ეკონომიკა

ევროზონის რეცესია მსოფლიოს ჩაითრევს

30 სექტემბერი, 2011 • 1373
ევროზონის რეცესია მსოფლიოს ჩაითრევს

“ბლუმბერგის” გამოკითხვის თანახმად, ევროზონაში რეცესია გაღრმავდება და მთელ მსოფლიოს ჩაითრევს, რასაც მწვავე სოციალური გამოსვლები მოჰყვება. ევროზონის ეკონომიკას რეცესია ბოლო 12 თვის განმავლობაში ელოდება – ეს მოსაზრება იმ ანალიტიკოსების ორ მესამედს ეკუთვნის, რომლებიც “ბლუმბერგმა’’ გამოკითხა.

“თუ ევროს კრიზისი გაგრძელდა, შესაბამისად, ეკონომიკისადმი ნდობა დაიკარგება და ბიუჯეტის შესამცირებლად გატარებული ღონისძიებები ევროზონის ქვეყნებში რეცესიას გამოიწვევს. აქედან გამოწვეული საბანკო კრიზისი რეცესიაში მთელ ევროზონას ჩაითრევს”, _ მიაჩნია ერთ-ერთ გამოკითხულს “ალ მაშ” კაპიტალის გენერალურ დირექტორ აკბერ ნაკვის.

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ვარდნა ყველაზე მწვავედ საბანკო სექტორზე აისახება. საბერძნეთის დეფოლტი გარდაუვალია, ამ მოსაზრებას იზიარებს გამოკითხულთა 93 პროცენტი. ექსპერტების აზრით, ეკონომიკური პროცესების გამწვავება მოსალოდნელია ირლანდიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში.

ექსპერტები ეკონომიკური კრიზისის და მოსალოდნელი რეცესიის ფონზე ევროზონის მთლიანობის საკითხსაც ეჭვის თვალით უყურებენ.

“მოსალოდნელია, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ევროზონას ერთი წევრი გამოაკლდეს. ამ შემთხვევაში ყველაზე შესაფერისი კანდიდატია საბერძნეთი. თუ საბარძნეთი ევროზონიდან გავა, ბაზრის ზეწოლის შედეგად ეროვნულ ვალუტას კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეიძლება დაუბრუნდეს. ეს ქვეყნები, სავარაუდოდ, პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი არიან. მათი გასვლის პროცესი ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის შემდეგ დაიწყება”, _ ამბობს “კაპიტალ ეკონომისტის” უფროსი საერთაშორისო ეკონომისტი ჯულიან ჯესოპი.

ექსპერტი ამბობს, რომ ევროზონა შესაძლოა, მისმა ყველაზე ძლიერმა წევრმა დატოვოს.

“აქ კრეატიულად უნდა ვიაზროვნოთ, ევროზონის დატოვება შეუძლია გერმანიასაც, რომელიც დაიღალა სუსტების გადარჩენით. გერმანიის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია და სხვა ქვეყნების გარეშე თავისუფლად გაძლებს. ამ შემთხვევაში ყველა მოგებული დარჩება. სავალუტო კავშირში დარჩენილი ქვეყნები მიიღებენ კარგ უპირატესობას _ ევრო გაუფასურდება მარკასთან მიმართებაში, რაც ადგილობრივ მეწარმეებს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს.”

„ბლუმბერგის“ მიერ გამოკითხული რესპონდენტების 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ 2011 წელს ევროზონის ქვეყნებში მოსალოდნელია მასობრივი გამოსვლები.  გამოკითხული ექსპერტების 11 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბრიუსელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო. ექსპერტები ევროზონის ქვეყნების ყველაზე “ცუდ”პოლიტიკოსად ნიკოლა სარკოზის ასახელებენ (72 პროცენტი). ვაშინგტონის ქმედებებს კი ექსპერტების 67 პროცენტი უჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი