ეკონომიკა

ედვარდ გარდნერი სტატისტიკის სამსახურს შეამოწმებს

4 ოქტომბერი, 2011 • 1084
ედვარდ  გარდნერი სტატისტიკის სამსახურს შეამოწმებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ქართულ მხარეს შორის პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბანკში შედგა. საქართველოში  საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მუდმივი წარმომადგენელის ედუარდ გარდნერის განაცხადებით, მისი ვიზიტის მიზანი  საქართველოში სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიის შესახებ სპეციალური ანგარიშის მომზადებაა.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის წევრ ქვეყნებს ეხმარება იმაში, რომ არსებობდეს ეფექტური მმართველობა და ეკონომიკური ზრდა. ამისათვის კი საჭიროა, ქვეყანას ჰქონდეს სანდო სტატისტიკური მონაცემები.  სსფ-ს მისია შეისწავლის, თუ როგორ ხდება ადგილზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და იყენებს თუ არა საქართველო საერთაშორისო სტატისტიკურ სისტემას. მისიის ვიზიტის დასასრულს მომზადდება ანგარიში, რომელშიც ცნობილი გახდება,  იყენებს თუ არა საქართველო საერთაშორისო პრაქტიკას. თუ არ იყენებს, მაშინ მოხდება იმ სფეროების გამოვლენა, სადაც სიტუაცია იქნება გამოსასწორებელი. ნაკლოვანების შემთხვევაში საუბარი იქნება იმ რესურსებეზეც, რომელთაც ესა თუ ის საერთაშორისო ორგანიზაცია გამოყოფს ამ მიმართულებით. სსფ-ს მისია ვერ იტყვის, სამომხმარებლო ფასების ინდექსში რომელიმე მუხლი სწორია, თუ– პირიქით. მისია დადებს დასკვნას და იტყვის იმას, თუ რამდენად ემყარება ეს მეთოდოლოგია იმ გამჭვირვალე პრინციპებს, რომლებიც ამ ინფორმაციის დამუშავებისას უნდა იქნას გამოყენებული,”- აღნიშნა ედუარდ გარდნერმა.
საქართველოსი სტატისტიკის სამსახურის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბოლო ანგარიში 2003 წელს გამოაქვეყნა.  როგორც სტატისტიკის სამსახურში აცხადებენ, გატარებული რეფორმების შემდეგ ახალი ანგარიში მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება.

“საქსტატის” აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე: ”გასულ წელს საქართველო სსფ-ს სპეციალური სტანდარტის წევრი გახდა. ყველა მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ეკონომიკურ სტატისტიკაში ვიყენებთ, ეს არის ინფლაციის მეთოდოლოგია, ეროვნული ანგარიში თუ სხვადასხვა ფისკალური და მონეტარული მეთოდოლოგია, ძირითადად, სსფ-ს მიერ შედგენილი მეთოდოლოგის ეფუძნება. ამიტომ მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე შეხედონ და დააკვირდნენ სტატისტიკის წარმოებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება იმ შეფასებების მოსმენა, რომელთაც ისინი უახლოეს დღეებში მოამზადებენ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი