ეკონომიკა

საარჩევნო ბიუჯეტი

13 ოქტომბერი, 2011 • 1110
საარჩევნო ბიუჯეტი

2012  საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია. არჩევნების გამართვის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ პოლიტიკურად აქტიური წლისთვის დამახასიათებელი ფინანსური ტენდენციები 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე გამოიკვეთა.

“კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია ”ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ   ბიუჯეტის ფორმატი არსებითად შეიცვალა და  გადავიდა პროგრამული ბიუჯეტირების პრინციპზე:

”გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები საბიუჯეტო ფორმატთან დაკავშირებით, მაგრამ,  რადგან 2012 წელი საარჩევნო წელია, ბიუჯეტში წინა წელთან შედარებით, გარკვეული საარჩევნო ტიპის ცვლილებები სახეზეა.”

2012 წლის პროექტის თანახმად,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი 37 მილიონ 900 ათასი ლარია. თუ 2011 წლის მონაცემს შევადარებთ (13 183 900 ლარი), კომისია 2012 წელს თითქმის სამჯერ მეტ დაფინანსებას მიიღებს. 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, მაშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა 40 539 100 ლარით დაფინანსდა.

2012 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიის ქვეყნის მთავარი ქისიდან თანხები ასე ნაწილდება – 5 479 600 ლარი საარჩევნო პოლიტიკის მართვაზე დაიხარჯება, 24 მლნ 880 ათასი ლარი საარჩევნო ღონისძიებების ჩატარებისთვისაა გამიზნული, 436 ათასი ლარი – ბიუჯეტიდან საარჩევნო სისტემების განვითარებასა და სისტემისათვის მოხელეთა მომზადება- გადამზადებაზე დაიხარჯება, 7 104 000 ლარი – პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, არის თუ არა საკმარისი არჩევნების ჩასატარებლად 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული  დაფინანასება,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ასე პასუხობს: „2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ცესკოს დაზუსტებული ასიგნება შეადგენდა 40.3 მლნ. ლარს, მათ შორის არჩევნების ბიუჯეტი შეადგენდა 24,5 მლნ. ლარს. 2012 წლის არჩვნებისთვის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 37 900 ათასი ლარი. აქედან 24,9 მლნ ლარი საარჩევნო ღონისძებებზე დაიხარჯება. დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროება კი დამოკიდებულია საკანონმდებლო ცვლილებებზე.“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ხელმძღვანელის ქეთი დანგაძის განმარტებით,  დაფინანსება იმიტომ დაიყო, რომ თანხა სხვადასხვა ღონისძიებებზე უნდა დაიხარჯოს.

„სარჩევნო პოლიტიკის მართვა გულისხმობს საარჩევნო გარემოს განვითარებას, როგორც ერთიან პროგრამას, რაც მოიცავს ცესკოს საქმიანობას სტრატეგიის მიხედვით საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდებში.  საარჩევნო სისტემის განვითარება და სისტემისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება გულისხმობს სსიპ სწავლების ცენტრის მიერ განსახორცილებელ საქმიანობას, როგორც საარჩევნო გარემოს განვითარების ხელშემწყობ პროგრამას“, – ამბობს დანგაძე.

დავით ნარმანია 2012 წლის ბიუჯეტში განხორციელებულ ხარჯებს ორ ნაწილად ყოფს: ’’ საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტის გაზრდა ობიექტურია, რადგან  საარჩევნო წელს ადმინისტრაციას უფრო მეტი ხარჯი სჭირდება, მაგრამ გარკვეული სფეროების დაფინანსება პირდაპირ უკავშირდება არჩევნებს. ასეთი ტიპის ხარჯად შეიძლება მივიჩნიოთ რეგიონული დაფინანსების ფონდის ხარჯების გაზრდა, ან სხვა ასეთი ცალკეული ღონისძიებები, რომლებიც ამომრჩეველთა პირველი რიგის საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებისაკენ არის მიმართული. ეს კეთდება იმისთვის, რომ  რეგიონებში ამომრჩევლების კმაყოფილების დონე გაიზარდოს. კანონმდებლობა არ უკრძალავს ვინმეს, რომ ბიუჯეტში ამდაგვარი ხარჯები გაითვალისწინოს, მაგრამ ფაქტია, როცა მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობაშია, ეს მიმართული იქნება იქით, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღოს უფრო მეტი ხმები, ვიდრე იმ ძალებმა, ვისაც ასეთი რესურსი არ გააჩნიათ.’’

2012 წლის ბიუჯეტში გაზრდილია ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისათვის გასაცემი ტრანსფერების რაოდენობაც. ტრანსფერების სახით ამ სეგმენტისთვის 888 მილიონ 900 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხიდან ლომის წილს თვითმმართველი ქალაქი თბილისი მიიღებს. 490 მილიონი ლარის ტრანსფერი დედაქალაქისთვისაა განკუთვნილი, რაც 2011 წლის მაჩვენებელს 50 მილიონი ლარით აღემატება.  2012 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ბათუმი ტრანსფერის სახით 120 მილიონ ლარს მიიღებს, ქუთაისი – 24 236 900 ლარს,  ზუგდიდი – 16 მლნ 661 ათას ლარს, რუსთავი – 15 მლნ.184 900 ლარს,  გორი – 10 მლნ 984 800 ლარს. თვითმმართველ ქალაქებს შორის ყველაზე მწირი დაფინანსება ფოთს აქვს, რაც 1 635 600 ლარს შეადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი ლევან ვეფხვაძე, ბიუჯეტის ხარჯების ზრდაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს:”ჩვენ უხერხულ  მდგომარეობაში ჩავვარდებით, რომ ვთქვათ, რატომ იზრდება საბიუჯეტო ხარჯები. იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი 12 პროცენტით, ეკონომიკა – 5,5 პროცენტით. რეგიონების სუბსიდირება ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა ხდებოდეს, მაგრამ უნდა  არსებობდეს შემაკავებელი ფაქტორები, რომ ამ თანხების გამოყენება არ მოხდეს საარჩევნოდ. ასეთი  შემაკავებელი ფაქტორია საარჩევნო კოდექსი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი