ეკონომიკა

თბილისის მერიისგან პრივილეგირებული კომპანიები

28 სექტემბერი, 2011 • • 2104
თბილისის მერიისგან პრივილეგირებული კომპანიები

თბილისის მერიის მიერ გარე ვაჭრობის სფეროში პრივილეგირებულ კომპანიებს ეხება კვლევა, რომელიც დღეს, 28 სექტემბერს, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამოაქვეყნა.

საიამ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან მიღებული საჯარო ინფორმაცია. საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2011 წლის 24 მარტიდან 14 ივლისამდე პერიოდს.

„ახალგაზრდა იურისტები“ შეეცადნენ გამოერკვიათ თბილისის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ადგილებში, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქო­ნე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსებაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების კანონიერების პროცესი, ძირითადი ტენდენციები და პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემები.

არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული თანხმობების სტატისტიკა კომპანიების მიხედვით
არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული თანხმობების სტატისტიკა კომპანიების მიხედვით

კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქის მერიის უფლებამოსილი სტრუქტურები მსგავსი ნებართვების გაცემისას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდნენ, ძირითადად, ხუთ კომპანიას. ესენია: „აუთდორ.ჯი“, „უაიდ დისტრიბუშენი“, „მაგიმედია“, „ნუგეში“ და „საქართველოს ლატარიის კომპანია”.

საკვლევ პერიოდში თბილისის მერიაში გარევაჭრობის ჯიხურის დადგმისთვის ნებართვის მიღებაზე სულ 2515 განაცხადი შევიდა, საიდანაც მხოლოდ 739 დაკამაყოფილდა.

უარყოფით გადაწყვეტილებებს, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ, არქიტექტურის სამსახური, ძირითადად, ერთი და იგივე შინაარსის მიზეზით იღებდა, რომლითაც, განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საფრთხე ექმნებოდა გამწვანების ზონებისა და მწვანე ნარგავების დაზიანებას, ფეხმავალთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. ამასთან, ობიექტის მხატვრული იერსახე და დიზაინი არ ერწყმოდა ქალაქის კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებულ განაშენიანებას.

ამ ტიპის გადაწყვეტილებებს თბილისის მთავრობა 2010 წლის 23 სექტემბრის #25.04.1186 დადგენილებამდე იღებდა. ამ დადგენილების მიღების შემდეგ კი, უარის თქმის  ერთ-ერთი ძირითადი მოტივი გახდა თბილისის ტერიტორიაზე აკრძალვის ზონების დაწესება, რომლის მიხედვითაც, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებზე, გამზირებზე, თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვისა და რეგულირების ზონის საზღვრებში, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალა საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის გან­­კუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქო­ნე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსება.

თუმცა, საიას მტკიცებით, ის, რაც, განცხადების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, დამაბრკოლებელი გარემოება იყო განცხადების წარმდგენ სუბიექტთა უმრავლესობისათვის, პრობლემას არ წარმოადგენდა რიგი პრივილეგირებული კომპანიებისათვის.

მაგალითად, კომპანია „უაიდ დისტრიბუშენს“ დედაქალაქის ხელმძღვანელობამ, საიას მიერ საკვლევად არჩეულ პერიოდში (24 მარტი-14 ივლისი), 185-ჯერ მისცა გარევაჭრობის ჯიხურის დადგმის ნებართვა,  მსგავსი სახის ნებართვებზე განაცხადების უმრავლესობა დაუკმაყოფილეს კომპანია „აუთდორ.ჯის,“  რომლის ჯიხურების უმრავლესობა აკრძალულ ზონებში – დედაქალაქის ცენტრალურ, ისტორიულ ნაწილებსა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

საია პრივილეგილებულ კომპანიად მიიჩნევს შპს „მაგი მედიას“, რომელმაც არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილ ორმოცდაათსავე მისამართზე მიიღო გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი დროებითი შენობა/ნაგებობებისა და კონსტრუქციების განთავსების უფლება.

შპს „მაგი მედიას“ მიერ მიღებული თანხმობების დიდი ნაწილიც, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, გამზირებსა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს.

„ახალგაზრდა იურისტების“ „პრივილეგილებულ კომპანიათა ნუსხაში შევიდა „შპს ნუგეში.“ საიას მიერ მოპოვებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ნუგეში“ 2010 წლის 18 ივნისს დაფუძნდა, ხოლო 2010 წლის 10 სექტემბერს ერთდროულად 83 მისამართზე მიიღო გარევაჭრობის ჯიხურის დადგმის ნებართვა.

კიდევ ერთი იურიდიული პირი, რომელიც საიას ინფორმაციით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, არის შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია“. მართალია, მას, ზემოხსენებული იურიდიული პირებისგან განსხვავებით, სულ 17 მისამართზე აქვს გარე ვაჭრობის განხორციელების მიზნით დროებითი შენობა-ნაგებობების და/ან დანადგარების განთავსების უფლება მიღებული, თუმცა, არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, შპს „უაიდ დისტრიბუშენმა“ ერთდროულად 68 მისამართზე მიიღო პრესის, ლატარიისა და ლოტოს სარეალიზაციო დროებითი ობიექტების განთავსების უფლება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ასევე საუბრობენ იმ სიძნელებზეე, რაც მათ საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას ექმნებოდათ. ორგანიზაციის ცნობით, მათ აღნიშნული ინფორმაციის მიღება ხშირად სასამართლოს მეშვეობით უწევდათ, გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოები საჯარო ინფორმაციას ვადების დარღვევით და არასრულყოფილად გასცემდნენ.

ამავე თემაზე:

ვინ აკონტროლებს რეკლამას მეტროში

მასალების გადაბეჭდვის წესი