გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალს ამერიკული კომპანია Headwall Power International 12 თვის განმავლობაში შეისწავლის. ამ საკითხზე ურთიერთგაგების მემორანდუმს დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „Headwall Power International“-ის პრეზიდენტმა Bradford J. Meikle-მ მოაწერეს ხელი.
„საქართველოს მოსახლეობას წლები ჰქონდა ენერგოპრობლემები, დამოუკიდებელი საქართველო არასდროს ყოფილა ენერგოდამოუკიდებელი და დროა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკაში მოხდეს რევოლუციური გარდატეხა. მზე, ქარი, წყალი – ეს არის ის რესურსები, რაც შეგვიძლია სრულად ავითვისოთ და მაღალგანვითარებული, უსაფრთხო და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი ენერგომომავალი დავახვედროთ ჩვენს შთამომავლობას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის თანახმად, კომპანია „Headwall Power International“ პარტნიორ „მზის ენერგიის კომპანიასთან“ ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალს 12 თვის განმავლობაში შეისწავლის. კონკრტულად, შეისწავლის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებს, შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.
სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტორი 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატრებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.