ეკონომიკა

კახა ბენდუქიძე: არ არსებობს წამალი, რომელიც იდიოტებს განკურნავს!

22 სექტემბერი, 2011 • 1788
კახა ბენდუქიძე: არ არსებობს წამალი, რომელიც იდიოტებს განკურნავს!

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე  ”ნოვაია გაზეტასთან” “ქართული სასწაულის საიდუმლოს”  შესახებ საუბრობს.

რეფორმების ძირითადი ნაწილი დასრულდა, როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ვექტორის მიმართულების შეცვლა?

ვექტორი ყოველთვის მოძრავია, მთავარია ის 180 გრადუსით არ შეტრიალდეს. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. კარგი იქნებოდა ცენტრალური ბანკის ლიკვიდაცია და ამა თუ იმ სფეროში  ვალუტების თავისუფალი კონკურენცია. ჩვენ ძალაინ დავწიეთ საბაჟო ტარიფი– ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელ მსოფლიოში. მაგრამ მთავარი ნაბიჯი იქნებოდა მისი განულება. ჩვენთან ტყე  კვლავ სახელმწიფო საკუთრებაშია, რაც საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტს შეადგენს. სასურველია, რომ  ტყეების ნაწილი მაინც აღმოჩნდეს კერძო მესაკუთრის ხელში: – ეს აუცილებელია მათი რეკრეაციული და ეკოლოგიური პოტენციალის შესანარჩუნებლად. ეფექტური ეკონომიკა მინიმალურად რეგულირდება, ხოლო სახელმწიფო დაკავებულია ადამიანების უფლებების დაცვით: ამ შემთხვევაში სიცოცხლის და საკუთრების უფლების დაცვას ვგულისხმობ. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით 50 წლის მანძილზე, მთელ მსოფლიოში სახელმწიფო ახდენს მძაფრ ზეწოლას ადამიანის უფლებებზე. ქმნის სხვადასხვა რეგულაციებს კეთილდღეობის ქოლგის ქვეშ, რეალურად კი მათ მხოლოდ ზიანი მოაქვთ. ჩვენ კიდევ გვჭირდება გათავისუფლება.

ალბათ, საკმაოდ ძნელი იყო ხალხისთვის იმის ახსნა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, რადგან მოსახლეობა 70 წლის განმავლობაში სოცილისტურ სახელმწიფოში ცხოვრობდა?

ეს სახელმწიფო არასოდეს იყო სოციალისტური.  იმ სოციალურობას ახასიათებდა კორუფციული გადახრები. დრამატულ 90–ან წლებში საქართველოში გაანადგურეს წარსულის ნარჩენები. ბევრი ადამიანი ხვდება, რომ საკუთარი ინიციატივა უფრო მთავარია, ვიდრე – მითები სოციალურ სოლიდარობაზე. პროტესტები, რა თქმა უნდა, იყო. მე, პირადად, სამინისტროდან გავუშვი თანამშრომლების ორი მესამედი. დაახლოებით 1000 ადამიანი. რომლებიც იყვნენ უკმაყოფილონი. მაგრამ არსებობს უბრალო მაჩვენებელი: 2003 წელს ჩატარდა  საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, შემდეგ კი დაიწყო რეფორმები, რომლებიც დღემდე გრძელდება. შემდეგ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ორჯერ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის. ყოველ ჯერზე, ხალხი ხმას აძლევდა იმ პარტიას, რომელმაც ეს რეფორმები გაატარა. ამ ფონზე არის ოპოზიციაც – ზოგჯერ მან მიიღო უფრო მეტი ხმა, ზოგჯერ– უფრო ნაკლები, მაგრამ ვერასოდეს მოიპოვა სერიოზული უმრავლესობა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს მათი შედეგი იყო ცოტათი უფრო მაღალი, მაგრამ სხვა დროს გაცილებით დაბალი. ცხოვრების დონე გაუმჯობესდა 40 პროცენტით, ამას გრძნობს ყველა. სახლემწიფოს მიერ გამოყოფილი პენსიით ექვსი წლის წინ გაცილებით ცოტა პროდუქტის ყიდვა იყო შესაძლებელი, ვიდრე ახლა. კორუფციაზე გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ ის გაქრა. კორუფცია შემცირდა. როგორც კი კორუფციული გარიგება ხდება, მასში მონაწილე ადამიანებს მაშინვე სჯიან. ბევრი საუბრობს არსებულ პრობლემებზე, მაგრამ ხმას მაინც იმ რეჟიმს აძლევენ, რომელიც ახლა მართავს.

ხშირად ამბობენ, რომ ლიბერალიზმი კარგია, მაგრამ არა ჩვენი მენტალიტეტისათვის…

ამას იდიოტები ამბობენ. მე განათლებით ბიოლოგი ვარ, მაინტერესებს მედიცინა, მაგრამ არ არსებობს წამალი, რომლითაც შესაძლებელია იდიოტების განკურნება. მაგრამ მათ არ უნდა მივცეთ ახალგაზრდების მოწამვლის საშუალება. ის ქვეყნები, რომელთაც შექმნეს თავისუფალი ეკონომიკა– წარმატებულები არიან. ჩვენ ვიცით შვეიცარიის, სინგაპურის, ჰონკონგის, სამხრეთ კორეის და ამერიკის შეერთებული  შტატების შესახებ.  ასევე ჩინეთის შესახებ, რომელიც ეკონომიკის თვალსაზრისით ძალიან თავისუფალია – მაგრამ იდეოლოგიის თვალსაზრისით არა. ყველგან ერთნაირი შედეგია: გასაოცარი, მდგრადი და მზარდი ეკონომიკა.  ქვეყნები, რომლებიც გუშინ ჭაობს წარმოადგენდნენ, დღეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულები არიან.  ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ეს არასოდეს მოხდება, რუსეთში, უკრაინაში, ან, ვთქვათ, ყაზახეთში…მათი აზროვნება უბრალოდ ბნელია. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ მათ ინტერესებში არ შედის ასეთი განაცხადის გაკეთება.

მასალების გადაბეჭდვის წესი