ეკონომიკა

ევროზონის კრიზისის მიზეზები

10 თებერვალი, 2012 • 1202
ევროზონის  კრიზისის მიზეზები

“საქართველოს საინვესტიციო ჯგუფმა” ევროზონაში მიმდინარე კრიზისის მიზეზების შესახებ ანალიზი მოამზადა.

“საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი” კრიზისის გამოწვევ მიზეზად ამ გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების მიერ  ევროზონის დაარსების პრინციპების უგულვებელყოფას ასახელებს.

ევროზონის ქვეყნების მთავარი პრინციპი იყო საგარეო ვალის  0,5 –პროცენტიან ნიშნულზე შეჩერება.  შეთანხმების თანახმად, ვალის 0,5– პროცენტიანი ზრდა არ უნდა აღემატებოდეს მიმდინარე დეფიციტის 3 პროცენტს.

ეს პრინციპი პირველად იტალიამ დაარღვია, შემდგომ– გერმანიამ და საფრანგეთმა. ევროზონაში ამ პრინციპის ერთგული ესპანეთი დარჩა. ეს ქვეყანა 2008 წლის კრიზისამდე იცავდა ამ პირობას და ამ ოთხეულში ყველაზე ცოტა სახელმწიფო ვალი აქვს.

“საქართველოს საინვესტიციო ჯგუფის” ანალიზის  თანახმად, საბერძნეთი არასოდეს იცავდა ვალის 3– პროცენტიან ზღვარს, თუმცა კარგად მანიპულირებდა ციფრებით. ის სამაგალითო ქვეყანა იყო, ვიდრე ციფრებით მანიპულირება არ გამომჟღავნდა.

თუ ამ ციფრებს გავყვებით, გერმანია, საფრანგეთი და იტალია უნდა იყოს ყველაზე გაჭირვებული ქვეყანა კრიზისის დროს, ხოლო ესპანეთი უნდა ყვაოდეს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია.

2000 წლის სტატისტიკის თანახმად, გერმანიის სახელმწიფო ვალი 61 პროცენტია, საფრანგეთის– 73 პროცენტი, იტალიის –126 პროცენტი, ხოლო ესპანეთის –71 პროცენტი.

2010 წლის სტატისტიკით, ევროზონის ქვეყნების შიდა ვალის თანაფარდობა ასე გამოიყურება: გერმანია –77 პროცენტი, საფრანგეთი –97 პროცენტი, იტალია– 129 პროცენტი, ესპანეთი– 72 პროცენტი.

ამ მხრივ ესპანეთის პრობლემა მისი კერძო სექტორია. ბანკებმა, სამშენებლო ინდუსტრიამ და ეკონომიკის სხვა დარგებმა ისესხეს ფული და უკონტროლო ლიბერალიზაციის საგარეო ბაზრებზე დააბანდეს. იტალიაში საგარეო ვალი 2008 წლამდე გაიზარდა. აღებული ვალის შედეგად, ესპანეთმა, იტალიამ და საფრანგეთმა გაზარდეს თავისი იმპორტი. ექსპორტს აჭარბებდა იმპორტი, სავაჭრო დეფიციტი იფარებოდა საგარეო ვალით.

“საქართველოს საინვესტიციო ჯგუფის” შეფასებით, ესპანეთი და იტალია ყველაზე სახიფათო რეცესიაში იმყოფებიან, რადგან არც ერთს არ სურს ხარჯვითი ნაწილის გაზრდა და არც ამის რესურსი აქვთ. კომპანიები და ბანკები დაკავებულნი არიან დაგროვილი ვალის მომსახურებით. ექსპორტი კონკურენტუუნაროა, ამას ემატება ისიც, რომ მთავრობები შეთანხმდნენ და ატარებენ ხარჯების შემცირების პოლიტიკას, რადგან ვერ სესხულობენ ფულს საერთაშორისო ბაზრებზე.

“საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი” წარმოდგენილი ანალიზის შედეგად ევროზონის ფინანსურ კოლაფსს პროგნოზირებს. ექსპერტები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ევროპის ქვეყნებს არ ეყოფათ ფულადი რესურსი საბერძნეთის  გადასარჩენად და მისი ფასიანი ქაღალდების შესაძენად, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკი ამ ქვეყნების სახელით განაცხადებს, რომ მას ამის უფლება არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი