ეკონომიკა

კანონპროექტი, რომელიც მომხმარებლის უფლებებს უარყოფს

4 ოქტომბერი, 2011 • 1315
კანონპროექტი, რომელიც მომხმარებლის უფლებებს უარყოფს

საქართველოს პარლამენტში პრემიერ მინისტრის ინიციატივით ახალი კანონპროექტი შევიდა, რომელმაც სურსათის უსაფრთხოება და თავისუფალი მიმოქცევა უნდა დაარეგულიროს.

კანონპროექტი სახელწოდებით ”საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” პარლამენტში განსახილველად 2011 წლის 6 სექტემბერს შევიდა. აღნიშნული კანონპროექტის 102 მუხლის მიხედვით, განსახილველად შეტანილი კანონპროექტის ამოქმედებისთანავე ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი ძალადაკარგულად ჩაითვლება.

ახალი კანონმდებლობით, პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კომისია შეიქმნება, რომელიც ბაზარზე განთავსებულ პროდუქტის უსაფრთხოებას გააკონტროლებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” სურსათის უვნებლობის პროექტის დირექტორი, იურისტი ლიკა თოდუა ამბობს, რომ  ახალ კანონპროექტში გათვალისწინებულია პროდუქტის უსაფრთხოება, მაგრამ უგულვებელყოფილია პროდუქტის ხარისხი, რომელსაც მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი არეგულირებდა.

 

”მომხმარებელთა კანონი ითვალისწინებს პროდუქტის გადაცვლის უფლებას 2 კვირის მანძილზე, საგარანტიო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაშიც კი. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძალაში შევა, მომხმარებელს ნაკლოვანი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, პროდუქტის შეკეთების, დაბრუნების, უნაკლოზე გადაცვლის უფლება აღარ ექნება”, – განმარტავს იურისტი.

პოტენციური მომხმარებელი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ  ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” არსებული კანონის გაუქმება მყიდველსაც დააზიანებს და კომპანიასაც. მარიამი ამბობს, რომ, როცა კონკრეტულ ნივთის შეძენისას კომპანია საგარანტიო შეთანხმებას უფორმებს, ყიდვის გადაწყვეტილებას თამამად იღებს.

”ვიცი, რომ, თუ გარანტიის ვადებში ნივთი გაფუჭდება, მისი გადაცვლის უფლება მაქვს, ამიტომ ვეცდები პროდუქცია ისეთ დაწესებულებებში შევიძინო, სადაც საგარანტიო ხელშეკრულებას გამიფორმებენ, ის კომპანიები, კი, რომლებიც, ამ სერვისით ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლებს, კლიენტებს მნიშვნელოვნად დაკარგავს და მეც არჩევანის გაკეთების ვიწრო არეალი მექნება”-ამბობს მარიამი.

”საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, ბაზარზე პროდუქტის განთავსება თავისუფალია, თუმცა პროდუქტის უსაფრთხოებასა და მიყენებული ზიანის შესახებ თავად მწარმოებელი ან განმთავსებელი აგებს პასუხს.

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებლი დაზარალებულად  ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გარდაიცვალა ან ფიზიკურად დაზიანდა, ან ქონება გაუნადგურდა  300 ლარის ოდენობით ან ზემოთ.

იურისტი ლიკა თოდუა, ამბობს რომ, ”ზიანის” ამგვარი განმარტება გაუგებარია:

”ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანება და 300 ლარს ქვემოთ ქონებრივი ზიანი არ ითვლება ზიანად. მე არ ვიცი ზიანის ასეთი განმარტება საიდან აიღეს”- აღნიშნავს იურისტი.

მომხმარებელი მარიამ ნიკურაძე თვლის, რომ 300– ლარიანი ზღვარი უსამართლობაა.

”იქნებ პენსიონერი ვარ და ჩემი პენსიით, რომელიც 100 ლარის ოდენობისაა, წნევის საზომი აპარატი ვიყიდე და გამიფუჭდა, გამოდის, აპარატს არ გადამიცლიან და არც დანაკარგს ამინაზღაურებენ, რადგან ჩემი ზარალი 300 ლარს არ აღწევს-ეს უსამართლობაა”

საქართველოს მთავრობის განკარგულების ოქმის მიხედვით, ”საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

აგრარულ საკითთხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა ივერი ახალბედაშვილმა ნეტგაზეთან საუბარისას აღნიშნა, რომ ”მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის” გაუქმებასთან დაკავშირებით  კანონპროექტის  განხილვაზე იმსჯელებებენ.

”კანონპროექტი კომიტეტებში დარიგებულია, მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. წარმდგენებთან და ავტორებთან კითხვები და შენიშვნები აუცილებლად გვექნება   ”მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის” გაუქმებასთან დაკავშირებით” – ამბობს ბატონი იური.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა 15 არასამთავრობო ორგანიზაცია შეკრიბა, რომელთა შორისაა ”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიც”. არასამთავრობოებს  ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

”ჯერჯერობით ახალი კანონპროექტის შეფასებისგან თავს შევიკავებ. ვაპირებთ, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენას დავესწროთ და პარლამენტსაც მივაწოდოთ ჩვენი მოსაზრებები”-  განაცხადა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ევროპასთან ინტეგრაციის პროექტის მენეჯერმა ვახტანგ კობალაძემ ნეტგაზეთთან ინტერვის დროს.

იურისტი ლიკა თოდუა ამბობს,  იმ შემთხვევაში,  თუ პარლამენტი ახალ კანონპროექტს ”მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის” გაუთვალისწინებლად დაამტკიცებს,  არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” ევრაზიის ფონდთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს და შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების ოქმის მიხედვით, კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის თარიღი 4-6 ოქტომბერია, თუმცა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილის განცხადებით, განხილვის თარიღი 10 ოქტომბრამდე გადაიწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი