ეკონომიკა

პრეზიდენტმა „ახალი თბილისის“ პროექტს ჩაუყარა საფუძველი

23 ნოემბერი, 2011 • 2215
პრეზიდენტმა  „ახალი თბილისის“ პროექტს ჩაუყარა საფუძველი

კომპანია “რაკიინ დეველოპმენტის” კუთვნილი, პირველი საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“ ოფიციალურად 23 ნოემბერს გაიხსნა.

„თბილისის მოლის“ გახსნას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდნენ. პრეზიდენტის შეფასებით, „თბილისი მოლს“ ევროპაში ანალოგი არ აქვს:

“ჩვენ ვქმნით ახალ თბილისს თბილისის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ აქ შემოვიყვანთ მეტროპოლიტენს და ამ მხარეს დაუკავშირდება ხიდით. ეს არის თბილისისთვის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც შექმნილა ოდესმე. დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გაიხსნა ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი საქართველოში. ვინ თქვა, რომ ჩვენ ზედმეტს ვტრაბახობთ. აი, რისი აშენება შეძლებია საქართველოს. დაიმახსოვროს ყველა ურწმუნო თომა სნობმა, გაიხსნა ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი ევროპაში და ეს გავაკეთეთ ჩვენ, ქართველებმა, რა თქმა უნდა, ინვესტორებთან ერთად. ამის შემდეგ, ვინც თბილისზე და საქართველოზე იტყვის, რომ გვეყო, რას ვტრაბახობთ, რას ვიწონებთ თავს, აიღოს დიდი, დიდი დოქი, შეუშვიროს ონკანს და დალიოს ცივი წყალი, მიუხედავად სიცივისა,” –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„რაკიინ დეველოპმენტის“ მენეჯმენტის  ინფორმაციით, „თბილის მოლის“ სავაჭრო ცენტრში განთავსებული მაღაზიების კეთილმოწყობა გაზაფხულზე  დასრულდება.  აპრილიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ იხილონ ექსკლუზიურად წარმოდგენილი მრავალი ცნობილი მსოფლიო ბრენდი:  Zara, Bershka, Stradivarius, Massimo Dutti, Pull and Bear, Oysho, Gap, Banana Republic, Topshop/Topman, NewLook, საერთაშორისო ჰიპერმარკეტების ქსელის ოპერატორი Carrefour –ი.

„თბილისი მოლში“, მრავალრიცხოვანი მაღაზიის გარდა, ასევე, მრავლად იქნება წარმოდგენილი  კაფე– რესტორნები, ბავშვთა და უფროსთა გასართობი ცენტრები და კინოთეატრი  5 კინოდარბაზით. ცენტრი აღჭურვილი იქნება ყველა თანამედროვე და საჭირო მომსახურებით – ბანკები, სწრაფი გადახდის ტერმინალები, სერვის–ცენტრები, ინტერნეტი, ასევე, ავტოსადგომი 3200  ადგილით.

“რაკ ჯორჯია ჰოლდინგში” შემავალი კომპანია “რაკიინ დეველოპმენტი” საქართველოში რამდენიმე მასშტაბური პროექტით 2006 წელს შემოვიდა.

დიღომში აფთაუნ თბილისის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და პროექტის პირველი ეტაპი – სავაჭრო ცენტრი – 2011 წლის 23 ნოემბერს გაიხსნა.  “თბილისი მოლის” გარდა, პროექტი ითვალისწინებს საოფისე და საცხოვრებელ შენობებს, რომელთა დასრულება 2012 წლის ბოლომდე იგეგმება. აღსანიშნავია, რომ “აფთაუნ თბილისის” პროექტში 2008 წლიდან “რაკიინის” თანაპარტნიორი გახდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი