„კვირის პალიტრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში „ $ 6,4 მილიარდის საიდუმლო“ ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს ფულს არასოდეს არ უხდიდა.
„ჩემთვის საამაყოა, რომ არათუ არ ვიყავი არასოდეს კრიმინალთან, არც ვუხდიდი მას. სირცხვილად მიმაჩნდა, რომ საქმეს მე ვაკეთებ და ფული თურმე სხვას უნდა ვუხადო, კაცმა არ იცის, რაში“.
ივანიშვილი ინტერვიუში რუშაილოსთან პირველ შეხვადრასაც იხსენებს:
“რუშაილოსთან პირველად მაშინ მივედი, როცა საქართველოში ჩემი ძმა მოიტაცეს. გამოსასყიდზე მიდიოდა ლაპარაკი და მაშინ მითხრეს, რომ რუშაილო დამეხმარებოდა, თუმცა დიდად ვერაფერში დამეხმარა.
როცა ბიზნესებზე კრიმინალის დაწოლა გაძლიერდა, მე ვიყავი შეხვედრის ინიციატორი, მივედი მასთან და შევთავაზე, რომ გადავუხდიდით ფულს და ჩვენი ბიზნესი დაეცვათ. თავიდან ხელები გაასავსავა, ეს ქრთამიაო და უარს აცხადებდა, მაგრამ დავამშვიდე, რომ არაფერი მსგავსი არ იქნებოდა, ყველაფერი ოფიციალურად გაკეთდებოდა.“
ორი შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა რუშაილო თავისი აზრის ლოგიკურობაში დაარწმუნა: „ გავაკეთეთ პროექტი და შევედი შინაგან საქმეთა მინისტრ ვიქტორ ერინთან, რომელმაც მოაწერა ხელი და შეიქმნა მსხვილი ბიზნესის დაცვის სპეციალური განყოფილება. ერთი კვირის შემდეგ ყველა მსხვილი ბიზნესმენი მლოცავდა, იმდენად შვება იყო მათთვის ამ სამსახურის შექმნა. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი იყო, რაც გავაკეთე“ – ამბობს ივანიშვილი.