ეკონომიკა

სოფლის მეურნეობამ გაცემული სესხების 1 პროცენტი მიიღო

26 სექტემბერი, 2011 • 1105
სოფლის მეურნეობამ გაცემული სესხების 1 პროცენტი მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2011 წლის პირველ კვარტალში ბანკების საკრედიტო პორტფელმა 6,428 მილიონ ლარს მიაღწია. 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკრედიტო პორტფელის ზრდამ 19 პროცენტი შედგინა. სებ-ის ინფორმაციით, კრედიტების დოლარიაზციის წილი 73,2 პროცენტია.

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” შეფასებით, ‘’ეს ციფრი იმის მაჩვენებელია, რომ ეროვნული ლარი  შედარებით მერყევ და არასაიმედო ვალუტად მოიაზრება. მოსახლეობა არ ენდობა ლარს და აშშ დოლარი უფრო პროგნოზირებად და საიმედო ვალუტად მიაჩნია. იგივე შეიძლება ითქვას იმ ბანკებზე, რომლებიც ლარში დენომინირებულ ანაბრებზე მომხმარებელს უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ.”

სებ-ის ინფორამციით,  ბანკების საკრედიტო პორტფელიდან გაცემული სესხების 1 პროცენტი სოფლის მეურნეობის სექტორს ერგო. 2 პროცენტი– უძრავ ქონებას,  3 პროცენტი– სასტუმროებს და რესტორნებს, 4პროცენტი– ვაჭრობას, 7 პროცენტი – ტრანსპორტს და კავშირგაბმულობას, 7 პროცენტი – მშენებლობას, 16 პროცენტი – მრეწველობას.

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” შეფასებით,  ‘’სოფლის მეურნეობის სექტორი ქვეყნის განვითრებისათვის უმნიშვნელოვანესია. ამ დარგს საკრედიტო პორტფელიდან გაცემული სესხების მხოლოდ 1 პროცენტი ერგო.  ფინანსები კი ძირითადად ისეთი სექტორებისაკენ მიედინება, სადაც სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა საკმაოდ შეზღუდულია.  ეს განსაკუთრებით ეხება ვაჭრობას, რაც შეიძლება მოხმარების შემცვლელად განვიხილოთ. ამასობაში კი საქართველო სულ უფრო და უფრო მეტ საქონლის იმპორტირებას ახდენს, რაც უცხოური კრედიტებით იფარება, ხოლო ეკონომიკის იმ დარგებს, რომელთაც იმპორტის ჩანაცვლების ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნიათ, საბანკო დაფინანსების გარეშე რჩება. მიგვაჩნია, რომ მსხვილი სასოფლო კრედიტის არარსებობის მთავარი მიზეზი მიწის უფუნქციო ბაზარია. სასოფლო–სამეურნეო მიწა გარანტიად იშვიათად გამოიყენება და, შესაბამისად, მისი კაპიტალიზაცია არ ხდება.  ამრიგად, უზარმაზარი სიმდიდრე გამოუყენებელი რჩება.’’

მასალების გადაბეჭდვის წესი