ხელოვნება

ჰარლენის ფილმი და “ქვეყნის მტრები”

20 მაისი, 2011 •
ჰარლენის ფილმი და “ქვეყნის მტრები”

აგვისტოს ხუთი დღე
აგვისტოს ხუთი დღე

რენი ჰარლენის საქართველოზე  გადაღებული ფილმის ქართველი პროდიუსერი ამბობს, რომ ყველა, ვინც კრიტიკულად უდგება ფილმს „აგვისტოს  ხუთი დღე“, საქართველოს მტერია. ნეტგაზეთმა პროდიუსერ  კობა ნაყოფიას ინტერვიუში ჰკითხა, რა დაუჯდათ ფილმის ჩვენება კანში, რადგან რადიო „თავისუფლების“ კინოკრიტიკოსის, გოგი გვახარიას ცნობით, ფილმი კანის არა ფესტივალზე, არამედ ფესტივალის ბაზრობაზე აჩვენეს, რომელზეც ახალი  ფილმების ჩვენება ყველას შეუძლია, ვინც ფულს გადაიხდის

ბატონო კობა, რენი ჰარლენის ფილმის, “აგვისტოს ხუთი დღის” ჩვენება, კანის კინოფესტივალის მიმდინარეობისას, ერთ–ერთ კინოთეატრში შედგა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ მოხდა “აგვისტოს ხუთი დღის” ჩვენება და თუ გადაიხადეთ თანხა და რამდენი, იმისათვის, რომ ფილმის ჩვენება კანში შემდგარიყო.

ნებისმიერ ფესტივალში მონაწილეობა და ყველაფერი, რაც არ უნდა გააკეთოთ, არის ფასიანი. თვითმფრინავითაც რომ ჩამობრძანდეთ აქ, ფული იქნება გადასახდელი. ნებისმიერ კინოთეატრში ჩვენება, იქნება ეს საფესტივალო  თუ არასაფესტივალო ჩვენება, არის ფასიანი.

ანუ თქვენ ფული გადაიხადეთ, თუ არ გადაგიხდიათ, იმისთვის,რომ ფილმი ქალაქ კანში ყოფილიყო ნაჩვენები?

კინოთეატრი ამით შოულობს ფულს. ისეთ კითხვას სვამთ, რომ არ გეწყინოთ, მაგრამ სისულელეა. თქვენ სვამთ კითხვას ასე, კინოთეატრში ფილმი რომ აჩვენოთ, ფული უნდა გადაიხადოთ თუ არა. ყველა ბაზრობაზე გავიტანეთ ეს ფილმი, რაც კი არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფილმზე მოსვლის მსურველი იმდენი იყო, რომ ყველა ვერ დავაკმაყოფილეთ. 18 მაისს ამაზე დიდი მოვლენა კანში არ ყოფილა. ორი დღეა ხალხი ამ ფილმზე საუბრობს კანში და იმ “ივენთზე”, რომელიც ფილმის ჩვენების შემდეგ გაკეთდა. და თუ ვინმე რამეს წარმოადგენდა კანში– ჟურნალისტი, კინოკრიტიკოსი– ყველა იყო მოსული.  და უფრო მეტი მოვიდა, ვიდრე ჩვენ მოსაწვევები დავაგზავნეთ. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და უნდა გიხაროდეთ, კრიტიკულ კითხვებს კი არ უნდა სვამდეთ. ეს პირველი ჰოლივუდური  პროექტია ქვეყანაში და ადამიანი, ვინც კრიტიკულად უდგება, ჩემი აზრით, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი.

თქვენ ფიქრობთ, რომ მე ქვეყნის მტერი ვარ?

არა, თქვენ არ გეუბნებით. ზოგადად, ადამიანი რომ კრიტიკულად უდგება ამ ფილმს. ეს ფილმი საქართველოსთვის არის ძალიან კარგი, ის რეალურად ასახავს იმ მოვლენებს, რაც მოხდა ქვეყანაში. ეს არის ფილმი, რომელიც შეძლებს, რომ ეს მსოფლიოს მიუტანოს. მე მთელი ჩემი სული და გული ჩავდე ამ ფილმში და ძალიან ვღიზიანდები, როდესაც ადამიანი მირეკავს და რაღაც მიკიბულ–მოკიბულს საუბრობს ამ ფილმზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ლობი აქვთ რუსებს.

ჩვენ ფილმის ჩვენებაზე ვსაუბრობთ, რუსეთი რა შუაშია?

თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ იმისთვის ვმუშაობთ, რომ საქართველოში გავაკეთოთ “პიარი”. რუსებმა გაავრცელეს  ინფორმაცია, რომ ეს ფილმი არის პროპაგანდისტული. გუშინ წერდნენ ზუსტად იმ სიტყვებს, რაც ახლა თქვენ მითხარით. მეორე დღესვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეს იყო ამ ფილმის  არასაფესტივალო ჩვენება.

თქვენ ფიქრობთ, რომ ფილმი საქართველოში არ უნდა გააკრიტიკონ?

თქვენ გჭირდებათ ეს ფილმი, თუ  თქვენი ქვეყანა გიყვართ, მე მჭირდება, ჩემ შვილს და შვილიშვილებს გვჭირდება. ბოლო დროს მხოლოდ საქვეყნო პროექტებზე ვარ გადართული. მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ ერთი აგური დავდო ჩემი ქვეყნისთვის.

ეს ისეთი სათუთი თემაა, ფილმზე არ გეუბნებით, ზოგადად, ურთიერთობები. ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ეს ფილმი პროპაგანდისტულია. ჩვენ რეალური ფოტოსურათები ჩავიტანეთ და სლაიდები ვაჩვენეთ. და  დავამტკიცეთ, რომ ეს ფილმი პროპაგანდისტული კი არ არის, რეალურია. ფილმის მერე დოკუმენტური მასალები ვაჩვენეთ, რომ გაგვექარწყლებინა რუსული პროპაგანდისტული პოლიტიკა.

რუსი დისტრიბუტორები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ აკრძალული აქვთ მათ ამ ფილმის ყიდვა. რუსეთის გარდა, ყველა ქვეყანამ იყიდა ფაქტიურად. ამ “ივენთმა” გააკეთა ის, რომ ის ქვეყნები, რომლებშიც  ფილმი არ იყო გაყიდული, მოგვაწყდნენ. ეს არის კომერციული პროექტი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არც ერთი ქვეყნისთვის არაფერი არ გვიჩუქებია. საქართველოშიც კი დისტრიბუტორი იღებს და იქნება ჩვეულებრივი გაყიდვები, როგორც  ყველა სხვა ქვეყანაში

სადისტრიბუციო ხარჯები რა დაჯდა, შეგიძლიათ გვითხრათ?

თქვენ ახლა გაინტერესებთ, ფული იყო თუ არა გადახდილი? მე გეუბნებით, რომ ყველა კინოთეატრში, სადაც ფილმია ნაჩვენები, ყველა იხდის თანხას. თბილისშიც რომ მოინდომოთ კინოს ჩვენება, კინოთეატრის მფლობელს უნდა გადაუხადო ფული. თუმცა ეს არ ჯდება ძალიან დიდი თანხა. ფესტივალზე უამრავი ფილმი ჩამოდის, საფესტივალოც და არასაფესტივალოც. შენი ფილმი რომ ჩასვა, არის ძალიან რთული. კანის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა დიდი ბილბორდი გააკეთა. არ თქვათ ახლა, ესეც თქვენ გააკეთეთო. გაკვირვებული ვიყავი, რომ დავინახე. ანუ ინტერესი არის ამ ფილმის მიმართ. ეს ის თემაა, რომელშიც ყველა ერთი უნდა  ვიყოთ, ვისაც თავის ქვეყანა უყვარს.

როგორ შეხვდნენ ფილმს ქალაქ კანში და როდის იქნება საქართველოში “აგვისტოს ხუთი დღე” ნაჩვენები?

აცრემლებული თვალებით. ჩემმა მეუღლემ მეორედ უყურა და after party-ზე ვერ წამოვიდა, ცუდად ვარო. უცხოელები უნდა გენახათ, შოკირებული იყვენენ, მეტყველება ჰქონდა ზოგიერთს დაკარგული. ვერ მეტყველებდნენ. ბილეთი არ მქონდა ჩემი მეუღლისთვის და ამიტომ გარეთ ვიდექი და ისე ვუყურებდი. მეორე ბილეთი ძლივს ვიშოვე ჩემი მეგობრისთვის, რომელიც სპეციალურად ამ ფილმისთვის ლონდონიდან ჩამოვიდა. ამიტომ არის, რომ რუსები გამწარებულები არიან. იმიტომ, რომ ჩვენ რეალობა ვაჩვენეთ. რენი ჰარლენი ფილმის ჩვენების შემდეგ გამოვიდა და აჩვენა სლაიდები, ომის რეალური  სურათები. ეს ცოცხალი სურათები “აფთერფართიზე” გავუშვით დიდ ეკრანზე და ხალხი შოკირებული იყო.  ეს იყო რეალური კანი, რომ იცოდეთ, და ეს არის დიდი გამარჯვება, რომ ევროპამ დაინახა, ჩვენ რა გაგვიკეთეს.

საქართველოში ფილმის ჩვენება 5 ივნისს არის დაგეგმილი და არ არის გამორიცხული ამ ფილმისთვის ძალიან ცნობილი “სტარი” ჩამოვიდეს.

ფილმის ერთ–ერთი მონაწილე?

არა, ფილმში არ მონაწილეობს. თავად გამოთქვა სურვილი, საქართველოში ჩამოსვლის და ჩვენ ფილმის პრემიერაზე დავპატიჟეთ. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

კობა ნაყოფია საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრია

ამავე თემაზე:

აგვისტოს ხუთი დღის პრემიერა გადაიდო

ვინ დააფინანსა ფილმი რუსეთ–საქართველოს ომზე

მასალების გადაბეჭდვის წესი