ეკონომიკა

„შავი ხვრელები“ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონპროექტში

3 მარტი, 2012 • 2445
„შავი ხვრელები“ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონპროექტში

მთავრობის მიერ ევროკავშირის რეკომენდაციით მომზადებული კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში განიხილება. კანონპროექტმა ადგილობრივ ბაზარზე ბიზნესკომპანიებს შორის კონკურენცია უნდა დაარეგულიროს და მონოპოლიების ჩამოყალიბება აღკვეთოს.

მთავრობამ ანტიმონოპოლიური სამსახური, ბაზრის ლიბერალიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე, 2004 წელს გააუქმა. 2010 წლის გაზაფხულზე, მთავრობის ინიციატივით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო ჩამოყალიბდა. ეს უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე იყო ანგარიშვალდებული. 2011 წელს მთავრობამ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ სტრატეგია შეიმუშავა და კანონპროექტი მოამზადა. კანონი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა აღასრულოს, რომელიც 2012 წლის იანვარში ორი სააგენტოს (თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს და  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს) შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ამბობს, რომ „მთავრობა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა  და ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციები გაითვალისწინა. სწორედ მათ დასკვნაში არის ასახული, რომ ეს კანონმდებლობა შესაბამისობაშია ევროპულთან და მასში ბევრი საკითხი არის გათვალისწინებული“.

მთავრობის მცდელობებს ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან მიახლოების შესახებ ექსპერტები კრიტიკულად აფასებენ. “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ექსპერტი შოთა მურღულია ამბობს, რომ  „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ პარლამენტში შესული კანონპროექტის მთავარი ნაკლი ევროკავშირის რეკომენდაციებიდან გადაცდენა, მონოპოლისტებისათვის განსაზღვრული დაბალი ჯარიმები, ბაზარზე დომინანტი კომპანიისთვის შეცდომით განსაზღვრული სტატუსი, სააგენტოსთვის გამოყოფილი დაბალი ბიუჯეტი და არასაკმარისი კადრებია. შოთა მურღულიას განმარტებით, კანონპროექტის „შავი ხვრელი“ მერვე მუხლია:

„მე-8 მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებებს, რომლებიც უმნიშვნელოდ ზღუდავენ კონკურენციას და რომლებსაც არ არეგულირებს კანონი. კანონპროექტის თანახმად, ასეთ ხელშეკრულებად მიიჩნევა ჰორიზონტალური ხელშეკრულება, რომლითაც მხარეების ერთობლივი საბაზრო წილი ბაზარზე არ აღემატება 25%-ს, ხოლო ვერტიკალური შეთანხმების დროს თითოეული მხარის საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 40%-ს. იმ შემთხვევაში კი, როცა რთულია განსაზღვრა – ჰორიზონტალურია თუ ვერტიკალური შეთანხმება, საერთო საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 40%-ს. ეს პროცენტული მაჩვენებლები არ ემთხვევა ევროკავშირის საკანონმდებლო პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, ჰორიზონტალური ხელშეკრულების დროს კომპანიების საერთო-საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს, ხოლო ვერტიკალური შეთანხმების დროს – 15 პროცენტს. ევროკავშირისვე კანონმდებლობით, თუკი შეთანხმების კლასიფიცირება რთულია, მაშინ ასეთ დროს ამ კომპანიების საერთო-საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს.“

მურღულიას შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ კანონპროექტში განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლები თავისთავად  ყველაზე მაღალი თამასაა, რაც ბაზარზე კონკრეტულ კომპანიებს გაბატონების მეტ შანსს უტოვებს.

მეორე და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯარიმების ოდენობის განსაზღვრა. კანონპროექტის 33-ე მუხლის თანახმად, დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანიებს მოგების 10 პროცენტის გადახდა უწევთ, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირის სტანდარტების მიმართ. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 10-დან 100 პროცენტამდე მერყეობს.

„ეს ქმნის საფრთხეს, რომ თუკი კომპანიას ბაზარზე  გაბატონებული მდგომარეობა აქვს და ბოროტად სარგებლობს ამ მდგომარეობით, მას შესაძლოა იმხელა შემოსავალი ჰქონდეს, რომ უღირდეს ჯარიმის გადახდა, რაც თავისთავად განმეორებითი დარღვევის ფაქტს არ აღმოფხვრის და ვერ იქნება პრევენციული ღონისძიება,“ – ამბობს მურღულია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ნათია კუტივაძე ორი სააგენტოს გაერთიანებას კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით,  „ეს სააგენტო უშუალოდ მონაწილეობს როგორც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, ისე ახორციელებს ამ პროცესის მონიტორინგს. ისეთი ფუნქციები, როგორიცა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობა, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ორგანიზება და სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგი, განსხვავებულია თავისი არსით. შესაბამისად, მათი გაერთიანება და ერთი სააგენტოსთვის ამ ფუნქციების დაკისრება ხელს არ შეუწყობს არც კონკურენციის პოლიტიკის ეფექტურად  აღსრულებას და არც სახელმწიფო შესყიდვების ხარისხიან ზედამხედველობას.“

კანონპროექტს კრიტიკულად აფასებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია:

„კანონპროექტის მე-19 მუხლის მესამე ნაწილში სააგენტო უფლებას იტოვებს, არ განიხილოს საჩივარი და განცხადება, თუ იგი არ შეესაბამება სააგენტოს პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა, ანუ მთავრობა თუ პრიორიტეტად არ მიიჩნევს მიმართულებას, სააგენტო ჩათვლის, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი და არ განიხილავს. აღნიშნული მოტივით სააგენტომ შესაძლებელია თავი აარიდოს არასასურველი საჩივრების განხილვას, რაც სერიოზული ხარვეზია“.

“სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ექსპერტი შოთა მურღულიაც მიჩნევს, რომ  მთავრობის როლი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობაში ძალიან მაღალია:

„რა სფეროები უნდა შემოწმდეს, განსაზღვრავს მთავრობა. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა მოხდეს ნორმატიული აქტების მიღება სამთავრობო დონეზე. მიმაჩნია, რომ პრიორიტეტები და სფეროები კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს და არა მთავრობის დადგენილებებით“, – ამბობს მურღულია.

ექსპერტების კრიტიკულ შეფასებას არ ეთანხმება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი: „ამ უწყების ბიუჯეტი არ იქნება დიდი, მოძიებული იქნება დაფინანსების სხვა წყაროები. სააგენტოში 9 ადამიანი მუშაობს, მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეს საკადრო რესურსი იქნება საკმარისი“.

ხუროშვილის თქმით, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონს საქართველოს პარლამენტი საბოლოოდ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი