალია, რადგან პროცენტში სესხის დაზღვევის განაკვეთი უფრო მაღალია. ბანკებისაგან განსხვავებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მომხმარებლისაგან სესხის გაცემის სანაცვლოდ, უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთავას არ ითხოვენ,” – ამბობს აბაშიშვილი.
„ილიაუნი ბიზნეს რევიიუს“ კვლევამ აჩვენა, რომ იპოთეკური სესხი ყველაზე დაბალ პროცენტად (წლიური 26–30 პროცენტი) ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს“ გამოაქვს. სარეიტინგო სამეულში მოხვდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“, „თბილმიკრიკრედიტი“, „კრედიო“ და „მიკროინვესტი“.
იპოთეკურ სესხს ბაზარზე ყველაზე მაღალ პროცენტში (წლიური 48 პროცენტი) „ნოვა კრედიტი“გასცემს.
თუ ამ მონაცემს იპოთეკურ სესხებზე საბანკო სექტორის საპროცენტო განაკვეთს შევადარებთ, ამ სექტორში ყველაზე იაფი იპოთეკური სესხის წლიური განაკვეთი 12 პროცენტია. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი საბანკო სექტორში იპოთეკაზე წლიური 16 პროცენტია, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში განაკვეთი 48 პროცენტს შეადგენს.
სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში, ყველაზე იაფად ბაზარზე ეს პროდუქტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ გამოაქვს. სამომხმარებლო სესხზე წლიური განაკვეთი 13,2–22 პროცენტია. „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ სარეიტინგო სამეულში ფიგურირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ და „ალიანს ჯგუფი“.
ყველაზე ძვირი სამომხმარებლო სესხი „კრედიტ პლუსს“ და „სითი კრედიტს“ აქვს. წლიური საპროცენტო განაკვეთი 36–48 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
საბანკო სექტორის ბაზარზე სამომხმარებლო სესხებზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი „საქართველოს ბანკის“ და „ხალიკ ბანკის“ შემთხვევაში ფიქსირდება. ამ ტიპის სესხებზე წლიური განაკვეთი 15 პროცენტია. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე საბანკო სექტორში წლიური 18 პროცენტია, ხოლო მიკროსაფინანსო ბაზარზე ეს მაჩვენებელი 38–48 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება ბიზნესსესხების ბაზარს, ამ სეგმენტში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში დაბალი საპროცენტო განაკვეთი „ბი.აი,ჯი“–ის აქვს. მიკროსაფინანასო ორგანიზაცია ბიზნესსესხებს 13,2–21,6 პროცენტის ფარგლებში გასცემს. სარეიტინგო სამეულშია „კრედო“ და „კრისტალი“.
მიკროსაფინანსო ბაზარზე ყველაზე ძვირად ბიზნესსესხი „სითი კრედიტს“ გამოაქვს. წლიური განაკვეთი 36–38 პროცენტის ფარგლებშია.
საბანკო სექტორში ბიზნესსესხებზე ყველაზე დაბალი განაკვეთი წლიური 12 პროცენტია, მაღალი მაჩვენებელი კი –24 პროცენტი.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლეავრის გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, ყველაზე მარტივად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები „ავტოსესხებს“ გასცემენ. თუმცა მარტივი პროცედურების ფონზე, მიკროსაფინანსსო ბაზარზე საპორცენტო განაკვეთი „ავტოსესხებზე“ 21,6 პროცენტიდან იწყება და 96 პროცენტამდე ადის.
„კვლევამ აჩვენა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული საპორცენტო განაკვეთები სესხებზე საშუალოდ 2–2,5 ჯერ აღემატება საბანკო სექტორში არსებული სესხების ანალოგიურ მაჩვენებელს,“– ამბობს გიორგი აბაშიშვილი. მისი თქმით, ეს ტენდენცია გარკვეულწილად იმასაც უკავშირდება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ფულს ფონდებიდან მაღალ პროცენტში სესხულობენ.