ეკონომიკა

საქართველოს სავაჭრო დეფიციტი მილიარდ 614 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა

26 სექტემბერი, 2011 • 939
საქართველოს სავაჭრო დეფიციტი მილიარდ 614 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა

საქართველოში სავაჭრო დეფიციტმა 2011 წლის პირველ ნახევარში სიდიდით მეორე მაჩვენებელს მიაღწია (2008 წელს – 1 მილიარდ 986 მილიონი აშშ დოლარის შემდეგ). დეფიციტი 1 მილიარდ 614 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

საგარეო ვაჭრობის მთლიანი ბრუნვა იანვარ–მაისში 3.328 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც გასული წლის მაჩვენებელს (2.434 მილიონი აშშ დოლარი) 37 პროცენტით აღემატება. ეს ზრდა, ძირითადად, იმპორტის მატების ხარჯზე ხდება. მთელ სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 857 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (41– პროცენტიანი ზრდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით). მეორეს მხრივ, იმპორტი მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტს შეადგენს, რაც 2.471 მილიონი აშშ დოლარია (35–პროცენტიანი ზრდა გასულ წელთან შედარებით). ამიტომ სავაჭრო დეფიციტი 1.614 მილიონი აშშ დოლარის ტოლია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 32 პროცენტით მაღალია.

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის” ცენტრის შეფასებით,’’ ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის დარღვევას უმთავრეასდ იმპორტის და იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების ზრდა იწვევს. საქართველო მისთვის საჭირო ნავთობისა და ბუნებრივი აირის წმინდა იმპორტიორია. ნავთობპროდუქტებზე კი ფასებმა 2011 წლის პირველ კვარტალში მკვეთრად მოიმატა და, შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი უფრო მაღალია, რაც გარე ოფიციალური წყაროებიდან უნდა დაიფაროს. ამავე დროს, სასაქონლო ფასების ინფლაციის გამო მოსალოდნელია ევროპის გარდამავალი ქვეყნების ვაჭრობის შემცირება, რადგან იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებაა. თუ სავაჭრო ბალანსი მომავალ წლებშიც უარყოფითი იქნება, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდება, ამ სავაჭრო დეფიციტის დასაფარად უცხოური ვალდებულებები კიდევ უფრო გაზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეო ვალდებულებების  შესასრულებლად მრეწველობის სექტორიდან მეტი ფული იქნება ამოღებული, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეაჩერებს.’’

მასალების გადაბეჭდვის წესი