ხელოვნება

„ფარინა”, “მრავალჟამიერი” და ქართული სიმღერის სიყვარულის პატარა ისტორია

2 თებერვალი, 2016 • 3588
„ფარინა”, “მრავალჟამიერი” და  ქართული სიმღერის სიყვარულის პატარა ისტორია

2010 წლის ივლისში ნიუ იორკში მოღვაწე ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ “სუფრულის” ხელმძღვანელის, კარლ ლინიქის ინიციატივით თვრამეტი ამერიკელი ფოლკლორისტი თელავში ჩავიდა, სადაც ერთი კვირა დაჰყვეს და სადაც ტრადიციულ კახურ სიმღერებს მათ ადგილობრივი პედაგოგი ანდრო სიმაშვილი ასწავლიდათ. კარლი ამბობს, რომ ერთ სიმღერას, რომელიც მათ ქართველმა პედაგოგმა ასწავლა, “ფარინა” ერქვა და იგი ამ მელოდიით მაშინვე მოიხიბლა.
“ეს იყო რაღაც, რაც მე არასოდეს მომისმენია – მიყვება კარლი. – ფაქტია ისიც, რომ ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ის თითქმის არავის უმღერია, არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ. ეს სიმღერა ჩემს მეხსიერებას მყარად შემორჩა, რადგანაც ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, რომ ბარდ კოლეჯში (ნიუ იორკის შტატის ქალაქი ანანდეილ-ონ-ჰადსონი) ამერიკელების გუნდისთვის, რომლებიც ქართულ სიმღერებს მღერიან, მესწავლებინა”.

რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ლინიქმა ბარდ კოლეჯში სტუდენტებისთვის”ფარინას” სწავლა დაიწყო, კარლმა ინტერნეტში მისთვის მოულოდნელი რამ აღმოაჩინა. ეს გახლდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არსებობდა ნიუ ინგლენდის კონსერვატორიის სამუსიკო გუნდის (ხელმძღვანელი ლორნა ქუკ დევარონი) მიერ 1973 წელს ჩაწერილი ფირფიტა, რომელსაც ერქვა “ექვსი უძველესი ქართული სიმღერა”, ერთ –ერთი სიმღერა კი სწორედ “ფარინა” იყო.

“მე გადავწყვიტე მომეძიებინა, თუ რა იდგა ამ ისტორიის უკან – ამბობს კარლი. – ცოტაოდენი რამ უკვე ვიცოდი იმ ქართულ სიმღერებზე, რომელთაც ამერიკული გუნდები მღერიან. მაგალითად, ვიცი, რომ 1968 წელს ბუდაპეშტში იელის უნივერსიტეტის რუსული გუნდი საქართველოს სახელმწიფო ანსამბლს შეხვდა და ეს წელი იმით აღინიშნა, რომ იელის უნივერსიტეტის სამუსიკო გუნდის რეპერტუარში ქართული პოლიფონია გაჩნდა. მაშინ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი ანზორ კავსაძე იყო და მან სანოტე ფურცლებზე იელის გუნდის ხელმძღვანელს პირველი ქართული საგალობელი “შენ ხარ ვენახი” თავისი ხელით ჩაუწერა. ასე გაუჩნდა იელის გუნდს ქართული პოლიფონიის შესრულების ინტერესი. ეს ცნობილი ამბავია. მე ვიცოდი, თუ როგორ შემოვიდა ქართული ჰანგები ამერიკაში, მაგრამ ნიუ ინგლენდის კონსერვატორიის გუნდში მისი აჟღერების ისტორიაზე – არაფერი. სამუსიკო წრეებში ამის შესახებ არავის სმენია. ასე რომ, დავიწყე ინფორმაციის მოძიება იმ ქალზე, რომელიც ნიუ ინგლენდის გუნდის ხელმძღვანელი იყო.

ლორნა ქუკ დევარონი გუნდს 1947 წლიდან დირიჟორობდა და ამავე დროს ნიუ ინგლენდის კონსერვატორიის ხელმძღვანელიც იყო. მას ეს თანამდებობა 1988 წლამდე ეკავა. მანამდე კი ეს სამუსიკო გუნდი 1953–86 წლებში ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოდიოდა და ლორნა თითქმის ოცდაათი წელი ამ გუნდს დირიჟორობდა. ნიუ ინგლენდის გუნდს ორკესტრთან ერთად ათზე მეტი ჩანაწერი აქვს გაკეთებული და არაერთი პრესტიჟული ჯილდოც მიუღია. ისინი ბევრს მოგზაურობდნენ ევროპაში, სსრკ–ში, ისრაელში, პუერტო რიკოსა და ჩინეთში. სსრკ –ში ყოფნისას ლორნა ქუკი საქართველოშიც ჩავიდა.

