ხელოვნება

მეგობრებისთვის სათხოვებელი წიგნი

2 თებერვალი, 2011 • 1404
მეგობრებისთვის სათხოვებელი წიგნი

“მესვრიან, ნინცო, ესენი. ტვინს გამასხმევინებენ, ნინცო, ესენი. როგორც იმ კაცს ხევში, გახსოვს, როგორ ჰქონდა? გახსოვს, ტვინი როგორ ჰქონდა? მესვრიან. რაც არ უნდა ვიკივლო, მაინც მესვრიან. მაინც ვერ გავაგონებ.”

ცოტა ხნის წინ სპექტაკლი ვნახე, როგორც ამბობენ, ძალიან კარგი სპექტაკლი. ცოტა უცნაურია ასე თქმა იმაზე, რაც თავად იხილე საკუთარი თვალით, მაგრამ ასეა. ყველამ ერთხმად აღიარა, მაგრამ მე რატომღაც არ მომეწონა. არა იმიტომ, რომ რამე კონკრეტული პრეტენზია გამიჩნდა რეჟისურასთან ან მსახიობებთან დაკავშირებით, უბრალოდ, თემა იყო მიუღებელი – ომის თემატიკა. შეიძლება გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ არის რაღაცეები, რაც უბრალოდ აღარ გინდა გახსოვდეს, ან ვინმე გახსენებდეს მუდმივად.

არის წიგნები, რომლებსაც კითხულობ იმიტომ, რომ გაინტერესებს. ზოგს იმიტომ, რომ უბრალოდ ვალდებული ხარ წაიკითხო. ზოგი მათგანი წაკითხვიდან 2 კვირაში თითქმის აღარ გახსოვს, ან კიდევ უარესი, დახურვისას ხვდები, რომ სულ ტყუილად დაკარგე დრო. მაგრამ არის წიგნები, რომლებიც გიტოვებენ რაღაც ისეთს, პერიოდულად რომ გიტივტივდება.

“გათვლა” – ასე ჰქვია დებიუტანტი ავტორის, თამთა მელაშვილის წიგნს, რომელიც არ ტოვებს რაიმე განსაკუთრებულ ციტატას, მაგრამ ტოვებს შეგრძნებას, აბსოლუტურად სწორს და ზუსტს. ომის თემატიკამ ბოლო ხანებში ხელოვნების (და არა მარტო) ყველა სფერო მოიარა, ყველანაირი გაგებით. პირადად მე შინაგანი პროტესტი მიჩნდება ხოლმე, დაახლოებით ასეთი: ცალი ფეხი რომ არ გქონდეს და ვიღაც ყოველდღე ჩურჩულებდეს შენს ზურგს უკან თანაგრძნობით – ინვალიდი! ასეთ დროს ან ფეხზე ადგომა და საწინააღმდეგოს დამტკიცება მოგინდება, ან მინიმუმ იმის გაჩუმება. არაა საჭირო შეგახსენონ ის, რაც შენ ყველაზე კარგად იცი. აი, ამიტომ მიჩნდება შინაგანი აგრესია ყველაფრის მიმართ, რაც ორი წლის წინანდელს მახსენებს. მაგრამ პირველად მოხდა, რომ ლიტერატურულმა ნაწარმოებმა არათუ პროტესტის გრძნობა არ გამოიწვია (ეს ჩემში, ვიღაცისთვის ომი შეიძლება სულ სხვა შეგრძნებასთან ასოცირდებოდეს), თანაგრძნობა კიდევ უფრო მეტად გააღვივა.

ეს არის კონფლიქტის ზონა ორი ცამეტი წლის გოგონას თვალით. ავტორი იმდენად უჩვეულოდ გაწვდის ამ ისტორიას, რომ შენ, მკითხველს გეჩვენება, თითქოს იქვე ხარ და ამ ყველაფერს უყურებ. თხრობის ფორმა მეტად უცნაური და ძალიან საინტერესოა. მთელი წიგნის მანძილზე კითხულობ დიალოგს და ამ დროს არსად არ გხვდება არც დეფისის ნიშანი და არც რაიმე კონკრეტული, რაც დიალოგის დაწყებას ან დამთავრებას გაგრძნობინებს (ეს თავიდან, მერე ,,ამუღამებ”). მაგრამ სწორედ ეს სტილისტიკა ხდის ,,გათვლას” ასეთ საინტერესოს.

აქ ვერ იპოვით ადგილს, სადაც აღწერილი იქნება ავტომატის ჯერის ხმა სხვადასხვა მეტაფორებით, ვერ ნახავთ ვერც ერთ პეიზაჟს, ვერც ჩამოვარდნილი ბომბის ხმას ,,გაიგონებთ”, არც ის იცით, რა ადგილია, რა ქალაქია, ან, საერთოდ, რომელი ომია. ერთადერთი რითიც ხვდები, რომ ქართველებზეა საუბარი,  სახელები და დიალექტია, თუმცა ისიც არაკონკრეტიზირებული. მაგრამ კითხვისას აუცილებლად იგრძნობთ შიშს, მუდმივ შიშს და გადარჩენის მძაფრ ინსტინქტს, რომელიც ომს მოაქვს. ავტორი არ წერს შვილმკვდარი დედის გრძელზე გრძელ მონოლოგებს, სანაცვლოდ გაწვდის მის ქმედებას, ორიოდ სიტყვას და ამით თანაგანცდის ბევრად უფრო ძლიერ ეფექტს გიქმნის. თუმცა, არ სვამს წერტილებს, არ ყვება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ამბავს. და ამით მკითხველი  წიგნში თავიდან ბოლომდე ჩათრეული ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები მცირე ზომისაა, ომის და ძალადობის გარდა,  ზუსტად და ზედმიწევნით მძაფრად ეხება მოზარდების სექსუალური გარდატეხისა და სოციუმის ჩამოყალიბების პრობლემატიკას. ვიზუალური უპირატესობის ქონას მეგობრობაში,  ნარკოტიკებთან დაკავშირებულ რეალობას და კიდევ ბევრ დეტალს და საბოლოოდ ერთ დიდ ემოციას ტოვებს.

როგორია, იყო 13 წლის, ან იყო ქალი და ცხოვრობდე კონფლიქტის ზონაში? იქ, სადაც მამაკაცი, როგორც ასეთი, არ ფიგურირებს, იქ, სადაც ყოველ წამს ელოდები რაღაც ძალიან ცუდს, იქ, სადაც პანიკური შიშია ყოველი მომდევნო წუთის და არ იცი, როგორ გადარჩე – ესაა თამთა მელაშვილის წიგნი ,,გათვლა”. მრავალგზის დამუშავებული თემა, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოდაა მოტანილი მკითხველამდე. ვფიქრობ, ავტორმა სერიოზული განაცხადი გააკეთა ლიტერატურაში, როგორც თხრობის სტილისტიკით, ასევე ამბით, რომელიც კიდევ ერთხელ გახსენებს იმას, რისი დავიწყებაც გინდა და უბრალოდ შეუძლებელია დაივიწყო.   

პ.ს. და კიდევ არის წიგნები, აი, ისეთები, რაც შეიძლება ახლოს რომ გიდევს, ხშირად ფურცვლისგან გაცვეთილები და ფურცლებგადაკეცილები. წიგნები, რომლებიც სულ გახსოვს და წაკითხვის მერე აუცილებლად რომ ურეკავ მეგობარს და ეუბნები: ,,აუ, იცი რა წიგნია? გათხოვებ.” ,,გათვლა” ასეთი წიგნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი