ეკონომიკა

„მარგებელი“ ევრობანკისგან 7 მილიონ დოლარს მიიღებს

25 ოქტომბერი, 2011 • 1349
„მარგებელი“  ევრობანკისგან 7 მილიონ დოლარს მიიღებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) საქართველოს აგრობიზნესის სექტორის დახმარებას აგრძელებს. ევრობანკის წარმომადგენლობის ინფორმაციით,  ბანკი ადგილობრივი აგრო-ჰოლდინგის – სს „მარგებელის,“ გაფართოების დასაფინანსებლად 7 მილიონ აშშ დოლარს გამოჰყოფს.

„მარგებელი“ ფლობს ხუთ საოპერაციო კომპანიას. მათ შორისაა: „წყალი მარგებელი“- ერთ-ერთი წამყვანი მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია, „ენგადი“ სასურსათო  პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ – სურსათის გადამამუშავებელი საწარმო და „მარნეული აგრო” – სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია.

სს „მარგებელის“ მენეჯმენტის ინფორმაციით, გამოყოფილი სესხი მოხმარდება ჰოლდინგის განვითარებას, კერძოდ, „მარნეულის სურსათის ქარხნის” გადამამუშავებელი საწარმოს მოდერნიზაციასა და გაფართოებას, სასოფლო– სამეურნეო ტექნიკის შესყიდვას „მარნეული აგრო“-ს მოსავლიანობის გაუმჯობესების და თანამედროვე ფერმერული ტექნოლოგიების დამკვიდრების მიზნით; ასევე, თანხები მოხმარდება „ენგადის” სადისტრიბუციო ქსელისა და სასაწყობო მეურნეობის და „წყალი მარგებელის” საექსპორტო შესაძლებლობის განვითარებას.

კრედიტის გარდა, ევრობანკი უზრუნველყოფს ორწლიან საკონსულტაციო პროგრამას ჰოლდინგის მოსავლის მოყვანისა და მოსავლიანობის გაუმჯობესების ტექნოლოგიების დასახვეწად.

ეს უკვე მეორე სესხია, რომელიც ევრობანკმა კომპანია „მარგებელს“ დაუმტკიცა. პირველი კრედიტი ამ მსესხებელზე 2009 წელს გაიცა.

“ევრობანკი მოხარულია, კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს „მარგებელის” განვითარებას და ხელი შეუწყოს ქვეყნის აგრარული სექტორის უდიდესი პოტენციალის განვითარებას. ეს ინვესტიცია შესაძლებელს გახდის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წარმოების ტექნოლოგიები გაუმჯობესების, და, შესაბამისად, წარმადობის გაზრდას”,– განაცხადა პოლ–ანრიფორესტიემ, ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის რეგიონალურმა დირექტორმა.

სოფლის მეურნეობა ერთ–ერთი ძირითადი პრიორიტეტული სექტორია საქართველოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევრობანკის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში. საქართველოშისაქმიანობის დაწყების დღიდან ევრობანკს ჯამში ინვესტირებული აქვს  დაახლოებით 1.6 მილიარდი ევრო 140 პროექტში. აქედან 91 მილიონი ევრო ქვეყნის აგრარული სექტორისგანვითარებას მოხმარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი