ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი დონორ ორგანიზაციებს შეხვდა

4 ოქტომბერი, 2011 • 1050
ფინანსთა მინისტრი  დონორ  ორგანიზაციებს  შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე  გერმანულ სახლში საქართველოში მოქმედ დონორ ორგანიზაციებს – როგორც ორმხრივ დონორებს, ასევე საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს– შეხვდა.

შეხვედრაზე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკურ დინამიკაზე საქართველოში, საბიუჯეტო პოლიტიკის მიმდინარეობაზე, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპებზე და სტრუქტურულ რეფორმებზე.

ასევე განიხილეს 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოსთვის დაპირებული დონორთა მხარდაჭერის გამოყენებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი.

დონორთა საერთაშორისო კონფერენციიდან გასულია 3 წელი. ამ პერიოდის განმავლობაში დონორების მიერ დაპირებული 4.5 მილიარდი დოლარიდან სხვადასხვა პროექტზე და პროგრამაზე უკვე დაიხარჯა ამ თანხის ნახევარი, ხოლო დანარჩენი თანხა ამ დროისთვის დიდწილად დაკონტრაქტებულია. აღნიშნული რესურსი საქართველოს გამოეყოფა გრანტად, ან გრძელვადიანი შეღავათიანი სასესხო მხარდაჭრის სახით, რაც თავისთავად განაპირობებს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას.

„დაკონტრაქტებული ფინანსური რესურსებით შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში გაგრძელდება მსხვილი პროექტების განხორციელება. შესაბამისად, მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკის ფისკალურ სტიმულირებას. რაც შეეხება სექტორებს: ეს იქნება გზები (აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, შიდა გზები), ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი