ეკონომიკა

თარგამაძე: სადაზღვევო კომპანიებზე ზეწოლაა

28 ოქტომბერი, 2011 • 1047
თარგამაძე: სადაზღვევო კომპანიებზე ზეწოლაა

 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტის სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა.

 

თარგამაძის თქმით, სადაზღვევო სექტორმა 2011 წლის ექვსი თვე ზარალით დაასრულა, ამის მიზეზი კომპანიების ხელმძღვანელებზე ძალოვანი უწყებების ზეწოლაა.

„სადაზღვევო კომპანიების პირველი პირები დაიბარეს ძალოვან უწყებებში და სავადმყოფოების აშენება მოსთხოვეს. სახელმწიფომ მოიხნა პასუხისმგებლობა  ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაზე. ამან განაპირობა ის, რომ სადაზღვევო კომპანიები დღეს  უარს ეუბნებიან მომხმარებელს გეგმური ოპერაციების ანაზღაურებაზე“,– აცხადებს თარგამაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი თარგამაძის განცხადებას ასე პასუხობს: „სადაზღვევო სექტორში გვაქვს ასეთი მდგომარეობა: სადაზღვევო სექტორი იდგა ერთ ადგილზე და არ ვითარდებოდა. მოხდა სამედიცინო პროგრამების გადატანა სადაზღვევო სექტორში, რამაც ბუმი გამოიწვია. სადაზღვევო სექტორი გახდა მიმზიდველი ინვესტორისთვის.  დიდი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რაც ცხადყოფს,  რომ გეზი არის სწორი“.

რაც შეეხება სავადმყოფოების მშენებლობას, ქადაგიძის განმარტებით, სადაზღვევო კომპანიების პირველ პირებზე ზეწოლა არ მომხდარა: „გამოცხადდა ტენდერი,  რომლის მოთხოვნაც იყო ჰოსპიტალური სექტორის მშენებლობა. საქართველო ემსგავსება ისრაელს, სადაც სადაზღვევო კომპანიები ხდებიან ჰოსპიტალური სექტორის მოთამაშეები“,– ამბობს ქადაგიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი