ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური 1.8 მილიონი ევროს მიიღებს

22 ნოემბერი, 2011 • 1037
შემოსავლების სამსახური 1.8 მილიონი ევროს მიიღებს

ევროკავშირმა დაძმობილების პროექტის ფარგლებში შემოსავლების სამსახურს 1.8 მილიონი ევრო (4.1 მილიონი ლარი) გამოუყო. დაძმობილების  პროექტი ითვალისწინებს ევროპული მეზობლობისა და პარტნიორობის წევრი ქვეყნების ინსტიტუციონალურ განვითარებას და მხარდაჭერას.

პროექტის ძირითადი განმახორციელებელი ქვეყანაა დანია (დანიის ცენტრალურ საგადასახადო და ეკონომიკური საზღვრის დაცვის ადმინისტრაცია, დანიის ვეტერინარიისა და სურსათის ადმინისტრაცია), ხოლო ესტონეთი (ესტონეთის საგადასახადო და ეკონომიკური საზღვრის დაცვის  საბჭო, ესტონეთის ვეტერინარიის და სურსათის საბჭო) და იტალია (იტალიის ეკონომიკური საზღვრის დაცვის  სააგენტო)  უმცროსს პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენენ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, დაძმობილების პროექტის მიზანია საქართველოში ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთისა და ფიტოსანიტარულ-სასაზღვრო კონტროლის სისტემის გაძლიერება.

„მთავრობის ათპუნქტიანი გეგმის მიხედვით, საქართველოს რეგიონის სავაჭრო და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები საკმაოდ კარგი დინამიკით მიდის, მისი ერთ-ერთი საკვანძო თავი კი ღრმა და ყოვლისმომცვლელი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებაა, რომლის განხილვის დაწყებას, სავარაუდოდ, წელს მოვახერხებთ“, – აღნიშნა გვინდაძემ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ლილი ბეგიაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხში.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი დავიწყეთ, რაც გულისხმობს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთისა და სანიტარული კონტროლის გაძლიერებას. იმისათვის, რომ იყოს თავისუფალი ვაჭრობა, საჭიროა უფრო კარგად გაკონტროლდეს ტვირთები“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის ირაოშევიჩმა და დაამატა, რომ დანია, იტალია და ესტონეთი საქართველოს იმ დონის მიღწევაში დაეხმარება, რაც თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას გულისხმობს.

აღნიშნული დაძმობილების პროექტი  შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან– ეკონომიკური საზღვრის  კვეთის კონტროლი, სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლი.

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება იტალიელი, ესტონელი და დანიელი ექსპერტების მიერ. ღონისძიებები გაიმართება ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე (საზღვაო პორტის, აეროპორტის და სახმელეთო პორტალები).

სანიტარული და ფიტოსანიტარული კომპონენტის მიზანია საქართველოს საზღვარზე ვეტერინარული და მცენარეთა ჯანმრთელობის კონტროლის გაუმჯობესება. ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში დანიის და ესტონეთის წარმომადგენლების მიერ ქართველი ვეტერინარი და მცენარეთა დაცვის ოფიცრებისათვის განხორციელდება სასწავლო ვიზიტები, სემინარები და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრები. შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა პირველი სასწავლო ვიზიტი დანიაში  ნოემბრის დასაწყისში შედგა. შემდეგი ვიზიტი ესტონეთში ნოემბრის დასასრულს იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი