ეკონომიკა

სიმინდის რესპუბლიკა

27 სექტემბერი, 2011 • 3371
სიმინდის რესპუბლიკა

კომპანია „კარტლის“, კომპანია „პიონერისა“  და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც დღეს „თბილისი–მერიოტში“ გაიმართა, სკანდალით დასრულდა.

შეხვედრის მონაწილე მხარეები „ჰიბრიდული სიმინდის“ პროგრამის მიღწევებზე საუბრობდნენ, როცა  პარლამენტარმა  გიორგი ცაგარეიშვილმა  ჰიბრიდული სიმინდის ტარო  წარმოადგინა და მას  “ნაციონალური მოძრაობის” ზეობის ნაყოფი უწოდა.

შეხვედრას  ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი დავით ონოფრიშვილიც დაესწრო. მისი  განცხადებით, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ჩავარდა და განცდილი მარცხის გადაფარვას “ნაცმოძრაობა” „კარტლის“ (კომპანია, რომელმაც საქართველოში „პიონერის“ ჰიბრიდიული სიმინდის სათესლე მასალა შემოიტანა) მიღწევებზე საუბრით ცდილობს:

„ათეულობით სოფელი და ასეულობით ფერმერი პრაქტიკულად გაკოტრებულია. მათ სესხით იყიდეს ჰიბრიდული სიმინდის თესლი და  განცდილი ზარალის მიუხედავად, ამაში ფული უნდა გადაიხადონ.“

ონოფრიშვილის მტკიცებით, წყალტუბოს რაიონის სოფელ მესხეთის  ერთ ნაწილში გლეხებმა  ჰიბრიდული სიმინდი დათესეს და ნაყოფი საერთოდ ვერ მიიღეს. მეორე ნაწილში დათესილი  ქართული სიმინდის მოსავალმა კი, ერთ ჰექტარზე  2–3 ტონა შეადგინა.

ონოფრიშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ფერმერების  ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. მან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს დაზარალებული ფერმერების სია გადასცა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსატანტინე კობახიძე „ნეტგაზეთთან“  საუბარში „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებას იაფფასიან საარჩევნო  პროპაგანდას უწოდებს:

„ჩვენ განვიხილავთ კომპენსაციის  გადახდის და ზარალის ანაზღაურების საკითხს  იმ შემთხვევაში, თუ  ნათესი ფართობის დაზიანება ფერმერებისაგან დამოუკიდებელი  მიზეზებით მოხდა. ეს არის კლიმატური კატაკლიზმები:  წყალდიდობა, სეტყვა ან მიწისძვრა. მაგრამ თუ ეს ყველაფერი იყო მართვადი და ფერმერსა და გლეხს შეეძლო ამ პრობლემის თავიდან აცილება, მცენარეთა დაცვის საშუალებებით და აგროკალენდრის დაცვით, მაშინ ის კომპენსაციას ვერ მიიღებს.  ვინც სიმინდის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. ეს  ხალხი არის გამოცდილი და დაზარალებული ფერმერების  თემა საიდან წამოვიდა, ვერ ვხვდები.”

კობახიძის თქმით, პროგრამა იყო საკმაოდ წარმატებული. სამინისტროს გათვლებით, სიმინდის მოსავალი 460–480 ათასი ტონა იქნება, საიდანაც  300 ათას ტონას ადგილობრივი მოხმარებისათვის გამოიყენებენ, ხოლო  100 ათასი ტონა ექსპორტისთვისაა გათვალისწინებული.

“სიმინდს ექსპორტზე ირანში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გავიტანთ. ერთი ტონა სიმინდის ფასი მსოფლიო ბაზარზე 300 დოლარია,“ – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

კომპანია „კარტლის“ (რებრენდინგამდე „გარემო და ანალიტიკა“) გენერალური დირექტორი  რობერტ რევია  „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ კომპანია  „პიონერი“ ფერმერების ზარალზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს:

„პირადად ძალიან ბევრ ნაკვეთში დავდივარ. ბევრმა ფერმერმა  ერთ ჰექტარზე  მოსავალი 8–14 ტონის ფარგლებში მიიღო, მაგრამ ყოველთვის არიან ფერმერები, ვინც ზარალდება. ახლა  ყურადღება მაინდამაინც „პიონერზეა“ გამახვილებული.  წელს სიმინდის მოსავალი, ზოგადად, დაბალია, ამიტომ “პიონერი” პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.“

სოფლის  მეურნეობის მინისტრის მოადგილის  კონსტანტინე კობახიძის განცხადებით, ერთი ჰექტარის დამუშავება ფერმერებს საშუალოდ  1500 ლარი დაუჯდათ, ხოლო  მიღებული შედეგებიდან ამონაგები, ერთი ჰექტრიდან  6 000  ლარია. ერთ ჰექტარზე დასათესად  ფერმერებმა  240 ლარის ღირებულების სათესლე მასალა გამოიყენეს.

სიმინდის პროგრამა მთავრობამ  2011 წელს დაიწყო  და ჰიბრიდული სიმინდი  30 000 ჰექტარზე დაითესა.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „პიონერის“  სიმინდის 52 პროცენტი კახეთში დაითესა; სათესლე მასალაზე მოთხოვნის 19 პროცენტი იმერეთზე მოვიდა, მესამე ადგილზეა გურია. სამეგრელოში ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის  ყველაზე დაბალი მოცულობა გაიყიდა. გლეხებმა და ფერმერებმა  ერთ კილოგრამ სათესლე მასალაში 17 ლარი გადაიხადეს.

შემოდგომაზე  ლიტრი დიზელის საწვავი 2 ლარი და 20 თეთრი ღირდა.  გასულ წელს ერთ ჰექტრის მოხვნისთვის ტრაქტორის დაქირავება 200 ლარი იყო,  ხელოვნურად დაწვიმების ფასი ჰექტარზე –100 ლარი. თანაც ჰიბრიდული სიმინდის დათესვა სპეციალური აპარატით ხდება. სამუშაოს განხორციელებას, პესტიციდების შესყიდვასთან ერთად, ეს ხარჯიც დაემატა.

არსებული ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, ჩხოროწყუს რაიონში წყალდიდობის გამო ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი განადგურდა. დაბალი მაჩევნებელია გურიაში. კახეთის რიგ რაიონებში სიმინდი გვალვამ გააფუჭა და ტარო ვერ გაიკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი