ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუარესდა

28 სექტემბერი, 2011 • 1078
საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუარესდა

“ეკონომიკური თავისუფლების” მსოფლიო რეიტინგში საქართველომ, წინა წელთან შედარებით, ოთხი საფეხურით უკან დაიხია და 27–ე ადგილი დაიკავა.

აღნიშნულ ინდექსს 1995 წლიდან ადგენს “The Wall Street Journal”-ი და პოლიტიკის კვლევის წამყვანი ცენტრი ამერიკაში “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი”.  “ეკონომიკური თავისუფლების” ხარისხი ქვეყანაში განისაზღვრება ხუთი ძირითადი მაჩვენებლით: მთავრობის ზომა, სამართლებრივი წყობა და საკუთრების ხელშეუხებლობა; მყარი ვალუტის ხელმისაწვდომობა; საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; სამეწარმეო, შრომითი და საკრედიტო ბაზრის რეგულირება. მთელი წლის განმავლობაში ჯამდება ეს ინდიკატორები და შემდეგ დგება ჯამური მაჩვენებელი.

“ეკონომიკური თავისუფლების” მსოფლიო რეიტინგს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ინვესტიციების შემდგომი მოზიდვის კუთხით.

წინა წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს წინსვლა ჰქონდა, განსხვავებით ამ წლისგან. “საქართველომ ვერ მოაწესრიგა ევროპასთან ურთიერთობა ვაჭრობის კუთხით, რასაც ავტორიტეტული ორგანიზაციები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ასეთი ინდექსების შედგენისას. დიდი ყურადღება ეთმობა ბიზნესისა და სასამართლოს ურთიერთობას, ჩვენს ქვეყანაში კი ბიზნესს სასამართლო არ იცავს, უამრავი ადამიანი იწყებს ბიზნეს–საქმიანობას, მაგრამ შემდეგ ვეღარ ვითარდებიან, აღარ დებენ ინვესტიციებს, რადგან არაა შექმნილი შესაბამისი ბიზნესგარემო – ხელისუფლებამ უნდა შექმნას შესაბამისი ატმოსფერო ამისთვის” – ამბობს ლევან კალანდაძე,  ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში.

ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლის განვითარებასა და დახვეწას დიდ ყურადღებას უთმობენ, ადვილად ახერხებენ თავისუფალი სავაჭრო ბაზრის შექმნასა და შესაფერისი ბიზნეს–გარემოს განვითარებას. სწორედ აქედან გამომდინარე, ლევან კალანდაძეს მიაჩნია, რომ  გარდამავალი ქვეყნებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან იყვნენ წარმატებულნი, დიდი გამოწვევაა ამ რეიტინგში წარმატების მიღწევა.

მიუხედავად რეიტინგში უკან დახევისა, სამეზობლოსთან შედარებით საქართველო აშკარად უკეთეს პოზიციაზეა. სომხეთს უკავია 43–ე ადგილი, რუსეთს – 81–ე, ხოლო აზერბაიჯანს – 84–ე. რეიტინგის სათავეში კი უკვე მრავალი წელია საქართველოს ხელისუფლების მისაბაძი ქვეყნები  – ჰონგ–კონგი და სინგაპური იმყოფებიან.

გარდა ამისა, აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველო ისეთ ქვეყნებსაც უსწრებს, როგორებიცაა – ნორვეგია, შვედეთი და საფრანგეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი