ეკონომიკა

საქართველოს ვიზიტორები

12 სექტემბერი, 2011 • 1303
საქართველოს ვიზიტორები

 

აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და რუსეთი – ასე გამოიყურება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ახორციელებენ საქართველოში ვიზიტებს. საქართველოში შემდგარი ვიზიტების დაახლოებით 5% მოდის მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებზე.

 

შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უცხო ქვეყნის 1 793 449 მოქალაქემ გადმოკვეთა.

ამავე პერიოდის მონაცემებით, ყველაზე მეტი – 456 282 ვიზიტი საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეებმა განახორციელეს; 455 611 ვიზიტი – თურქეთის მოქალაქეებმა, 448 374 ვიზიტი – სომხეთის მოქალაქეებმა,  176 090 ვიზიტი – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა,  91 296 ვიზიტი – ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებმა, 37 636 ვიზიტი – უკრაინის მოქალაქეებმა, 37 287 ვიზიტი – ირანის მოქალაქეებმა და 90 873 ვიზიტი – სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია: შარშან, მთელი წლის მანძილზე, საქართველოში რუსეთიდან 170 584 ვიზიტი განხორციელდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალკე აქვეყნებს ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ვიზიტების სტატისტიკას: 2008 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, 54 721–ჯერ (საერთო კვეთების შესახებ მაჩვენებლის 54%) გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში კი – 4 852–ჯერ, აქედან 4 076 კვეთა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ განხროციელდა.

მთლიანობაში, ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გზით საქართველოში 101 790 შემოსვლა დაფიქსირდა, 31%–ის შემთხვევაში კი, აღნიშნული გზით საქართველოს საზღვარი სომხეთის მოქალაქეებმა გადმოლახეს.

2010 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის 2 031 695 მოქალაქემ განახორციელა ვიზიტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი