ეკონომიკა

პიარ–აქცია საშემოსავლო გადასახადის სახელით

27 ოქტომბერი, 2011 • 1480
პიარ–აქცია საშემოსავლო გადასახადის სახელით

პრეზიდენტის ინიციატივას იმ ბიზნესმენების საშემოსავალო გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე, რომლებიც 45–60 წლის ადამიანებს დაასაქმებენ, ექსპერტების ნაწილი პიარ–აქციად აფასებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს უფრო სოციალური პროექტია, რომელიც ბიზნესს ნაკლებად მისცემს რაიმე შეღავათს.

„მაქვს წინადადება, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუ ნებისმიერი ბიზნესი სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს აიყვანს, გარკვეულ ფარგლებში გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან. ბიზნესისთვის პირველი მასტიმულირებელი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება. იმისათვის, რომ კერძო სექტორში ასეთი ხალხის დასაქმების შესაძლებლობა გაიზარდოს, ჩვენ კიდევ მოვიფიქრებთ სტიმულების პაკეტს, თუ როგორ შეგიწყოთ საამისოდ ხელი. პარალელურად, თქვენთვის სტიმულის მომცემი იქნება ისიც, რომ ჩვენ ამ ხალხის გადამზადებაში მოგეხმარებით, რათა თითოეული მათგანი შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს“– ეს შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა გუშინ, 26 ოქტომბერს.

პრეზიდენტის ინიციატივას ბიზნესი დუმილით ხვდება. ექსპერტები კი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მორიგ პიარ–აქციად აფასებენ. ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში პრეზიდენტის განცხადებას არაადექვატურს უწოდებს: „ეს არის ძალიან არაადექვატური განცხადება, რადგან მეწარმეების გათავისუფლება იმ გადასახადისაგან, რომლის გადამხდელებიც არ არიან, ალოგიკურია“.

მისივე განმარტებით, საშემოსავლო გადასახადს დაქირავებული იხდის და არა მეწარმე:

„პრეზიდენტი თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივით რომ შევიდეს პარლამენტში და ამან ასახვა ჰპოვოს კოდექსში, სააკაშვილი მეწარმეებს საშემოსავლო გადასახადისაგან ვერ გაათავისუფლებს, რადგან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია. საგადასახადო კოდექსით მეწარმეს საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ დაკავების და ბიუჯეტის სასარგებლოდ მიმართვის ვალდებულება აქვს“.

ექსპერტის შეფასებით,  პრეზიდენტის ინიციატივა ბიზნესის განვითრებაზე, წარმადობის ზრდაზე და კაპიტალიზაციაზე არ აისახება: „ეს არის წმინდა წყლის პიარ –აქცია. საინტერესოა, ვინ მიაწოდა ასეთი იდეა პრეზიდენტს და ვინ შეიყვანა შეცდომაში?“

პრეზიდენტის გარემოცვა „მეწარმეებისათვის საშემოსავლო გადასახადის“ გაუქმების საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ერთადერთი, ვინც მედიასთან სააკაშვილის ინიციატივაზე ისაუბრა, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილია.

„45-60 წლამდე ადამიანების დასაქმების შემთხვევაში მეწარმისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესებაზე მსჯელობა უნდა შედგეს, როგორც იდეის ავტორთან, ასევე მეწარმეებთან და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული“, – განაცხადა მელიქიშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივას ეკონომიკის ექსპერტი, შოთა მურღულია ასე აფასებს:

„საშემოსავლო გადასახადი არის ფიზიკური პირის გადასახადი, ანუ ეს ცალკე თეემაა, მაგრამ დამქირავებელი და დაქირავებული საგადასახადო ტვირთს ინაწილებენ. ვფიქრობ, ეს შემოთავაზება იმისთვის გაკეთდა, რომ ამ ასაკის ადამიანებზე ბაზარზე მოთხოვნა დაბალია, შესაძლოა, მათი დასაქმება ბიზნესისთვის უფრო იაფი იყოს. ამიტომ ბიზნესს ფული ამ მიმართულებით გამოუთავისუფლდება.“

ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტის იდეის რეალობაში განხორციელება საკმაოდ რთულია.

„ამ პროცესს ძლიერი ადმინისტრირება სჭირდება, რადგან ნებისმიერი ასეთი შეღავათი იძლევა გარკვეული მანიპულირების საშუალებას. არ არის გამორიცხული, რომ მეწარმეებმა დაიწყონ იმაზე ფიქრი, რომ სამსახურში გააფორმონ 45–დან 60 წლამდე ადამიანები, მათზე გაწერონ თანხა და რეალურად სხვას გადაუხადონ.“

შოთა მურღულია პრეზიდენტის ინიციატივას სოციალურ ჭრილში განიხილავს. ექსპერტის შეფასებით, ეს არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება, თუმცა, ზოგადად, ინიციატივა, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, სახელმწიფომ მიხედოს, ეს ცუდი არ არის. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით ხელისუფლება გარკვეულწილად ლიბერტარიანული კურსის წინააღმდეგ მიდის. თუმცა მურღულია მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური კურსი არასოდეს არ იყო სწორხაზოვანი.

„ზოგ სფეროში რეგულაციები მაღალია, ზოგ სფეროში კი – დაბალი. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ კურსი ლიბერალურია. შესაძლოა, ინიციატივა ძალიან კარგი იყოს, მაგრამ სტრატეგია უნდა არსებობდეს. საჭიროა გათვლები, რა დაუჯდება ბიუჯეტს ეს რეფორმა. ბუნებრივია, საშემოსავლო გადასახადზე შეღავათების დაწესების შემდეგ ბიუჯეტში ნაკლები თანმხა შევა. თუმცა ბიზნესი ამ რეფორმის შედეგად დამატებით სამუშაო ადგილებს ვერ შექმნის, რადგან ეს სფერო იმდენ ადამიანს ასაქმებს, რამდენიც რეალურად სჭირდება. როგორც ცნობილია, ეკონომიკა ინვესტიციების შედეგად იზრდება“, – ამბობს მურღულია.

საშემოსავლო გადასახადი დაპირისპირების საგანი პირველად 2008 წელს გახდა, როცა საშემოსავლო და სოციალური გადასახადი გაერთანდა და დაქირავებულს საგადასახადო ტვირთი დაუმძიმდა. 2010 წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „რევოლუციური საგადასახადო კოდექსის“ მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი დასაბეგრი თანხის 20%-ს შეადგენს. 2009 წლიდან საშემოსავლო გადასახადი 25%-დან 20%-მდე შემცირდა, 2007 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კი სოციალური და საშემოსავლო გადასახადი ერთ სახეობად გაერთიანდა და 2008 წლიდან 25% შეადგინა.

მთავრობის ამ ინიციატივით კერძო სექტორში დაქირავებულებს საგადასახადო ტვირთი დაუმძიმდათ. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასი 25 პროცენტით გაეზარდათ. კერძო სექტორმა დაქირავებულის ტვირთის გადანაწილება ვერ შეძლო. ბიზნესმა ხელფასები ვერ გაზარდა და, შესაბამისად, დაქირავებულებს შემოსავალი 25 პროცენტით შეუმცირდათ. კერძო სექტორში საშემოსავლო გადასახადის ტვირთი დღემდე დაქირავებულზე მოდის.

მთავრობას საშემოსავლო გადასახადის ეტაპობრივი შემცირების 5-წლიანი გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც, 2013 წელს საშემოსავლო გადასახადი 18 პროცენტი, ხოლო 2014 წელს 15 პროცენტი უნდა გახდეს. საშემოსავლო გადასახადის სიდიდის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნების რეიტინგში 26–ე ადგილზე მოხვდა. ეკონომიკური ანალიზის ცენტრის „რია ანალიტიკას“ მიერ შედგენილ რეიტინგში სულ 37 ქვეყანა შევიდა, რომელთაგან საქართველომ და სომხეთმა 20-20%-იანი საშემოსავლო გადასახადით 26-27–ე ადგილები გაიყვეს. რაც შეეხება რეგიონის კიდევ ერთ ქვეყანას – აზერბაიჯანს, იქ საშემოსავლო გადასახადი 30%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი