ეკონომიკა

“5 მილიონი ტურისტი 2015 წელს”

27 დეკემბერი, 2011 • 1215
“5 მილიონი ტურისტი 2015 წელს”

“საქართველოში 2015 წელს 5 მილიონი ტურისტი ჩამოვა”– ეს ოპტიმისტური პროგნოზი  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, მაია სიდამონიძემ, დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”–ში გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა. ტურიზმის სექტორში  2011 წლის შედეგების შეჯამებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, კერძო სასტუმროების მფლობელები, ავია და ტუროპერატორები ესწრებოდნენ.

მაია სიდამონიძემ 2011 წელს ტურიზმის სექტორში გატარებული ღონისძიებები და გამართული პრეზენტაციები დეტალურად განიხილა.

მისი ინფორმაციით, 2011 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 2 756 669 ტურისტი შემოვიდა. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 1 983 397 გაუტოლდა. 2011 წელს ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობის 60 პროცენტი თბილისზე მოდის. ტურისტების 43 პროცენტი ბათუმში ჩავიდა, 8 პროცენტი– მცხეთაში, 6 პროცენტი– ქუთაისში, 5 პროცენტი– ლაგოდეხში, 4 პროცენტი –გორში, 4 პროცენტი სტეაფნწმინდას ესტუმრა, 3 პროცენტი– სიღნაღს, 3 პროცენტი– ქობულეთს, 2 პროცენტი მესტიას ეწვია, ხოლო 6 %-მა საქართველოში სხვადასხვა ადგილები მოინახულა.

2011 წელს საქრთველოში ყველაზე მეტი ტურისტი თურქეთიდან (645 259) ჩამოვიდა. ვიზიტორების კუთხით, მეორე ადგლზეა აზერბაიჯანი(643 254), მესამეზე– სომხეთი (627 244), მეოთხეზე –რუსეთი(256 399), მეხუთე პოზიციაზე კი ირანი (57 088) გავიდა.

საქართველოში ტურისტების შემოსვლის რაოდენობით ჩამოთვლილი ქვეყნების ათეულში უკრაინა, ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ყაზახეთი შედიან.

მაია სიდამონიძის ინფორმაციით, სააგენტომ 2011 წელს 20 საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. განხორციელდა რამდენიმე მარკეტინგული პროექტი, შეიქმნა დოკუმენტური ფილმები, რომლებიც 117 ქვეყანაში 18 ენაზე გადაიცემა. სიდამონიძის პროგნოზით, გატარებული რეფორმების შედეგად 2012 წელს საქართველოში დაახლოებით 3 მილიონ 500 ათასი ტურისტი ჩამოვა. რაც 2011 წლის მაჩვენებელზე 27 პროცენტით მეტი იქნება. წლევანდელი მაჩვენებელი კი 2010 წლის სტატისტიკას 39 პოროცენტით აღემატება.

მაია სიდამონიძემ შეხვედრაზე მიზნობრივი ბაზრების თემაც განიხილა. მისი თქმით, საქარველოში ჯერჯერობით ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი დსთ–ს ქვეყნებიდან ჩამოდის: “ჩვენი მიზანია, ალტერნატიული ბაზრების მოძიება. უნდა გავმართოთ ფართომასშტაბიანი კამპანია ევროპის ქვეყნებში. გავზარდოთ ქვეყნის ცნობადობა, რადგან ამ ბაზრებზე ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი არსებობს, და არის მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის ტურიტულ პროდუქტებზე” – ამბობს სიდამონიძე.

ეკონომიკური განვითრების მინისტრის, ვერა ქობალიას შეფასებით, პროგნოზი “5 მილიონი ტურისტი 2015 წელს” მაშინ იქნება რეალური, როცა ინფრასტრუქტურა და სასტუმროების ბიზნესი კიდევ უფრო განვითარდება.

“ტურისტული ინფრასტრუქტურა უფრო მეტად უნდა განვითარდეს. მეტი სასტუმრო გვჭირდება,  აუცილებელია, რომ ამ სფეროში  სერვისიც დაიხვეწოს. ტურიზმის განვითარებას  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის” – ამბობს ვერა ქობალია. .

მისი თქმით, ტურიზმის სექტორში 2011 წლის შედეგების ანალიზმა აჩვენა სფეროში არსებული მოთხოვნები და ხარვეზები. “ტურისტების ნაკადის დინამიკამ აჩვენა, რომ ქვეყანაში არის მოთხოვნა დაბალბიუჯეტიან სასტუმროებზე. აუცილებელია აშენდეს ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროები. ეს არის ის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ  ტურისტებისგან მივიღეთ” – ამბობს ქობალია.

მინისტრის თქმით, ის აქტიურად ხვდება ინვესტორებს და ქობულეთსა და ანაკლიაში არსებული ტურიტული ზონებისთვის  მათ სპეციალურ ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებს, რათა ისინი დაბალბიუჯეტიანი სასტუმროების მშენებლობით დაინტერესდნენ.

ტურიზმის სექტორში არსებულ პრობლემებზე პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური დამსწრე საზოგადოებას დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. შეხვედრის დასასრულს პრემიერმა მედიასთან მოკლე შეფასება გააკეთა: “2011 წელი ტურიზმის მიმართულებით წარმატებული იყო.  სახეზე გვაქვს ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 40–პროცენტიანი ზრდა. 2012 წელს ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 25 დან–30 პორცენტამდე იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ  2012 წელს ქვეყანაში, სავარაუდოდ, 3 მილიონ 500 ათასი ვიზიტორი შემოვა.  ეს ბიზნესი საკმაოდ ზრდადია და ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი ადამიანი საქმდება. ჩემი შეხვედრის მიზანი სწორედ ის იყო, რომ გამეგო, რა პრობლემები აქვთ ტუროპერატორებს და სასტუმროების მფლობელებს” – ამბობს გილაური.

პრემიერ–მინისტრთან დახურული შეხვედრის შემდეგ ტუროპერატორებმა და სასტუმროების მფლობელებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი