ეკონომიკა

ევროზონის ფინანსური კრიზისი

24 ოქტომბერი, 2011 •
ევროზონის ფინანსური კრიზისი

ევროზონის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნების პირველი პირები 26 ოქტომბერს მიიღებენ.

„ჩვენი სურვილია, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ევროზონაში კრიზისს შეამსუბუქებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ბრუსელში კვირას, 23 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არაოფიციალური მოლაპარაკებები მუდვმოქმედი ევროპული ფონდის შესაქმნელად, რომელიც საქმიანობას 2012 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გერმანიასა და საფრანგეთს შორის ევროზონის კრიზისთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება მოაგვაროს. გერმანია ფონდის შექმნას ეწინააღმდეგება, ხოლო საფრანგეთი აცხადებს, რომ ფონდის შექმნა კრიზისის დასაძლევად გარდაუვალია.

აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არაერთხელ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ არსებული პრობლემები, რადგან აშშ–ს ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული  ამ ქვეყნების ეკონომიკასთან და ევროზონაში განვითარებული კრიზისი მასაც ემუქრება.

პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ევროზონის ქვეყნების ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად მიიღეს, ბანკების კაპიტალიზაციის ზრდაა, რომელიც ქვეყნებს საბაზრო რყევებისაგან დაიცავს. ბანკები ელოდებიან ზარალს, ბერძნული ევრობონდების გაუფასურების გამო. ამის მიუხედავად, საბერძნეთის ეკონომიკის მხარდასაჭერად კიდევ ერთი ფინანსური ტრანშის გამოსაყოფად ემზადებიან. თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თანახმა იქნება, ნოემბერში საბერძნეთი 8 მილიარდ ევროს მიიღებს.

ევროზონის ქვეყნების კრიზისიდან გამოსვლის საკითხებში ძირითადი განხეთქილება საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის წარმოიშვა. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნი აცხადებს, რომ ევროზონის კრიზისი რეალურ საფრთხეს უქმნის ევროპის ეკონომიკას. ამიტომ აქ გადამჭრელი ზომების მიღებაა საჭირო და არა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც ეფექტური მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში იქნება.

გერმანიის მთავრობა მოუწოდებს კერძო სექტორს, რომ აქტიურად ჩაერთოს ევროზონის ქვეყნებში კრიზისის დაძლევაში. გერმანიის მთავრობა შეპირდა გადასახადების გადამხდელებს, რომ მათი წილი ევროზონის ქვეყნების  დახმარების ფონდში 211 მილიარდ ევროზე მეტი არ იქნება.

საფრანგეთი ევროზონის კრიზისის დაძლევაში კერძო სექტორის ჩართვის მომხრე არ არის, რადგან საფრანგეთში მიიჩნევენ, რომ ეს გამოიწვევს საბანკო სექტორში დესტაბილიზაციას, რასაც, თავის მხრივ, ბაზრებზე „აფეთქება“მოჰყვება. ბანკები უკვე მზად არიან იმისთვის, რომ  დანაკარგების  21 პროცენტი საკუთარ თავზე აიღონ. თუმცა ვრცელდება ინფორამცია, რომ ბანკებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა საბერძნეთის კრიზისის  შედეგად მიღებული დანაკარგების 50 პროცენტი ჩამოწერონ.

1999 წელს  თერთმეტ  ევროპულ ქვეყანაში ახალი ფულადი ერთეული – ევრო შემოიღეს. ამჟამად ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 17 ევროზონაში იმყოფება.

ევრო დიდი ხანია ინარჩუნებს მდგრადობას დოლართან და სხვა ვალუტასთან მიმართებაში, მაგრამ ეკონომიკურმა ზრდამ ევროზონის ქვეყნებში აპრილიდან ივნისამდე მხოლოდ 0,2 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ნახევარი გერმანიაზე მოდის, რომლსაც დღესდღეობით ევროპაში ერთ-ერთ უძლიერესი ეკონომიკა აქვს.

ირლანდია, პორტუგალია და საბერძნეთი გადარჩენას ითხოვენ. საბრძნეთმა კი უკვე ორჯერ მიიღო საგანგებო კრედიტი. ევროპის სამხრეთ ქვეყნებში დავალიანება და სხვა ეკონომიკური პრობლემები შეშფოთებას იწვევს. გასულ კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა იტალიისა და ესპანეთის 30 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალის უსაფრთხოება შეისყიდა.

თუმცა იტალიასა და ესპანეთს რეცესიიდან გამოსვლისთვის კიდევ დიდი დრო დასჭირდებათ. სამთავრობო ვალის შეძენით მათი კრედიტუნარიანობა გაიზარდა, მაგრამ სავარაუდოდ ევროპის ცენტრალურ ბანკს კვლავ მოუწევს დახმარების გაწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი