ბლოგებიკომენტარი

შიშმა შეჭამა სული?

16 აპრილი, 2024 • 1067
შიშმა შეჭამა სული?

შიშმა შეგვჭამა-მეთქი, გავიფიქრე ერთი თვის წინ, როცა პოტენციურ რესპონდენტს ყურმილი გავუთიშე. ფეხზე ვიდექი და ვფიქრობდი, თავად რას ვიზამდი ასეთ სიტუაციაში. პასუხამდე დედაჩემს მივუბრუნდი, ამის იქით რაღა უნდა მოხდეს, რითი უნდა დაზარლდეს უფრო ადამიანი, რომ საუბარზე დამთანხმდეს-მეთქი, ვკითხე – ალბათ შვილები ჰყავს, არ იცი, როგორც ხდება? ეშინია, რამე არ დამართონო, მიპასუხა. ისევ დავფიქრდი და ისევ გავიფიქრე, შიშმა შეგვჭამა-მეთქი, ყველაფერი ქნეს იმისთვის, რათა შიშს შევეჭამეთ-მეთქი.

წინა დღეებში სავარაუდო სცენარები დავაწყვე, რომელ სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდი, შევძლებდი თავზე გადაბიჯებას, სიმართლის დაცვას ყველაფრის ფასად თუ ვერა. ამ ჩიხში ძალიან იშვიათად შევდივარ და თუ შევდივარ, ნელ-ნელა იწყებს თითების ბოლოებში შიში გაჩენას. ჩემს ფიქრებში ყველა ასეთ სცენარში სიმართლის ერთგული ვრჩები, მაგრამ რეალური გადაწყვეტილების მიღებისას ეს თავდაჯერება წამში უჩინარდება, და ამიტომ, სწრაფად გამოვდივარ ჩიხიდან იმის იმედით, რომ არცერთ ასეთ სიტუაციაში ჩავარდნა არ მომიწევს, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში მაინც.

მერე მიჯრით გავიხსენე შიშის შეგრძნებები, ჩიხში დატოვებული ფიქრები ნელ-ნელა ამოიწვერა და ერთი თვის შემდეგ მმართველი პარტიის ინიციატივით „რუსული კანონი“ ისევ დაბრუნდა. ისევ მიწევს, თითებში წამოსული შიში შევაჩერო, გადავაბიჯო და თავს დავაჯერო იდეის ერთგულება და სიმამაცე, მაგრამ მალევე დგება ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ.

ახლობელ ადამიანებს თავს ვარიდებ, ოჯახის წევრებს ვარიდებ თავს, რადგან მათთან ლაპარაკი არ შემიძლია. არც მათთვის ახსნა და რამის მტკიცება შემიძლია. ვიცი, რომ ვერ გადავარწმუნებ. ისიც ვიცი, რომ ვერ მოვიკვეთ, მაგრამ თან ვფიქრობ, რა უნდა მოხდეს, რომ ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ, გვერდით დამიდგნენ, რა უნდა იყოს ეს – დაჭერა? ტყვია? ცრემლსადენი გაზი? ეს ხომ შარშან უკვე იყო… და მე შემიძლია ამაზე წასვლა?! შემიძლია ჩემი შიშის გადაყლაპვა? ვერ ვლაპარაკობ, ლაპარაკის ძალა მეკარგება ადამიანებთან, რომლებთან საერთო ენა აღარ მაქვს, მაგრამ მაქვს რაღაც ძალიან დიდი, რომლის მოკვეთაც არ შემიძლია.

ნელ-ნელა ედება შიში მთელ ქვეყანას, ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, ოჯახის წევრებს, ისევ იყოფიან, იმიჯნებიან, გაუკეთებელს აკეთებენ, ზოგი შიშის გამო, ზოგი კი, შიშის გადაყლაპვის.

ამ ქვეყანაში ცხოვრება შიშთან შეგუებაში გადის, მთელი ცხოვრება გადის შიშთან წინააღმდეგობის გაწევაში, ბოლოს კი, ისევ შიშის შიშთან დამარცხებაში. როცა ვიჯერებთ, რომ ოდნავ მაინც დავამარცხეთ შიში და შევძელით მეტად თავდაჯერებულები გავმხდარიყავით, მაშინ გვიახლოვდება უფრო დიდი შიში, რომლის წინაშეც თითქოს უძლურნი ვართ. რაციონალური და ირაციონალური შიშის წრებრუნვაში გადის ცხოვრება. შიშთან კბილის მოსინჯვაში, გააზრებაში, რომ თუ ახლა კიდევ ერთხელ დამარცხდები შიშთან, მაშინ შენ თავთანაც სამუდამოდ დამარცხდები და კიდევ ერთხელ, ნელ-ნელა ცდილობ დაიწყო შიშის ჭამა, რათა თავად შიშმა არ შეგჭამოს.

ჩემი საყვარელი მსახიობი სცენაზე სიტყვით გამოდის, მე კი ისევ ვიჯერებ, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა, შეიძლება ბევრმა ვერ, მაგრამ საყვარელმა მსახიობმა მაინც გამიმართლა იმედი, ერთს მეორე მოჰყვება, სცენები ბობოქრობენ, მაგრამ ბობოქრდება შიშიც.

საფრთხე. ცოდნა, რომ დღეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელნი არიან. ყველა ქუჩის ყველა კუნჭულში საფრთხე იმალება, საფრთხე იმალება ტელეფონზე ლაპარაკისას, უცნაური გადაკოცნისას, ხელის შეხებისას,  ერთმანეთისთვის თვალის გასწორებისას. ლაპარაკისას ფიქრი გმართებს, ზომიერება, იცი, რომ გარეშე თვალი ყოველთვის გიყურებს, ყველგან, ყოველი ფეხის ნაბიჯზე და ამ შიშს ტანით გრძნობ, ფარულ, მოხუფულ, დაკონსერვებულ შიშს, რომლის დამალვაც შენი მოვალეობაა, რომლის ჩახშობაც აუცილებელია, რათა ადამიანად დარჩე.

ამასობაში ვუახლოვდებით ყველაზე დიდ შიშს, რომელიც უფრო იზრდება, შარშანდელი აქციების ფოტოს ვუყურებ და ვხვდები, ამ პლაკატის ნაცვლად შეიძლება ხვალ ციხის ნომერი მეჭიროს, ისევ დამრია ყველაზე დიდმა შიშმა ხელი, მაგრამ ისევ უნდა ჩავყლაპო, ალბათ, ბოლოჯერ. თავად რომ არ შემჭამოს, უნდა შევჭამო, რათა ადამიანად დარჩენა შევძლო, დარჩენა შევძლო სამშობლოში!

მასალების გადაბეჭდვის წესი