ეკონომიკა

2 მილიონი 2 საათში

26 სექტემბერი, 2011 • 2694
2 მილიონი 2 საათში

ამ საათის შესაძენად ბათუმის ბიუჯეტიდან 1 725 450 ლარი დაიხარჯა
ამ საათის შესაძენად ბათუმის ბიუჯეტიდან 1 725 450 ლარი დაიხარჯა

საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული საათი ბათუმში, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაზეა დამონტაჟებული. მის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 725 450 ლარი დაიხარჯა. ქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რომ საათის ღირებულებას მისი უნიკალობა განსაზღვრავს, – საათი ასტრონომიულია და გერმანიაშია დამზადებული.

ცოტა ხნის წინ კი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში – “მზიანი საქართველო”, რომლის მიხედვითაც, თურმე, პრეზიდენტი სრულიად მარტო დასეირნობს ბათუმის ქუჩებში, თქვა: “ამ კოშკის საათი იტალიის ქალაქ მანტუადანაა. ეს არის კოპიო, ქართველმა სპეციალისტებმა მე-14 საუკუნის ესკიზის მიხედვით გააკეთეს. ამ საათით დროს ვერ განსაზღვრავ. ის ხომ ასტროლოგიურია თუ ასტრონომიულია. ის ჰგავს მანტუას საათს”.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, გელა მახარაძის ინფორმაციით კი, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით საუბრობს, მემედ აბაშიძის გამზირზე, ყოფილი ბანკის შენობაზე დამონტაჟებული საათი გერმანიდანაა ჩამოტანილი. ასტროლოგიური საათიდან 10 მეტრის მოშორებით, ერას მოედანზე, კიდევ ერთი საათი დგას. ამ საათში მერიამ 20 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარი გადაიხადა.

კიდევ ერთი მდიდრული საათი ბათუმში პიაცაზეა დამონტაჟებული. პიაცას საათის შეძენა-მონტაჟში ბათუმის ბიუჯეტიდან 322 286 ლარი დაიხარჯა.

ქალაქის ხელისუფლების, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს წევრის ეკა თარგამაძის აზრით, ძვირადღირებული საათები”მნიშვნელოვანი ობიექტია ტურისტული თვალსაზრისით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი