ეკონომიკა

თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

15 ივლისი, 2011 •
თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

თბილისში უკვე გამოჩნდნნენ ახალი, ყვითელი ფერის, ფორდის მარკის მიკროავტობუსები. სიახლეს თან გაზრდილი ფასიც ახლავს – კომფორტული მგზავრობა პირველ ჯერზე 80 თეთრი ღირს, მეორედ კი – 65. ახალი მიკროავტობუსები ჯერ მხოლოდ #4 სამარშუტო ხაზზე – რესპუბლიკური საავადმყოფოდან ვაკის გავლით ავლაბრამდე – მოძრაობენ.

ახალი მიკროავტობუსების დედაქალაქში შემოყვანა პირველი ივლისიდან იყო დაგეგმილი, მაგრამ ამ პროცესმა 2 კვირით გადაიწია, რადგან თითოეულ ახალ მიკროავტობუსში ელექტრონული გადახდის სისტემის აპარატების მონტაჟი მიმდინარეობდა. სიახლე ეტაპობრივად შეეხება თბილისში მოძრავ ყველა მიკროავტობუსს.  50%-იანი შეღავათებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ადამიანები, გარდა ამისა, აღნიშნული მიკროავტობუსის მძღოლები და მგზავრები დაზღვეულნი არიან და ავტოავარიის შემთხვევაში მათი მკურნალობის ხარჯებს სამარშუტო ხაზის მფლობელი კომპანია გაიღებს. თბილისში სამარშუტო ხაზების მომსახურებაზე ტენდერი რამდენიმე თვის წინ გაიმართა, რომელშიც ხუთმა კომპანიამ გაიმარჯვა, თუმცა აღნიშნულ კომპანიებს ახლა ერთი მენეჯმენტ კომპანია მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი