ეკონომიკა

იაგო ჩოჩელი ლუდის ბიზნესში დაბრუნდა

23 მარტი, 2012 • 2900
იაგო ჩოჩელი ლუდის ბიზნესში დაბრუნდა

ქართული ლუდის ბაზარზე სს „ქართული ლუდის კომპანია“ ბრენდი „ზედაზენით“ შემოდის. ლუდსახარშის საწარმო მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარეობს. კომპანიის მსხვილი აქციონერი მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმა იაგო ჩოჩელია.

იაგო ჩოჩელმა სს „ქართული ლუდის კომპანია“ სამ პარტნიორთან ერთად 2011 წლის 9 ივნისს დააფუძნა. საჯარო რეესტრის მონეცემებით, იაგო ჩოჩელი სააქციო საზოგადოება „ლუდის კომპანიისა“ და „ქართული ლუდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

კომპანიების აქციების 70 პროცენტს შპს „რიკნაბეტონის შპალის ქარხანა“ ფლობს, რომელიც შპს „მიქსორს“ ეკუთვნის. მისი ერთპიროვნული მესაკუთრე  იაგო ჩოჩელია. „ლუდის კომპანიის“ 20%-ს შპს „საქართველოს ენერგეტიკული კორპორაცია“ ფლობს. რომელიც  თავის მხრივ კომპანია  „ავტოგაზ პირველის“ 60%, ფლობს.  40% კი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი გიორგი კორახაშვილია.

ჩოჩელის „ლუდის კომპანიის“ მესამე აქციონერია კახაბერ ოქრიაშვილი.  რომელიც ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პე ფარმასა“ და კლინიკების  ქსელ „ნიუ ჰოსპიტალის“ მესაკუთრეა.

ლუდის ბიზნესში მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და მისი ძმა იაგო ჩოჩელი 10 წლის წინ ჩაერთვნენ.

ლუდის მწარმოებელი კომპანია „ლომისი“ მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა დააარსა. კომპანია ახალგორის ტერიტორიაზე მდებარეობს და ამ დროისათვის წარმოება შეჩერებულია.

ლუდის ქარხანა „ნატახტარში“ იაგო ჩოჩელმა თავისი 100– პროცენტიანი  წილი თურქულ Efes Beer International-ს 2008 წელს მიყიდა.  ის ლუდის ბიზნესს დროებით  ჩამოშორდა, თუმცა ამ სექტორში 2011 წლის ზაფხულში დაბრუნდა.

გამძაფრდება თუ არა ლუდის ბაზარზე კონკურენცია  ჩოჩელების ლუდის ბიზნესში დაბრუნების შემდეგ, ამ საკითხზე ბაზრის მოთამაშეები პროგნოზს არ აკეთებენ.

ადგილობრივ ბაზარზე სამი  ლუდსახარშია წარმოდგენილი: “ნატახტარი”, სს “ყაზბეგი”, და “კასტელი-საქართველო”. ლუდის საშუალო და მცირე ლუდსახარშები, ძირითადად, რეგიონებშია განლაგებული. საქართველოდან ლუდის ექსპორტის მაჩვენებელი დაბალია.

ლუდსახარშ “ნატახტარს“, როგორც კომპანიაში აცხადებენ,  ქართული ლუდის ბაზრის 63 პროცენტი უკავია. 2010-2011 წლის განმავლობაში კომპანიაში 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მისი უდიდესი ნაწილი ტექნიკური დეპარტამენტის გადაიარაღებას მოხმარდა. გაიზარდა წარმადობა, შესაბამისად, გაიზარდა საექსპორტო პოტენციალიც.

სააქციო საზოგადოება “ყაზბეგის” წარმოების დირექტორი ლადო გაწერელია ამბობს, რომ  კომპანია აქცენტს ადგილობრივ ბაზარზე აკეთებს, რადგან ლუდის ბაზარი შეზღუდულია და ქვეყნები ცდილობენ ახალი მოთამაშეები თავიანთ ბაზრებზე არ შეუშვან.

ლუდსახარშ “კასტელი-საქართველოში” აცხადებენ, რომ  ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის  ძირითადი კონკურენტი “ნატახტარი” და “ყაზბეგია”. კომპანია შიდა კვლევებით 24 პროცენტს ფლობს და ადგილობრივ ბაზარზე უფრო წარმატებულად იმპორტირებულ  ბრენდებს ყიდის.

ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი უკრაინულ ლუდს აქვს, ასევე, დაბალი სეგმენტის ადგილობრივი წარმოების პროდუქციას. ყველაზე ძვირია პრემიუმ კლასის ბრენდები. სტატისტიკის თანახმად, 2011 წელს საქართველოში ლუდის იმპორტმა 12 664 მილიონი ლიტრი შეადგინა. მოხმარება 105 მილიონ ლიტრს გაუტოლდა, რაც 1 სულზე წელიწადში 24 ლიტრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი