ეკონომიკა

საბანკო ანგარიშებზე პროკურატურის კონტროლის მიზნები

14 ოქტომბერი, 2011 • 1030
საბანკო ანგარიშებზე პროკურატურის კონტროლის მიზნები

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნით, პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლება ენიჭება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ცვლილებების კანონპროექტის პირველი მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 13 ოქტომბერს შედგა.

კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის წევრი კახა ანჯაფარიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში განმარტავს, რომ კანონპროექტის მომზადება  მანველის (ორგანიზაცია, რომელიც გასცემს რეკომენდაციებს ფულის გათეთრების შესახებ) რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა.

„პროექტის თანახმად, პროკურატურამ რომ ანგარიშების მონიტორინგის უფლება მოიპოვოს, გამოძიება უნდა იყოს დაწყებული.  თუკი გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრებაზე და ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი რომელიმე ანგარიშის შესახებ, ამ შემთხვევაში პროკურატურა მიმართავს სასამართლოს. სასამართლო შეაფასებს  ფაქტს და ამის შემდეგ  პროკურატურას ან მისცემს ანგარიშების მონიტორინგის უფლებას, ან – არა. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ანგარიშების მონიტორინგი ვერ განხორციელდება. ის კონტრარგუმენტი, რომ ვიღაცამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია და დაიწყო ანგარიშის მონიტორინგი აპრიორშივე არასწორია. საფუძვლიანი ეჭვის გადაზღვევის მექანიზმი არის სასამართლო“,  – ამბობს ანჯაფარიძე.

“ქრისტიან-დემოკრატი” ლევან ვეფხვაძე ეჭვობს, რომ ქვეყანაში ტოტალური საბანკო და საგადასახადო კონტროლი მყარდება და საკანონმდებლო  ცვლილებებიც სწორედ ამას ემსახურება:

”იწყება, როგორც ჩანს, ტოტალური კონტროლი. ჯერ იყო მთლიანად იურიდიულ პირებში მსტოვრების შეშვება, ახლა საბანკო ანგარიშების სრულ კონტროლზეა ლაპარაკი. რა ხდება,  ნიშნავს თუ არა ეს აბსოლუტურ და სრულ ტოტალურ კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან კომერციული საქმიანობის – მათ შორის, სხვათა შორის, ამ კომერციულ საქმიანობასთან მიბმული პოლიტიკური საქმიანობის?”

კახა ანჯაფარიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში განმარტავს, რომ კანონპროექტის მიზანია, შემცირდეს კრიმინალი: „ყველა პროგრესული სახელმწიფო აქეთკენ დგამს ნაბიჯებს, რომ ებრძოლოს ფულის გათეთრებას. ეს არ არის ლოკალური დანაშაული და ეს არ არის კანონი, რომელიც ამ შემთხვევაში მიიღო ერთმა ქვეყანამ, საქართველომ. ეს არის მთელი რიგი რეგულაციები და ურთიერთშეთანხმებები სხვადასხვა ქვეყნებთან.“

საბანკო სექტორი პარლამენტის ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიციას არ აფიქსირებს. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია „ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ „სამართალდამცავ ორგანოებს მანამდეც ჰქონდათ უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით ნებისმიერი ანგარიში გაეხსნათ. ახლა მოხდა უბრალოდ დაკონკრეტება, დადასტურებული ეჭვი თუ ექნება პროკურატურას, მას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ განახორციელოს მონიტორინგი და ფინანსური ოპერაციები შეაჩეროს, მაგრამ რამდენად კეთილსინდისიერი იქნება მოსამართლე, პროკურორი, ეს არის ცალკე თემა. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ახლა შევა ძალაში  ბანკისა და კლიენტის ურთიერთობაზე არ აისახება“.

შავი ფულის გათეთრების ოპერაციებს,  არსებული კანონმდებლობით, „ფინანსური მონიტორნგის სამსახური“ აკონტროლებს. ზურაბ გვასალია განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები  უწყებების საქმიანობის დუბლირებას არ გამოწვევს.

„ფინანსური მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს  ნაღდ და უნაღდო ანგარიშსწორებებს. კანონმდებლობით დადგენილი ქვედა ზღვარი 15 ათასი დოლარია. მონიტორინგის სამსახურის მიერ კონტროლდება ამ  ზღვარს  ზემოთ განხორციელებული ყველა ფინანასური ოპერაცია, გარდა დეპოზიტებისა.“

ზურაბ გვასალიას შეფასებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური საკმაოდ კარგად მუშაობს და საქართველოში შავი ფულის გათეთრების მაჩვენებელი დაბალია.

ამავე თემაზე:

საბანკო ანგარიშებს პროკურატურა დააკვირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი