ეკონომიკა

”არჩევნები შავი ფონდებიდან და ბიუჯეტიდან ფინანსდება”

13 ოქტომბერი, 2011 • 1115
”არჩევნები შავი ფონდებიდან და ბიუჯეტიდან  ფინანსდება”

საპარლამენტო  უმცირესობის წევრი გიორგი თარგამაძე ”ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ არსებობს სპეციალური ე.წ შავი ფონდები, რომელიც ”ობშიაკიდან” ივსება, ხოლო ფული არჩევნებზე იხარჯება.

”საარჩევნოდ  თანხების მობილიზება  სხვადასხვა გზით ხდება. ძირითადად, ”დონორები” არიან ის ბიზნესები, რომელთათვისაც სასარგებლო მონოპოლისტური გარემო და სისტემა ქვეყანაში უკვე ფესვგადგმულია. ეს არის, ძირითადად, ნავთობის და ვაჭრობის სექტორი. არჩევნებს აფინანსებენ ის  იმპორტიორები, რომელთა მანიპულირებაც ადვილია. ბიზნესის პარალელურად არის ბიუჯეტი, რომელიც დეტალურ ანალიზს საჭიროებს.”

თარგამაძე  განმარტავს, რომ ტრადიციულად ყოველი არჩევნების დროს ბიუჯეტი გამოირჩევა  თავისი გულუხვობით, სახელმწიფო სახსრების ხარჯვით.

”ბოლო თვითმმართველობის არჩევნების დროს უზარმაზარი თანხები დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. რომელიც შემდეგ ძმრად ამოადინეს თბილისის მოსახლეობას.  30-50–ით, ზოგჯერ კი 100 პროცენტით გაეზარდათ გადასახადები მთელ რიგ კომუნალურ გადასახადებზე. ეს ტენდენციები 2012 წლის ბიუჯეტშიც არის, სადაც არაადეკვატურად არის მოცემული ზრდა ადგილობრივი ფონდების და ტრანსფერების მიმართულებით. ასევე, ვხედავთ ე.წ სახელმწიფო დანიშნულების ხარჯების მაჩვენებელს, რომელიც  143 მილიონი ლარით  იზრდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი