ეკონომიკა

მეწარმეებზე ზეწოლა ძლიერდება

25 ოქტომბერი, 2011 • 1108
მეწარმეებზე ზეწოლა ძლიერდება

ბიზნესი საწარმოებში საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებას უარყოფითად ხვდება. კომპანიები პროტესტს საჯაროდ არ გამოთქვამენ, თუმცა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის  სს „დავით სარაჯიშვილის და ენისელის“ მენეჯმენტის წარმომადგენელმა თენგიზ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საგადასახადო სამსახური კომპანიაში შესვლის დამატებით მიზეზს ეძებს.

„საგადასახადო მონიტორინგის შედეგად კიდევ ერთი ზედმეტი შემმოწმებელი დაგვემატა. მეწარმეებზე პრესი ძლიერდება. საგადასახადო შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას უარყოფითად ვაფასებ“, – ამბობს ჯაფარიძე.

მეწარმის თქმით, საგადასახადო სამსახურს კანონის ფარგლებში კომპანიის შემოწმება ნებისმიერ დროს შეუძლია.

„საგადასახადო სამსახური მაშინ შემოდის, როცა სურს. საგადასახადო მონიტორინგის გარეშეც მას შეუძლია საწყობის ინვენტარიზაციის განხორციელება. მეწარმეთა კანონის მიხედვით, ვიდრე ცვლილებები განხორციელდებოდა, საგადასახადო რომ შემოდიოდა, წინასწარ გვაფრთხილებდა. საგადასახადო მონიტორინგი კი შესაძლოა მოულოდნელად განხორციელდეს“, – ამბობს ჯაფარიძე.

საგადასახადო შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ჯაბა ებანოიძის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების  შედეგად ფინანსური მონიტორინგი, პირველ რიგში, აქციზური საქონლის მწარმოებელ კომპანიებში განხორციელდება. მისი თქმით, ეს სეგმენტი იმიტომ შეირჩა, რომ ყველაზე ხშირად ფინანსური დარღვევები ამ პროფილის კომპანიებს აქვთ.

ფინანსური მონიტორინგი საწარმოებში ორ შემთხვევაში მოხდება: პირველი, კომპანიის  მოთხოვნის შედეგად, რათა მონიტორები ფინანსური დოკუმენტაციის სწორად შედგენაში დაეხმარონ,  ხოლო მეორე შემთხვევაში, საწარმოში  მონიტორების შესვლის მიზეზი ფინანსურ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი დარღვევები გახდება.

სს „დავით სარაჯიშვილის და ენისელის“ მენეჯმენტის წარმომადგენლის თენგიზ ჯაფარიძის თქმით, იმის საჭიროება, რომ  საგადასახადო სამსახური მის კომპანიას ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებაში დაეხმაროს, არ არსებობს.

„მეეჭვება, რომ საგადასახადო შემოსავლების სამსახურს ამ თხოვნით ვინმემ მიმართოს. ეს არ არის დახმარება, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რომ საწარმოში ზედმეტი მაკონტროლებელი შემოვიდეს“.

სს „ყაზბეგი“ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს. კომპანია ალკოჰოლური სასმელებიდან ლუდს, ხოლო გამაგრილებლებიდან ლიმონათს აწარმოებს. სს „ყაზბეგი“ საგადასახადო სამსახურთან  ყველაზე გახმაურებული დავებით არის ცნობილი. კომპანიის სარჩელი ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში არაერთხელ განიხილებოდა. ფინანსთა სამინისტრო კომპანიას 7 მილიონი ლარის დავალიანებას ედავებოდა. შემდეგ ვალი 3,5 მილიონ ლარამდე შეუმცირა. უფრო ზუსტად, საურავები ჩამოაჭრა და გადასახდელი ძირი 3,5 მილიონი ლარი ისევ დაუტოვა.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა სხიერელი ამბობს, რომ კომპანიების შემოწმებას რიგითობის მიხედვით მნიშვნელობა არ აქვს.

„პირველ რიგში შეგვამოწმებენ თუ მეორე რიგში, რა მნიშვნელობა აქვს?! ჩვენთან  საგადასახადოს ხშირად ჰქონია სადავო საკითხები, მაგრამ დაგვიმტკიცებია,  რომ კომპანია  მართალი იყო. კომპანია ჩვეულებრივ ახორციელებს ყოველთვე ანგარიშსწორებას ბიუჯეტთან. საჭირო დოკუმენტაციასაც გამართულად აწარმოებს. კერძო აუდიტორულ კომპანიებთან არ ვურთიერთობთ, ჩვენ გვყავს საკმაოდ კვალიფიციური ფინანსისტები, რომ ფინანსური დოკუმენტაცია გამართულად ვაწარმოოთ“.

სხიერელის განმარტებით, საგადასახადო სამსახურს ისედაც შეუძლია კომპანიის ნებისმერ დროს შემოწმება.

„თუ საგადასახადო სამსახურს გაუჩნდა ეჭვი და კომპანიაში შესვლა უნდა, მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რა საჭიროა კიდევ ერთი სახელწოდება – საგადასახადო მონიტორინგი?!“

საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, აქციზის გადასახადით ალკოჰოლური სასმელები, ნავთობპროდუქტები, თამბაქო, შავი და ფერადი ლითონების ჯართი, ავტომობილები ძრავის მიხედვით და კავშირგაბმულობის მომსახურება იბეგრება.

აქციზის გადასახადის მობილიზების კუთხით 2004 წლიდან საგადასახადო სამსახურს პრობლემა არ შექმნია. მანამდე ბიუჯეტი აქციზის გადასახადის მობილიზების კუთხით ყოველთვის ირღვეოდა. ამ სეგმენტიდან ყველაზე მეტი გადასახადი ბიუჯეტში 2010 წელს მოხვდა. აქციზიდან მიღებულმა შემოსავლებმა 560,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 26 პროცენტით მეტია.

ეკონომიკური ექსპერტის დავით ნარმანიას შეფასებით, საგადასახადო შემოსავლების სამსახურს აქციზური საქონლის მწარმოებლების პირველ რიგში შემოწმების ორი  საფუძველი აქვს: „აქციზური საქონლის მწარმოებლებისათვის საგადასახადო ტვირთი უფრო  მძიმეა, რადგან სხვა  გადასახადებთან ერთად დამატებით აქციზის გადასახადსაც  იხდიან, რადგან საგადასახადო ტვირთი მაღალია, ამიტომ დიდია ალბათობა იმისა, რომ მეწარმეები კანონმდებლობას დაარღვევენ და  გადასახადებს აარიდებენ თავს. თანაც არის მეორე ფაქტორიც, სტატისტიკურად, ბოლო  10–15 წელი რომ ავიღოთ,  ყველაზე ხშირად ხდება აქციზური მარკების გაყალბება. ამიტომ არა მხოლოდ ახალი, არამედ ძველი კოდექსითაც აქციზური პროდუქცია ხშირ და მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ეთიკურია საგადასახადო მონიტორინგის დაწესება. ხომ არიან კეთილსინდისიერი  გადამხდელები, რომელთაც არ უნდათ, რომ შიშის ქვეშ აწარმოონ ბიზნესი. მათი ბიზნესი ლეგალურია, ხოლო  სახელმწიფოს ახლი რეგულაციები მათთვის დამატებითი ტვირთი ხდება.“

ამავე თემაზე:

თამბაქო და ალკოჰოლი – საგადასახადო მონიტორინგის სამიზნე

მასალების გადაბეჭდვის წესი