ეკონომიკა

რატომ იყიდება ბენზინი ყველაზე ძვირად საქართველოში

22 დეკემბერი, 2011 • 3101
რატომ იყიდება ბენზინი ყველაზე ძვირად საქართველოში

საქართველოში ბენზინის ფასი ევროპის ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალია. ორგანიზაციამ „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის“ საქართველოსა და ევროპაში ბენზინის ფასების კალკულაცია მოახდინა და გამოარკვია, რომ, მაგალითად, პრემიუმის ღირებულება საქართველოში 31 თეთრით აღემატება გერმანიის მაჩვენებელს და 42 თეთრით  – პოლონეთისას.

საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა საწვავის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 1460 ლარია (880 დოლარი), რასაც ემატება ტრანსპორტირების ხარჯი, აქციზის, მოგებისა და დამატებითი ღირებულების (დღგ) გადასახადები. აღნიშნული ხარჯების გათვალისწინებით, ერთი ტონა ბენზინის სარეალიზაციო ფასი 2330 ლარს შეადგენს.

იმისათვის, რომ 1 ლიტრი საწვავის სარეალიზაციო ფასი გავიგოთ, 2330 (1 ტონა საწვავის ფასი) უნდა გავყოთ 1370–ზე ( საწვავის მოცულობა ტემპერატურის მიხედვით იცვლება და ამის გამო ავტოგასამართ სადგურებში რეალიზაცია ხორციელდება მოცულობის მიხედვით, შესაბამისად, 1 ტონა=1370 ლიტრს), რაც  1.70 ლარის ტოლია.

„ბენზინს, რომელსაც 2.10 ლარად ყიდიან, საერთაშორისო ფასის მიხედვით, 40 თეთრით უფრო იაფი უნდა ღირდეს, ანუ მოსახლეობას თითოეულ ლიტრზე ჯიბიდან აცლიან 40 თეთრს, რაც თვეში ათეულობით მილონ ლარს შეადგენს: საქართველოს მოსახლეობა თვეში დაახლოებით 60 მილიონ ლიტრ საწვავს მოიხმარს, ანუ ყოველთვიურად 24 მილიონი ლარით გვძარცვავენ“, – აცხადებს  ბექა კემულარია, ორგანიზაციის „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის“ ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ევროპაში ბენზინის საცალო გაყიდვის მაღალი ფასი განპირობებულია მაღალი გადასახადებით:

მაგალითად, საქართველოში 1 ლიტრი პრემიუმის სარეალიზაციო ფასი 2.25 ლარია, ხოლო აქციზისა და დღგ–ს გადასახადის გამოკლებით – 1.66 ლარი.  გერმანიაში კი პრემიუმის სარეალიზაციო ფასი 3.46 ლარის ექვივალენტია, ხოლო აქციზისა და დღგს გადასახადის გამოკლებით – 1.35 ლარი, ანუ საქართვლოსთან შედარებით – 31 თეთრით იაფი.

რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს: ფინეთში პრემიუმის სარეალიზაციო ფასი 3.48 ლარია, ხოლო გადასახადების გარეშე – 1,36 ლარი (30 თეთრით იაფი საქართველოსთან შედარებით), დიდ ბრიტანეთში 1 ლიტრი პრემიუმის სარეალიზაციო ფასია 3,58 ლარი, გადასახადების გარეშე – 1,43 ლარი (23 თეთრით იაფი), საფრანგეთში – 24 თეთრით იაფი, პოლონეთში – 42 თეთრით იაფი, ვიდრე საქართველოში.

ამასთან, ევროპაში გაცილებით მაღალი ხარისხის (ევრო 5 სტანდარტის) საწვავს მოიხმარენ, ხოლო საქართველოში ყველაზე მაღალი მოხმარების წილი აზერბაიჯანულ საწვავს აქვს, რომელიც, კემულარიას თქმით,  ევრო 1-ის სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს:

„მასში გოგირდის შემცველობა 50–ჯერ უფრო მაღალია (ევრო 5 სტანდარტის მიხედვით, გოგირდის შემცველობა არ აღემატება 10ppm-ს, ევრო 1-ის სტანდარტის მიხედვით –  500ppm-ს), შესაბამისად, 50-ჯერ უფრო მეტად აბინძურებს ჰაერს და აზიანებს გარემოს“.

საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ აქვს, რომლის 24,5%-ან წილს  საქართელოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი ფლობდა, 24,5%–ს – კომპანია „პერტო ტრანსი“, ხოლო 51%-ანი წილს – „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია“. მიმდინარე წლის ივლისში ვანო ჩხარტიშვილმა თავისი წილი 5 მილიონ დოლარად მიყიდა „პეტრო ტრანსს“, ხოლო ნოემბერში „პეტრო ტრანსმა“ თავისი 49%-ანი წილიდან  24,5%  – 5 მილიონ დოლარად გაყიდა, ხოლო მეორე 24,5%  –  245 ათას დოლარად. აღნიშნული წილები ოფშორში რეგისტრირებიულმა კომპანიებმა – Heritage General Traiding FZE და Intersun Holding FZCO– იყიდეს.