კარლ ლინიქი და ლორნა ქუკ დევარონი.

კარლ ლინიქი და ლორნა ქუკ დევარონი.

მოკლედ, ჩემი მეგობრებისა და პროფესიული ქსელის საშუალებით მოვძებნე ეს ქალბატონი, მივწერე მას ჩემი ისტორია და ძალიან გამიხარდა, როცა საპასუხო წერილმაც არ დააყოვნა. ლორნა ქუკი მწერს, რომ 1966-ის დასასრულს აშშ–ში შეირჩა სამი გუნდი, რომელიც კულტურული გაცვლის პროგრამის ფარგლებში სსრკ–ში უნდა გამგზავრებულიყო. პირველად წავიდა რობერტ შაუის გუნდი, მას მიჰყვა ობერლინის გუნდი და ბოლოს ნიუ ინგლენდის კონსერვატორიის გუნდიც, რომლის ხელმძღვანელი მაშინაც ლორნა ქუკ დევარონი იყო. ამ გუნდმა სსრკ–ში ხუთი კვირა დაჰყო: მოგზაურობა დაიწყო ჩრდილოეთის ქალაქებიდან, მერე ერევანში, ბაქოში გაგრძელდა და 1966 წელს ისინი მცირე ხნით თბილისსაც ესტუმრნენ.

ლორნა თავის წერილში თბილისში ვიზიტს აღწერს, როგორც “არაჩვეულებრივს”, ხოლო კონცერტს, რომელიც იქ ჩაატარა, “ფანტასტიკურს”. თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში სპეციალური კონცერტი (შესაძლებელია ეს იყოს “გორდელას” შესრულებით) ამერიკელი სტუმრების პატივდსაცემად ჩატარდა და ლორნას ორნოცდათექვსმეტივე ამერიკელი სტუდენტი (მისი გუნდის წევრები) მოსმენილით იმდენად აღფრთოვანებული დარჩა, რომ თითქმის ნახევარი საათი ტაშს უკრავდა.
კონცერტის დასასრულს დევარონს ახლახან გამოშვებული ქართული ხალხური სიმღერების კრებული აჩუქეს. წიგნს ახლდა მუსიკის ტრანსკრიფცია ქართული ტექსტებითა და რუსული ფონეტიკური ტრანსლიტერაციით. როცა ლორნა აშშ–ში დაბრუნდა, მან გადაწყვიტა ამ წიგნიდან რვა სიმღერა კონსერვატორიის გუნდის სპეციალური ჯგუფისთვის ესწავლებინა. დევარონმა განაცხადა: “რასაკვირველია, სტუდენტებს შეუყვარდათ ეს სიმღერები, ხანდახან მყვირალა ხმოვანებით… ეს მართლაც საოცარი მუსიკაა”. იმ სიმღერებიდან ექვსი სიმღერა ჩაიწერა იმ ფირფიტაზე, რომელიც 1973 წელს  გამოვიდა. წერილში ლორნა დევარონი, რომლის 95 წლის იუბილე ახლოვდებოდა, მთავაზობდა, რომ რადგანაც მისი საარქივო ყუთები შესაძლოა სხვა საინტერესო ინფორმაციას კვლავ ინახავდეს, სწორედ მე დამეთვალიერებინა ისინი. ეს შემოთავაზება ჩემთვის დიდი პატივია. მე მას ვუთხარი, რომ ჩემი სტუდენტების გუნდი ბარდ კოლეჯში “ფარინას” შეასრულებს და ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად შევხვდებით–მეთქი”.

