ეკონომიკა

“ქართუ” ბანკის კრედიტორების ქონება სახელმწიფოს გადაეცა

26 დეკემბერი, 2011 • 2158
“ქართუ” ბანკის კრედიტორების ქონება სახელმწიფოს გადაეცა

“ქართუ” ბანკის კრედიტორების  მიერ ბანკში გირაოდ ჩადებული ქონების საჯარო აუქციონზე გაყიდვის პროცესი გრძელდება.
“ქართუ” ბანკის პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აუქციონზე უკვე გაიყიდა “ბათოილის”, “პირიმზის”, “მალი ჯგუფის”და “გრენფილდ ჯორჯიას” ქონება.

23 დეკემბერს  “ქართუ” ბანკმა სააღსრულებლო ბიუროსგან კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო, რომლის თანახმადაც, ამ უწყებამ ბანკის  კრედიტორის,  შპს  “საქართველოს ღვინოების”, ქონება დააყადაღა და რამდენიმე დღეში აუქციონზე ამ ობიექტსაც გაიტანენ. ამ ფონზე ბანკის არაუზრუნველყოფილი  საკრედიტო ვალდებულებების მოცულობა იზრდება. გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 70 მილიონ ლარს აღწევდა და  საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20 პროცენტი იყო. არაუზრუნველყოფილი საკრედიტო ვალდებულებების ამ დროისთვის არსებულ მოცულობაზე ბანკის პრეზიდენტი არ საუბრობს.

ნოდარ ჯავახიშვილის ამბობს, რომ  გასულ კვირას  ბანკის წინაშე დავალიანების მქონე  კრედიტორების მფლობელობაში არსებული ქონებიდან აუქციონებზე  დამატებით 13 ობიექტია გატანილი, რომლის ღირებულებაც  ჯამში 76,7 მილიონ ლარს შეადგენს.
“ბოლო 2 კვირის მანძილზე აღნიშნულ საჯარო აუქციონებზე გატანილია “ქართუ” ბანკში გირაოდ ჩადებული 40 ობიექტი, ჯამში– 115 მილიონი ლარის ღირებულების. აუქციონზე გატანილი არც ერთი ობიექტი  პრაქტიკულად არ გაყიდულა, მათი დიდი ნაწილი სახელმწიფომ  დაისაკუთრა,”– ამბობს ჯავახიშვილი.

მისი  ვარაუდით, ახლო მომავალში გარკვეული სქემით გაყიდული ქონება თავდაპირველ მფლობელს დაუბრუნდება.
გასულ კვირას სააღსრულებლო ბიურომ აუქციონზე  “მალი ჯგუფის” და “გრენფილდ” ჯორჯიას”  კუთვნილი, ბესიკის 4 ნომერში მდებარე  “ბესიკის ბიზნესცენტრი”  გაიტანა.

საჯარო რეესტრში შპს “ბესიკის ბიზნესცენტრი”  2005 წლის დეკემბერშია რეგისტრიტებული, ხოლო მისი დამფუძნებლები “ვითიბი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრები არიან.  გრიგოლ ლომიძე, რომელიც შპს “ბესიკის ბიზნესცენტრში” 25 პროცენტს ფლობს, ამავე დროს  “ვითიბი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

“ნეტგაზეთს” “ქართუ ბანკში” განუცხადეს, რომ ბანკიდან სესხი  შპს “ბესიკის ბიზნესცენტრმა” აიღო. ნოდარ ჯავახიშვილი აღებული კრედიტის მოცულობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ “ბესიკის ბიზნესცენტრი” ვალს დათქმულ ვადებში ფარავდა და ამ კრედიტორთან პრობლემა ორი თვის წინ შეიქმნა.

“კომპანიამ კრედიტი ამ ბიზნესცენტრის ასაშენებლად აიღო და ბანკის ვალს ფართების გაყიდვით იხდიდა. ბესიკის ბიზნესცენტრს  ვალის 50 პროცენტი გადახდილი აქვს. გადასახდელი დაახლოებით მილიონ 900 ათასი დოლარია. ახლახან “ბესიკის ბიზნესცენტრმა” ვალდებულებები “მალი ჯგუფს” და “გრენფილდ ჯორჯიას” გადასცა” –ამბობს ჯავახიშვილი.

მისი ვარაუდით, საგაადსახადო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე ამ კომპანიებს ჰქონდათ. “სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონსა და „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, კომერციულმა ბანკმა პირველადი იპოთეკარის უფლება დაკარგა. იმ შემთხვევაში, თუკი საგადასახადო ორგანოს მხრიდან ყადაღის მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლები წინ უსწრებს რომელიმე კომერციული ბანკის მიერ რეგისტრირებულ იპოთეკას, პირველ რიგში ამ უწყების ვალდებულებები უნდა დაიფაროს.

კომპანია “მალი ჯგუფის” დამფუძნებლებშიც “ვითიბი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გრიგოლ ლომიძე ფიგურირებს, რომელიც კომპანიაში 33,33 პროცენტს ფლობს.   “გრენფილდ ჯორჯიას” 100– პროცენტიან წილს რამაზ საღარაძე ფლობს. სამივე კომპანიას  ერთი გენერალური დირექტორი ილია ანთაძე მართავს.

“ნეტგაზეთი”  ილია ანთაძეს დაუკავშირდა და “ბესიკის ბიზნესცენტრის” ქონების აუქციონზე გატანის შესახებ კომენტარი სთხოვა.
“ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფები და ამ თემაზე სასაუბროდ მზად არ ვარ”– უპასუხა “ნეტგაზეთს” ილია ანთაძემ.
“ნეტგაზეთმა”  “ვითიბი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრ გრიგოლ ლომიძესთან დაკავშირებაც სცადა. “ვითიბი ბანკის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის  გია ბარკალაიას ინფორმაციით, გრიგოლ ლომიძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ბარკალაიას მტკიცებით, გრიგოლ ლომიძე “ბესიკის ბიზნესცენტრს” კარგა ხანია ჩამოშორდა.

თბილისის აღსრულების ბიურომ “მალი ჯგუფის” და “გრენფილდ ჯორჯიას” კუთვნილი  “ბესიკის ბიზენსცენტრი” აუქციონზე  2011 წლის 10 დეკემბერს გაიტანა. აუქციონი 16 დეკემბერს უშედეგოდ დასრულდა.  აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ “გრენფილდ ჯორჯიას” მოვალე შემოსავლების სამსახური იყო და რადგან აუქციონი უშედეგოდ დსრულდა, კომპანიის ქონება ნატურიით სახელმწიფოს გადაეცა.

ანალოგიური შედეგით  დასრულდა ორი კვირის წინ გამართული აუქციონი, რომელზეც  „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსის“ ქონება გაიტანეს. ამ კომპანიის მფლობელი    “ლემისე კომპანის“ დირექტორი სერგი კაკალაშვილია (ბიზნესმენი და პოეტი, რომლის ლექსები მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ პარლამენტში წაიკითხა) .

ნოდარ ჯავახიშვილის ვარაუდით, თუ  “ქართუ” ბანკში არაუზრუნველყოფილი კრედიტების მოცულობა კიდევ გაიზარდა, შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა დროებითი ადმინისტრაცია დანიშნოს.

2011 წლის 19 დეკემბერს ეროვნულმა ბანკმა “ქართუს” შემოწმების პროცესი ორი თვით გააგრძელა. ეროვნული ბანკი “ქართუ” ბანკში 2011 წლის 19 ოქტომბერს შევიდა. მიზეზი ბანკის საინკასაციო მანქანის დაპატიმრება და ტოპმენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებეი გახდა.

ბიძინა ივანიშვილმა, რომლის საკუთრებაც არის „ქართუ ბანკი“, პოლიტიკაში ჩართვის შესახებ პირველი განცხადება მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი