ეკონომიკა

”საქართველოში საშუალო ფენა არ არის”

23 სექტემბერი, 2011 • 1324
”საქართველოში საშუალო ფენა არ არის”

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”დღეს 14 საათზე, რადისონ ბლუ  ივერიაში“   – 2011 წლის პირველი ნახევრის საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის პრეზენტაციას გამართავს.

შეხვედრას საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, არსამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 2011 წლიდან დაიწყო ყოველკვარტალური ანგარიშის „ საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა“ გამოცემა. ყველა გამოცემაში  გაანალიზებულია ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორებიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული შემოსავალი, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაცია და უმუშევრობა, საგარეო ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ქვეყნის ბიუჯეტი და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის საბანკო სექტორი და ასევე, საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივიდან.

პირველი გამოცემის მთავარი თემაა უთანასწორობა და ჯინის კოეფიციენტი. ე.წ. ჯინის კოეფიციენტი (იტალიელი სტატისტიკოსის კორადო ჯინის სახელობის ინდიკატორი) საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და ადვილად გასაგები საზომია. ამ კოეფიციენტს საქართველოს სტატისტიკური სამსახური არ იყენებს. ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომლითაც უთანასწორობა 0-დან 1-მდე იზომება და ხშირად პროცენტის სახით, 0-დან 100 პროცენტამდე, გამოიხატება. ჯინის დაბალი კოეფიციენტი განაწილების მაღალ თანასწორობაზე მიუთითებს.

სად დგას საქართველო? ამჟამად, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40.8-ს (პროცენტს) უდრის. სურათის უკეთ დასანახად, ეს მონაცემი სხვა ქვეყნებისას შევადაროთ: სკანდინავიის ქვეყნებში ეს ინდიკატორი 25-ია, აფრიკის კონტინენტს შედარებით მაღალი ინდიკატორი აქვს (დაახლოებით 70). თვით რეგიონშიც კი, რომელშიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ინდიკატორები შედარებით მაღალია, საქართველოს კოეფიციენტი მაინც ზოგიერთი მისი მეზობლისას აჭარბებს: სომხეთის ჯინის კოეფიციენტი 30.2-ს შეადგენს, რუსეთის (43.7)–ს და თურქეთის (41.2) კოეფიციენტს. საქართველოს ინდიკატორი ლათინური ქვეყნების ინდიკატორების მსგავსია (ვენესუელა 43.4, ურუგვაი 47.1, კოლუმბია 58.5), რომელთა დამახასიათებელი ნიშანი საშუალო კლასის არარსებობა ანდა მცირერიცხოვანი საშუალო კლასია.

მასალების გადაბეჭდვის წესი