***

კარლ ლინიქი ყვება, რომ მალევე  მისი მეგობრისგან, უილიამისა და მარიის კოლეჯის ეთნომუსიკოლოგიის პროფესორისგან, ენ რასმუსენისგან მიიღო 1973 წელს ჩაწერილი ქართული მუსიკის კოლექცია, რომელიც კოლეჯის ბიბლიოთეკის არქივებიდან მოიძია, CD – ზე ჩაწერა და იმ ექვსი “უძველესი ქართული სიმღერიდან” ერთ-ერთი მართლაც “ფარინა” იყო.
“როცა მე ამ მუსიკას ვუსმენდი, შევეცადე წარმომედგინა სურათი იმისა, თუ რას გრძნობდნენ ამერიკელები 1966 წელს, როცა უცხოურ ბგერებს უსმენდნენ.– განაგრძობს კარლი. – მე ვიცანი პირველი სიმღერა, რომელსაც ინგლისურად “ხელისმომკიდის ძველი სიმღერა” ერქვა და მას ქართულად “ქართლურ მაყრულს” ეძახიან. ნიუ ინგლენდის გუნდის შესრულების მანერა და ხმის ტემბრიც უფრო კლასიკურს ჰგავს და ზოგან თავად ხმების წყობაც ოქტავის განშორებით ნამდვილად ისე არ ჟღერს, როგორც ქართული ფოლკლორი. ცხადია, ამერიკელები კარგად არ იცნობდნენ ქართული სიმღერების შესრულების სპეციფიკას, თუმცა ერთი რამ უდავოა: ეს იყო თანამედროვე გუნდის მიერ შესრულებული ძალიან რთული კომპოზიციები – კაცების პარტიის ხმოვანი გაორება, რომლებიც დაბალზე მღეროდნენ და ქალების, რომლებიც მაღალ ნოტებს იღებდნენ. თუმცა, ამისდა მიუხედავად, მომღერლები მაინც გადმოსცემენ რაღაც მნიშვნელოვანს; იმას, რასაც ისინი სინამდვილეში ჯეროვნად არც კი იცნობდნენ… მე ამ აღმოჩენამ ძალიან გამახარა და კიდევ უფრო – ქართული ხალხურის მოყვარულის, ლორნა ქუკ დევარონის ისტორიის გაცნობამ, მასთან შეხვედრაზე ფიქრმა და იმან, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს, რომლებიც მას ასე უყვარს, ამ ადამიანს აუცილებლად ცოცხლად მოვასმენინებდით”.

კარლი ამბობს, რომ მისი მეგობრის, ბრიტანეთში ქართული სიმღერების გამოცდილი მომღერლისა და ენთუზიასტის, ჯეფრი ბერტონის მეშვეობით დევარონისა და მისი გუნდის სიმღერების ანთოლოგიის (1960) იდენტიფიცირება შეძლო და მეტიც – უეცრად აღმოაჩინა, რომ ამ წიგნის ასლი საკუთარი კარადის თაროზე უდევს.

***

ამა წლის 16 იანვარს “სუფრულმა” ბრუკლინში გამართულ “გოლდენ ფესტივალზე” წარმატებით იმღერა და ეს კარგი მოთელვა აღმოჩნდა იმისთვის, რომ შემდეგი კონცერტი უკვე დევარონისთვის ჩაეტარებინათ.

“ამერიკაში მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორის დღე დასვენების დღე იყო – აგრძელებს კარლი, – და 18 იანვარს ჩვენ ქალაქიდან გასვლა შევძელით, წინა დღეს კი დევარონის დაბადების დღე იყო. იგი 95 წლის გახდა. გარდა ამისა, 2016 წელს სრულდება ზუსტად ნახევარი საუკუნე მას მერე, რაც ლორნას გუნდმა თბილისში იმოგზაურა. ჰოდა, ჩვენი გუნდის ცხრა წევრი პენსილვანიის პატარა ქალაქში, ჯენკითაუნში გავემგზავრეთ. მე ჩემებს “ქართლური მაყრული” ვასწავლე და როცა იქაურ ხანდაზმულთა სახლში ჩავედით, დევარონის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. კონცერტი იუბილარის, მისი ოჯახისა და მეგობრების წინაშე გავმართეთ და რამდენიმე ვარიანტის “მრავალჟამიერი” ლორნა ქუკ დევარონსა და მის გუნდს მივუძღვენით. ლორნამ არაერთხელ გვთხოვა კვლავ დავბრუნებულიყავით და გვემღერა მისთვის.

მართლაც საოცარია ქართული ხალხური სიმღერა. ამ უძველეს მელოდიებს თავისი მაგია აქვს, თითქოს ჩვენ ვუერთდებით წარსულის იმ ხმებს, რომლებიც არასოდეს წყდება, უკვდავია და დროსა და თაობებს გამოივლის. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხმა იმ უბერებელი გუნდის ხმოვანებას შეუერთდა, რომელიც კიდევ დიდხანს გაიჟღერებს. ჩვენ ლორნა კუქ დევარონისთვის “მრავალჟამიერი” ვიმღერეთ და ამით კიდევ ბევრი სიმღერა და ზეიმის საბაბი ვუსურვეთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი