ეკონომიკა

მე მიყვარს ვაუჩერი -II

15 დეკემბერი, 2011 • 1407
მე მიყვარს ვაუჩერი -II

მე მიყვარს ვაუჩერი
მე მიყვარს ვაუჩერი

2011 წელს მთვარობამ 56 429 465 მილიონი ლარი დახარჯა ვაუჩერების სამ პროექტზე. მეოთხე, 30– ლარიანი ვაუჩერი გლეხებისთვის, 2012 წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. გასული წლების ვაუჩერების გაცემის ისტორია არჩევნების წლებს ემთხვევა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია სამინისტროში დამკვიდრებულ სტილს არ არღვევს და გლეხების დასახმარებლად 30– ლარიანი ვაუჩერების დარიგებას იწყებს. ეს ტრადიცია სოფლის მეურნეობის სექტორში ექსმინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დანერგა. მისი პროექტები „20 ლიტრი დიზელი თითო ოჯახს“ და  „ერთი ტომარა სასუქი თითო ოჯახს“ სახელით არის ცნობილი. ბაკურ კვეზერელმა  ეს აქციები  2008 და 2010 წლებში  განახორციელა. მაშინ  სასუქი და დიზელი 939 925 კომლს გამოეყო და ბიუჯეტიდან ორივე შემთხვევაში 25 –25 მილიონი ლარი დაიხარჯა.  ქვეყანაში  2008 წელს საპრეზიდენტო, ხოლო 2010 წელს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა.

„30– ლარიანი ვაუჩერი სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობისათვის  არის აქცია, რომელსაც  ორი სახე აქვს. პირველი – სოციალური და მეორე –საარჩევნო.  ეს არის  წმინდა პიარული მომენტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია 2012 წლის არჩევნებთან“– ასეთ შეფასებას  აკეთებს  ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე.

ექსპერტის შეფასებით, 30 ლარი იმდენად მცირე  თანხაა, რომ  ფერმერი ამით ვერანაირ სასოფლო – სამეურნეო მანიპულაციას ვერ განხორციელებს: „ ეს აქცია, ვერ   გაზრდის  სოფლის მეურნეობაში წარმოების დონეს და პროდუქციის ხარისხს.  აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ის  24  მილიონი ლარი, რომელიც უნდა დაიხარჯოს 30–ლარიანი ვაუჩერის დარიგებისთვის,  საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვაა და მეტი არაფერი “ – ამბობს კალანდაძე.

მალ­ხაზ ძირ­კ­ვა­ძე წალ­კის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გუმ­ბა­თის სკო­ლის პე­და­გო­გია. მას სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა აქვს. “2011 წელს ერთ ჰექ­ტარ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 5 ტო­ნა კარ­ტო­ფი­ლი მი­ვი­ღე. ეს ძა­ლი­ან და­ბა­ლი მო­სა­ვა­ლია. დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში, წელს კარ­ტო­ფილ­ზე მოთხოვ­ნა დი­დი იყო. შე­მოდ­გო­მა­ზე ერ­თი კი­ლოგ­რა­მი 65 თეთ­რად ჩა­ვა­ბა­რე. გა­სულ წელს ერ­თი კი­ლოგ­რა­მის ფა­სი ანალოგიური იყო, რადგან მაშინაც  მოსავალი დაბალი იყო“.

მალ­ხაზ ძირ­კ­ვა­ძის მი­ერ ერთ ჰექ­ტარ­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯი და­ახ­ლო­ე­ბით 1300-1500 ლარს შე­ად­გენს. და­ნა­ხარ­ჯე­ბი შე­წამ­ვ­ლამ, სა­სუ­ქებ­მა, დახ­ვ­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა. ამ ხარ­ჯებ­ში კართოფილის თეს­ლის ყიდ­ვა არ შე­დის. მისი თქმით, 30–ლარიანი ვაუჩერი, ამ ტიპის აგროდანახარჯების კვალობაზე, საკმაოდ  უმნიშვნელო დახმარებაა. „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, თუ რაში დახარჯავს ფერმერი 30 ლარს, ძირკვაძე ამბობს, რომ ვაუჩერს გაანაღდებს და სურსათს იყიდის.

ანალოგიურ შეფასებას აკეთებს ლევან კალანდაძეც:  „გლეხები მიიღებენ ამ 30 ლარს, რომელსაც პირადი საჭიროებისათვის დახარჯავენ. ბაზარზე ერთი ტომარა სასუქის ფასი  50 ლარიდან იწყება, ხოლო 20 ლიტრი დიზელი 42  ლარი ღირს“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გლეხები 30– ლარიან ვაუჩერებს სასოფლო– სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად  მიიღებენ. ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800 ათასამდე ვაუჩერი გაიცემა. ვაუჩერის მოქმედების  ვადა  2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდეა.  ამ პროექტის ფარგლებში მთავრობა 24 მილიონ ლარს დახარჯავს. ფინანასთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 მილიონი 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშია ასახული.

გლეხები ვაუჩერს სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად, ან სასუქის შესაძენად გამოიყენებენ. სასუქის ვაუჩერით ყიდვა იმ სავაჭრო ობიექტებში იქნება შესაძლებელი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროშია დარეგისტრირებული. 2012 წლის 1 ივნისიდან  31 დეკემბრის ჩათვლით  გამოუყენებელი ვაუჩერის განაღდება „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში იქნება შესაძლებელი.

2011 წელს საქართველოს მთავრობამ ვაუჩერები ქვეყნის მოსახლეობისთვის სამჯერ გასცა. თებერვალში ენერგოვაუჩერი დარიგდა, ამ პროექტის განხორციელებისათვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა იმ ენერგოკომპანიებს გადაერიცხათ, რომლებიც ელექტროენერგიის დისტრიბუციას ახორციელებენ. თბილისში ენერგოვაუჩერითვის განკუთვნილი თანხა კომპანია „თელასმა“ მიიღო.

30–ლარიანი სასურსათო ვაუჩერი მოსახლეობამ 2011 წლის მარტიდან მიიღო. ამ პროექტითვის ბიუჯეტიდან  31 429 465 მილიონი ლარი გამოიყო. მთავრობამ „სასურსათო დახმარება“ მზარდ ინფლაციას და პროდუქტებზე ფასების ზრდას  დაუკავშირა. 2011 წლის მარტში ინფლაციის მაჩვენებელი 13,5 პროცენტს შედგენდა.

მესამედ სოცილური ვაუჩერი თბილისის მთავრობამ გაიღო. დედაქალაქის მოსახლეობას  5 ლარი სატრანსპორტო ბარათებზე დაერიცხათ. ეს აქცია დედაქალაქის ბიუჯეტს 5 მილიონი ლარი დაუჯდა. ჯამში, ვაუჩერების სამ პროექტზე 56 429 465 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ილიას უნივერსიტეტის ლექტორის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, „ვაუჩერების გაცემა,  ეს არის ერთჯერადი სოციალური აქცია, რომლიც საარჩევნო თემატიკასთანაა კავშირში. ამ აქციას აქვს უარყოფითი შედეგი – პირველ რიგში, ინფლაცია. ენერგეტიკის, სასურსათო , მგზავრობის  თუ სასოფლო სამეურნეო დახმარების ვაუჩერს მთავრობისთვის პოლიტიკური დივიდენდები მოაქვს, ხოლო მოსახლეობისთვის სიღარიბე არ მცირდება“.


ამავე თემაზე:

მე მიყვარს ვაუჩერი

30 ლარიანი ვაუჩერი გლეხებისათვის


მასალების გადაბეჭდვის წესი