ხელოვნება

ცენზურა ზრდის ხელოვანს

26 იანვარი, 2011 • 3337
ცენზურა ზრდის ხელოვანს

სპექტაკლი, რომელზედაც უნდა მოგითხროთ, არ გეგონოთ, რომ სცენაზე თამაშდება, არც თეატრის ფოიეში, არც სარდაფში და არც სხვენში, არც პარტერში… ლევან წულაძემ თავისი ახალი სპექტაკლი მსახიობებს საგანგებოდ მათთვის პარტერში შექმნილი ახალი კამერული სცენა შესთავაზა, სპექტაკლზე მისულ მაყურებელს კი – სცენაზე რკინის კონსტურქციის ამფითეატრონი. სცენიდან სპექტაკლი არასდროს მინახავს – მეთქი, რომ ვთქვა, მოვიტყუებ. ამ ხერხს ქართველი და უცხოელი რეჟისორები ძირითადად ინტერაქტივისთვის,  სცენაზე გათამაშებულ ამბავში მაყურებლის ჩართულობისათვის, მსახიობსა და მაყურებელს შორის უშუალო კონტაქტისთვის, მოთხრობილი ამბისა თუ გათამაშებულში ერთგვარი მონაწილეობისათვის, კამერული ატმოსფეროს შექმნისათვის მიმართავენ. მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ლევან წულაძეს მაყურებელთან ახლო კონტაქტის დამყარების პრობლემა არასდროს ჰქონია, არც თავისი სპექტაკლებით, არც ტელევიზიით და არც უშუალოდ Lივე-ში. მას თითქმის არ დაუდგამს სპექტაკლი (დიდ და მით უმეტეს, კამერულ სივრცეში), რომელსაც მაყურებელი არ ჰყოლია, თუმცა მახსენდება მისი ყველაზე არაპოპულარული სპექტაკლი “გველისმჭამელი”, დადგმული ვაკის თეატრალურ სარდაფში, რომელიც მალევე მოიხსნა რეპერტუარიდან და მაყურებელმაც მიივიწყა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ასეთი ფართო მასშტაბის მოაზროვნე ჭოლა კრიტიკას უფრო ენატრება, ვიდრე ფართო მაყურებელს. რას ვიზამთ, გლობალიზაციისა და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვერც რეჟისორი და ვერც თეატრი თავს ვერ გადაირჩენს, რადგან ის პროდუქციას მაყურებლისთვის ქმნის და არა კრიტიკისთვის. ბევრჯერ ყოფილა ლევან წულაძის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე, როცა კრიტიკისა და მაყურებლის შეხედულებები ერთმანეთს დამთხვევია (“ფაუსტი”, “პიგმალიონი”, “ქალი ძაღლით”, “Pრივატე ლივე” და სხვა), მაგრამ “გველისმჭამელი” მაინც განსაკუთრებული კონცეფციის მატარებელი იყო. ეს იყო სპექტაკლი მკვეთრი პოზიციით და ორიგინალური მხატვრული გდაწყვეტით. ეს იყო ღრმად განსწავლული, მოაზროვნე, ფილოსოფოსი, მხატვრულად მოაზროვნე, დაუშრეტელი ფანტაზიის მქონე რეჟისორის სპექტაკლი. “გველისმჭამელი” შემთხვევით არ მიხსენებია, ის ლევან წულაძის მიერ ახლახან მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე დადგმულმა თანამედროვე იაპონელი დრამატურგის, სცენარისტისა და რეჟისორის კოკი მიტანის პიესის _ `სიცილის აკადემია~ _ მიხედვით შექმნილმა სპექტაკლმა სახელწოდებით `ჟოლო~ გამახსენა. ვფიქრობ, ლევან წულაძე ისევ  ჩემთვის (და ბევრი ჩემი კოლეგისთვის) ყველაზე საინტერესო ამპლუაში წარსდგა.

“ჟოლო” ის სპექტაკლია, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა რეჟისორის პოზიცია გარკვეულ საკითხებთან და თანამედროვეობასთან დაკავშირებით, ასევე მისი მსოფლმხედველობა, დახვეწილი თხრობის კულტურა და, რაც მთავარია, ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე, ხალასი იუმორი. იუმორი ამ სპექტაკლში ზუსტი დოზითაა, რადგან  არ მოგადუნოს და, ამავდროულად, არ მოგწყვიტოს სპექტაკლის მთავარ თემას – ცენზურასთან ხელოვანის ურთიერთობას, რომელიც ასე საინტერესოა და თქვენ წარმოიდგინეთ აქტუალურიც.

ლევან წულაძემ, თუ არ ვცდები, პირველად თავისი რეჟისორული მოღვაწეობის მანძილზე  მაყურებელსა და მსახიობებს ადგილები შეუცვალა, მსახიობები ნატო მურვანიძე და ნიკა კუჭავა პარტერიდან გვიამბობენ საინტერესო ისტორიას. მაყურებელი კი სცენაზე განათავსა. ადგილების გადანაცვლებამ მაყურებელსა და სცენას შორის არ ვიცი, რა შედეგი მოიტანა, ვერც რეჟისორის ამ ჩანაფიქრის ზუსტ გამშიფრავად გამოვდგები, მაგრამ ერთი სცენა კი განსაკუთრებულად მახსოვს ამ სპექტაკლიდან, როცა სპექტაკლის მსვლელობის დროს სცენის წრე დატრიალდა და ჩვენ, მაყურებლები უცნაური სანახაობის მხილველნი და მონაწილეები გავხდით. სცენის ტრიალის დროს, რომელზედაც მაყურებელია მოთავსებული, მსახიობები მათთვის საგანგებოდ შეკერილი სცენიდან გადმოდიან და მაყურებელთან ერთად ამ ტრიალში ერთვებიან, კულისები ნათდება და თეთრ და მწვანე ლაბირინთად იქცევა, რომელშიც ნეო (ნატო მურვანიძე) და ცუბაკი (ნიკა კუჭავა) დარბიან. ვფიქრობ, ლევან წულაძე ამ ორიგინალურად გადაწყვეტილი მიზანსცენის გამო სცენაზე მაყურებელს არ დასვამდა. ამ ფორმისკენ მას, სავარაუდოდ, პიესამ უბიძგა. ამ სპექტაკლის მთავარი გმირი ცენზურაა, რომელიც ბუდობს ორი მოქმედი პერსონაჟის სულში. ხელოვანს გამომუშავებული თვითცენზურის გრძნობა აქვს, ხოლო ცენზორს ხისტი, ურყევი ხასიათი. ცენზურა სხვაგვარი განზოგადებით კი გულისხმობს ერთგვარ აკრძალვას (პირობითად წითელ შუქს) და ნებადართულობას (მწვანე შუქს). თეატრშიც მისული მაყურებელი მსახიობების ერთგვარი ცენზორია. სწორედ მაყურებელზეა დამოკიდებული სპექტაკლის სიცოცხლისუნარიანობა. სწორედ ეს ადამიანები, ანუ მაყურებელი დასვა სცენაზე ლევან წულაძემ, რათა თითოელ მათგანს ეგრძნო მისი გემო, მისტიკური ბუნება და ხიბლი. პირადად მე ამაღლებული გრძნობა დამეუფლა და თავიდანვე ინტერესით განვეწყვე პარტერში გათამაშებული მოქმედებისადმი.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება სპექტაკლში გასული საუკუნის 40-იანი წლების იაპონიაში ომიანობისას ხდება (ამის შესახებ რადიო გვამცნობს), სულაც არ გაქვს შეგრძნება, რომ მოქმედება შენი რეალობიდან სადღაც შორს, თუნდაც ამომავალი მზის ქვეყანაში, შორეულ აღმოსავლეთში მიმდინარეობს, მით უმეტეს, სპექტაკლის პირველ ნაწილში. თავიდანვე იკვეთება ჩვენი რეალობისთვის დამახასიათებელი ნიუანსები, ახლად დანიშნული ცენზორი (ანუ ზემდგომი ორგანო, რომელიც კულტურის სფეროს კურირებს), რომელიც აცხადებს, რომ არ დადის თეატრში, არ აინტერესებს მწერლობა, რომ ამ სფეროში შემთხვევით მოვხდა, უფრო მეტიც, თავად ცენზორს ცენზურა უსარგებლო რამ ჰგონია. მსგავს სიტუაციაში თავად რეჟისორი თუ არა, მისი კოლეგების უმრავლესობა ნამდვილად ჩავარდნილა. უფრო მეტიც, სულ ახლახანს ქართულმა “ცენზურამ” კინაღამ აკრძალა მესხეთის თეატრის ერთ-ერთი ბოლო პრემიერა, ოთარ ქათამაძის “აივანი”. შეიძლება მაყურებელმა და მკითხველმა იფიქროს, XXI საუკუნეში რაღა დროს ცენზურააო, მაგრამ ლევან წულაძის სპექტაკლი სწორედ რომ აქტუალურ პრობლემას ეხმიანება და პრობლემის გადაჭრის გზასაც გვთავაზობს. სპექტაკლის მთავარი გმირის ნეოს მსგავსი ცენზორები, რომელსაც ზედმიწვენით მაღალპროფესიული ოსტატობით ასრულებს ნატო მურვანიძე, სამწუხაროდ, იშვიათად მოიძებნა ქართულ სინამდვილეში, ლევან წულაძე თავისი სპექტაკლით კი იდეალურ ვარიანტს გვიჩვენებს, როცა ცენზორი თავად ენთება ხელოვნებით და “იწამლება თეატრით” და ხელოვანის შემოქმედების მთავარი სტიმულატორ-გენერატორი ხდება. ცენზორი იყვარებს მწერლობასაც და თეატრსაც. ნატო მურვანიძის გმირი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მისი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება და გარეგნულად ხისტი ხასიათი აქცევს მას ხელოვანების მეგობრად და არა მტრად. კარგმა ცენზორმა ლევან წულაძის სპექტაკლში დადებითად განსაზღვრა კიდეც შემოქმედებითი პროცესი, ტენდენციები, რომლებიც, პირველ ყოვლისა, ეროვნულ ინტერესებსა და ხელოვანის სრულყოფას ემსახურებიან. ეს თემა ჩვენი თანამედროვეობისათვის დროულია და არა აბსტრაქტული, მნიშვნელოვანი და არა მეორეხარისხოვანი.

სპექტაკლი აგებულია ორი პერსონაჟის, ქალბატონი ნეოს (ცენზორი ნატო მურვანიძე) და ბატონი ცუბაკის (დრამატურგი ნიკა კუჭავა) დისკუსიაზე, აზრთა ჭიდილზე, საკუთარი პოზიციების დაცვაზე, რომელიც არც ისე მყარია და ხშირად კომპრომისული, არა ცალმხრივად. ამ დისკუსიაში, რომელიც გამართული დიალოგებით და დახვეწილი ქართული სალიტერატურო ენით მიმდინარეობს (პიესა თარგმნა ნინო კანტიძემ, მისი ენა აკადემიურია, მაგრამ ქმედითი), იკვეთება მხარეთა პოზიციები. ნატო მურვანიძე აქამდე არასდროს მინახავს მსგავს ამპლუაში. მსახიობი მწირი გამომსახველობითი ხერხების საშუალებით (რაც მოგეხსენებათ ბევრი მსახიობისთვის დაუძლეველ ბარიერად რჩება) აღწევს გარდასახვას არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ქმედითად. გარდა ამისა, ორსაათაინი სპექტაკლის მანძილზე ნატო მურვანიძის გმირი მეტამორფოზას განიცდის. მკაცრი ცენზორი ეტაპობრივად, ლოგიკურად განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ იცვლება, გარდაიქმნება და იგი სრულიად დდებით პერსონაჟად გვევლინება. ვთვლი, რომ ნატო მურვანიძის ცენზორი არც სპექტაკლის დასაწყისშია უარყოფითი პერსონაჟი. იგი ცენზორია და სახელმწიფოს ინტერესებს იცავს, აქვს გემოვნება, როგორც რიგით მკითხველს და საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას, ოდნავი ლირიზმი შეიპაროს მასში. თავის მხრივ, ნიკა კუჭავას გმირიც – ცუბაკი- დადებითი პერსონაჟია, ერთი შეხედვით უსახური დრამატურგი, რომელიც ისევე განიცდის სხვადქცევის პროცესს, როგოგრც ნეო. სპექტაკლის ბოლოს ის გაზრდილ, დახვეწილ დრამატურგად გვევლინება. სწორედ ამ ორი სიკეთის დაპირისპირება არის სპექტაკლის მთავარი იარაღი, რაც ასე ითრევს მაყურებელს ამბავში.

თუ კი სპექტაკლის პირველ ნაწილში ნიკა კუჭავას გმირი სახელოვნებო და შემოქმედებით საკითხებში ჩაუხედავ ნეოს ერთგვარ მასტერ-კლასს უტარებს, სპექტაკლის მეორე ნაწილში თავად დრამატურგი აღმოჩნდება ნეოს მოწაფე. ეს პროცესი დიდი სიკეთის და წარმატების მომტანია ორივე მხარისათვის და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსათვის. ნატო მურვანიძის გმირის გადაქცევა ხელოვანის იდეალურ მეგობრად ეტაპობრივად ხდება, თითქოს არაფერს უნდა ელოდო ხისტი ხასიათის ცენზორისაგან, რომელიც შენ მიერ მირთმეულ ჟოლოს ფუნთუშასაც კი არ იღებს, რათა ქრთამად არ ჩაუთვალონ, მაგრამ მისი მოდრეკა ცუბაკის მეშვეობით ხელოვნებამ მოახერხა. ნატო მურვანიძის გმირი თამაშის ახალ წესებს აკანონებს, ხელოვანიც იძულებულია მიიღოს ეს შემოთავაზება, წინააღმდეგ შემთხვევვაში ყველაფერს კარგავს. ნიკა კუჭავას აქამდეც უთამაშია მთავარი როლები მარჯანიშვილის თეატრის დიდ და მცირე სცენებზე, მაგრამ ეს როლი მისთვის განსაკუთრებულია, რადგან ამ ჟანრში და ამპლუაში იგი სტუდენტობის შემდგომ არ წარსმდგარა მაყურებლის წინაშე. ამ მასშტაბის როლი მას აქამდე არ უთამაშია. ახალგაზრდა მსახიობისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ზრდისა და ჩამოყალიბების ეტაპზეა, იოლი როდია, მარტომ პარტნიორობა გაუწიო ნატო მურვანიძეს. ნდობა ამ ორ მსახიობს შორის აშკარად არსებობს, ამას მაყურებელიც გრძნობს. თუმცა ნიკა კუჭავას მხატვრულ სახეს – ცუბაკს გამომსახველობითი ხერხების მრავალფეროვნება და ფერები მაინც აკლია. მსახიობი შინაგანად მაინც მონოსტილისტურია. ორსაათიანი ურთიერთობის მანძილზე ცენზორსა და დრამატურგს შორის მეგობრული ურთიერთობაც კი ყალიბდება, თითქოს დრამატურგი მოუშინაურდება კიდეც ცენზორს. ერთმა თეატრმცოდნემ ეს “მოშინაურება” მათ შორის სექსუალური ლტოლვისა და ვნების ჩასახვად აღიქვა, რაც, ჩემი აზრით, შორსაა ამ მოსაზრებისაგან. რეჟისორს ამაზე მინიშნება არ გაუკეთებია. პირიქით ის ხატავს წმინდა, ტიპურ, ჯანსაღ შემოქმედებით წვასა და თანამშრომლობას მათ შორის. ემოცია და აღფრთოვანება, რომელიც მათ შორის გაჩნდება, წარმოშობილია ხელოვენების სიყვარულით და შემოქმედებითი გატაცებით.

სპექტაკლის ფინალში დრამატურგი ცენზორს ემშვიდობება, ის ომში მიდის, თითქოს დრამატურგს იმედი არ აქვს უკან დაბრუნების და ჩატარებულ შემოქმედებით სამუშაოს დაკარგულად მიიჩნევს… აი, აქ კვლავ იყოჩაღებს იდეალური ცენზორი და მას ისეთი მხატვრული სიმართლით და დამაჯერებლობით ამხნევებს ცენზორი, რომ მაყურებელზედაც გადამდებია ეს ემოციები. სწორედ ეს სცენა ტოვებს მაყურებელში ოპტიმიზმის ნიშანს.

ლევან წულაძესთან ერთად სპექტაკლზე “ჟოლო” იმუშავა ახალგაზრდა რეჟისორმა თემო კუპრავამ, რომელსაც ფართო მაყურებელი როგორც “ეტიუდების ფესტივალის” იდეის ავტორსა და ორგანიზატორს იცნობს. ვფიქრობ, ახალგაზრდა რეჟისორმა ამ სპექტაკლზე ლევან წულაძესთან და ნატო მურვანიძესთან მუშაობისას დიდი გამოცდილება შეიძინა, რომელიც მას დამოუკიდებელი პროექტების შექმნისას აუცილებალად გამოადგება. კოსტიუმების მხატვარია ნინო სურგულაძე, ქორეოგრაფია და მუსიკალური გაფორმება კი გია მარღანიას ეკუთვნის.

ლევან წულაძემ პროგრამული მნიშვნელობის სპექტაკლი დადგა, რომელიც ბევრ სიკეთეს თესავს და ბევრი ჩინოვნიკისთვის სარგებელის მომტანიც უნდა გახდეს, მთავარია ქართველი ჩინოვნიკები თეატრებში შეიტყუონ, თუნდაც ლევან წულაძის ამ სპექტაკლზე, რომელიც აპრიორი მათ მიერ თეატრალური ხელოვნების შეყვარების მიზეზი გახდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი