ეკონომიკა

ეროვნულ ბანკს “ქართუსთვის” ფინანასური რესურსები ოფიციალურად ჯერ არ შეუთავაზებია

27 ოქტომბერი, 2011 • 1041
ეროვნულ ბანკს “ქართუსთვის” ფინანასური რესურსები ოფიციალურად ჯერ არ შეუთავაზებია

საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა, ბანკ “ქართუს” გამოძიების დასრულებამდე დაყადაღებული თანხის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყოს. ამის შესახებ კომენტარი  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ  დღეს პარლამენტში ვიზიტისას გააკეთა.

ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკის ფუნქციაა ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. „ეს მოიცავს თითოეული ბანკის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას. ბანკ “ქართუს” ნორმალურ ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ მზად ვართ, საჭიროებიდან გამომდინარე, განვახორციელოთ კომპლექსური დახმარების პროგრამა, ასევე, მზად ვართ, გამოვყოთ ფინანსური რესურსი ორი მილიონი დოლარისა და ერთი მილიონი ევროს ოდენობით იმ მიზნით, რომ დასრულდეს პოლიტიკური სპეკულირება ამ თანხასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ქადაგიძემ.

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს ფინანასური რესურსები ოფიციალურად ჯერ არ შემოუთავაზებია.  „ჩვენ  თანხის პრობლემა კი არ გვაქვს, თვითონ საკითხის პრობლემა გვაქვს.  ჩვენ ვართ კრიმინალები, თუ– არა? ეგ არის ბანკისთვის მთავარი და არა ის სამი მილიონი. ვიდრე  გამოძიება არ დამთავრდება, ჩვენს კუთვნილ თანხას არ დაგვიბრუნებენ. ბანკში შემოწმება ორი თვის შემდეგ დასრულდება. მანამდე კი ეროვნულ ბანკს შეუძლია ფინანსური რესურსი გვასესხოს. ბანკს ფინანსური რესურსის პრობლემა არ აქვს, მთავარი ბანკის სახელია “– ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი.

შსს-მ  ფულის გათეთრების ბრალდებით ორი კვირის ბანკ “ქართუს” საინკასაციაო მანქანა დააკავა და დიდი ოდენობით თანხა ამოიღო. საუბარია ორ მილიონ დოლარსა და ერთ მილიონ ევროზე. რის შემდეგაც  ბანკ “ქართუში” ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახური  შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი