ეკონომიკა

ქართული კულინარიისა და ღვინის დღეები იწყება

14 ოქტომბერი, 2011 • 1189
ქართული კულინარიისა და ღვინის დღეები იწყება

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  15-16 ოქტომბერს საქართველოში ქართული ღვინისა და კულინარიის დღე გაიმართება. სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებისათვის   საქართველოში ჩამოდის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კულინარული დუეტი,  მიშელინის ორი ვარსკვლავის მფლობელი ცნობილი მზარეული კლოდ ბოსი და ასევე ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი.

პროექტის ფარგლებში 15 ოქტომბერს, 13:00 – 17:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn- ში საქართველოს საუკეთესო, ახალგაზრდა, ნიჭიერი მზარეულებისათვის კლოდ ბოსი და იზაბელ ლეჟერონი ჩაატარებენ მასტერკლასს და კონკურსს. კონკურსანტის შეფასებას მოახდენს სპეციალურად შერჩეული ჟიური, რომლის თავმჯდომარეც კლოდ ბოსი იქნება. კონკურსში გამარჯვებულს საშუალება მიეცემა, წლის ბოლომდე მისთვის სასურველ დროს გაემგზავროს ლონდონში  2– კვირიან სტაჟირებაზე.

16 ოქტომბერს  ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00-18:00   საათზე ქართული ღვინისა და ღვინოსთან ასოცირებული ქართული პროდუქტის გამოფენა გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ: ქართული ღვინის მწარმოებლები; ღვინოსთან ასოცირებული საკვები პროდუქტების მწარმოებლები (ქართული ყველი, თაფლი, პური, ჩურჩხელა, ჩირი; ღვინოსთან ასოცირებული სუვენირების მწარმოებლები;  ქართული რესტორნის ქსელები. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

„ქართული ღვინისა და კულინარიის დღე“ 16 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში საქველმოქმედო გალა ვახშმით დასრულდება.  საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება გამარჯვებული კონკურსანტის სტაჟირებას ლონდონში – რესტორან „ჰიბისკუსში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი