სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშიამ, 2012 წლის 15 მარტის მდგომარეობით, ქართული ღვინის ექსპორტის შედეგები შეაჯამა.
2012 წლის მარტის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, ბოთლის ღვინის ექსპორტი 8,5 პროცენტით არის გაზრდილი.
„ქართული ღვინის ექსპორტის დიდი ზრდა გვაქვს პოლონეთში, ლატვიაში, ჩინეთში და ესტონეთში. ეს ბაზრები პრიორიტეტულია ჩვენთვის და ვიმედოვნებთ, რომ ექსპორტის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება“– ამბობს ბობოხიძე.
მისი თქმით, საექსპორტო ბაზრებზე წარმატება ქართული ღვინის ხარისხმა განაპირობა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, ექსპორტზე, 2012 წლის 15 მარტის მდგომარეობით, 0,75 –იანი მოცულობის 2 798 197 ბოთლი გავიდა. 2011 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 2 569 942 ბოთლს შეადგენდა.
ექსპორტის მაჩვენებელმა ბრენდების კუთხით (0,5 მოცულობა) 2012 წლის მარტში 922 901 ბოთლი შეადგინა. 2011 წელს საქართველოდან უცხოეთში 539 020 ბოთლი ბრენდის ღვინო გავიდა.
საექსპორტო ბაზრებზე პოლონეთი დაწინაურდა. ამ ბაზარზე ზრდა 2012 წელს 64 პროცენტია. შემდეგ ლატვია, 41– პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით და ჩინეთი, სადაც ზრდა 138 პროცენტია. ქართული ღვინო გავიდა კანადის ბაზარზე. 2011 წელს ექსპორტზე საცდელად 48 ბოთლი გავიდა, 2012 წელს კი ამ მაჩვენებელმა 39 264 ბოთლი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ესტონეთის ბაზარზე ქართული ღვისნის ექსპორტი 87 პროცენტით გაიზარდა. აშშ–ის ბაზარზე ზრდამ 219 პროცენტი შეადგინა, გერმანიაში– 199 პროცენტი, თურქეთის ბაზარზე –183 პროცენტი, იაპონიაში –96 პროცენტი, ინგლისში –417 პროცენტი, ხოლო ჩეხეთში ექსპორტზე 13 800 ბოთლი ღვინო გავიდა.