საცალო რეალიზაციის ბაზარზე  წლების განმავლობაში 5 კომპანია –„ ვისოლი“, „ლუკოილი“, „ეკო“, „რომპეტროლი“ და „სენტა“– იყო წარმოდგენილი. „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ საცალო რეალიზაციის ბაზარზე 2007 წლიდან  შევიდა.  აზერბაიჯანულ საწვავს ადგილობრივ ბაზარზე ყველა კომპანია „სოკარისგან“ ყიდულობს.

„საქართველოში საწვავის ბაზარი მონოპოლურია. საწვავის საცალო ბაზარს კომპანიები– „სოკარი“ და „გალფი“ აკონტროლებენ,“ – აცხადებს ბექა კემულარია.

„გალფი“ ქართულ ბაზარზე 2011 წლის გაზაფხულზე  შემოვიდა, რომელსაც საქართველოში 2010 წელს  დაფუძნებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წარმოადგენს. თავის მხრივ, ეს უკანაკსნელი საქართველოში სამი კომპანიის– „სენტას“, „მაგნატის“ და „ეკოს“– ქსელს ფლობს.

„სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და 100– პროცენტიანი წილის მფლობელი აშშ–ი რეგისტრირებული კომპანია Energy Investiments Venture–ია , თუმცა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა თავად განუცხადა „ნეტგაზეთს“, რომ  „გალფის“ ერთ–ერთი მფლობელია.

კეზერაშვილი ადრეც ფიგურირებდა საქართველოში საწვავის ბაზარზე. კომპანია „უნი გრუპი“, რომლის 50%–ანი წილის მფლობელია კეზერაშვილი, „ლუკოილის“ საწვავის დისტრიბუციას ეწეოდა.

„სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მთლიანობაში 126 ბენზინგასამართი სადგური აქვს, აქედან დაახლოებით 60 – „გალფის“ ბრენდის ქვეშ მუშაობს.

საწვავზე  ყველაზე დააბლი  ფასი სწორედ კომპანია „გალფს“ აქვს:

„როგორ შეიძლება, „სოკარისგან“ ნაყიდ საწვავს „გალფი“ ყიდდეს უფრო იაფად? ამას შეიძლება მოეძებნოს ერთადერთი ახსნა – „გალფის“ მხრიდან მიმდინარეობს საწვავის საცალო რეალიზაციის ბაზრის მონოპოლიზება, რასაც ხელისუფლება უწყობს ხელს,“ –ამბობს კემულარია.

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ საწვავის გაყიდვების განყოფილების მენეჯერი აკაკი ტატიშვილი „ნეტაგზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ საწვავის ფასის კალკულაციასა და საბიუთუმო შესყიდვებზე კომენტარს კომპანიის ტოპმენეჯმენტი აკეთებს. მისი თქმით, კომპანიის ადმინისტრაცია ბაქოში იმყოფება.

„რეგულარის მარკის ბენზინი აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს, თუმცა, რა ფასში მოგვაქვს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიისგან, ეს კომერციული საიდუმლოებაა. რაც შეეხება „პრემიუმის“, „სუპერის“ მარკის ბენზინს და დიზელს, იმპორტს ევროპიდან ვახორციელებთ, თუმცა, საიდან და რა ფასში, ვერც მაგას გეტყვით“.

კომპანია „გალფის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თევზაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში არ მალავს, რომ აზერბაიჯანულ საწვავს  ‘‘სოკარისგან“ ყიდულობენ.

„რეგულარის მარკის საწვავის  ფასი ჩვენთან 2.07 ლარია, „სოკარის“ ქსელში კი – 2.05 ლარი.“

ბექა კემულარიას თქმით, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზე აზერბაიჯანული რეგულარი 2.05 ლარი ღირდა, თუმცა ამ დღეებში  ფასი გადაათამაშეს და „გალფმა“ რეგულარი 2 თეთრით გააძვირა.

„ბაზარზე ფასი უნდა დაარეგულიროს ჯანსაღმა კონკურენციამ კომპანიებს შორის. დღეს კი მხოლოდ არის ვიწრო ჯგუფების ინტერესები და მარკეტინგული კონკურენცია“, – ამბობს კემულარია.

მისივე თქმით, ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების გამოკლებით, მსოფლიოში საწვავი ყველაზე ძვირი საქართველოშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი