ეკონომიკა

თებერვალში უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო ტრანზაქციები 17.3%-ით გაიზარდა

9 მარტი, 2016 • 2425
თებერვალში უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო ტრანზაქციები 17.3%-ით გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის თებერვალში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 53 213 ერთეული შეადგინა.

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, ა.წ. თებერვალი 2012-2015 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2012 წლის თებერვალთან (32 251 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 65.0%-ით, 2013 წლის თებერვალთან (33 987 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 56.6%-ით, 2014 წლის თებერვალთან (38 751 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 37.3%-ით, 2015 წლის თებერვალთან (45 356 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 17.3%-ით.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 49.4%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (52.0%-ით), ისე მეორადი (48.7%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2016 წლის თებერვლის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბე- რი 2010 =100) დაფიქსირდა 1.265 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.078).

ამავე მონაცემებით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (44.5%-ით), ისე მეორადი (11.6%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2016 წლის თებერვლის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 11 407, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 41 806 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 1.031 და 1.348 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, საჯარო რეესტრის მონაცემებით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. თებერვალში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 78.6%-ს მეორადი, ხოლო 21.4%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წლის თებერვალში კი, შესაბამისად, 82.6% და 17.4%).

უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა თებერვალი, 2015-2016 © საჯარო რეესტრი

2010-2016 ტრანზაქციების რაოდენობის დინამიკა (ერთეული) © საჯარო რეესტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი