ხელოვნება

3 სპექტაკლი, რომლის ნახვასაც გირჩევთ 8-11 თებერვალს

7 თებერვალი, 2024 • 1296
3 სპექტაკლი, რომლის ნახვასაც გირჩევთ 8-11 თებერვალს

„ნეტგაზეთი” გირჩევთ 3 სპექტაკლს, რომელის ნახვასაც ამ კვირაში (8-11 თებერვალი) თბილისის თეატრებში შეძლებთ:

  • 8 თებერვალი – „გრონჰოლმის მეთოდი“. „მარჯანიშვილის თეატრი“ – დასაწყისი – 20:00

პრემიერიდან მრავალი წლის გასვლის მიუხედავად, „გრონჰოლმის მეთოდი“ ერთ-ერთი ყველა თანადროული სპექტაკლია, რომელსაც ქართული თეატრების რეპერტუარში ნახავთ.

მართალია, თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მოქმედება კატალონიაში ვითარდება, თუმცა  გეოგრაფიული მდებარეობა და დრო მალევე გახდება უმნიშვნელო. აქ და ახლა, მიადევნებთ თვალს 4 კანდიდატის ბრძოლას კორპორაციაში სამუშაო ადგილის მოსაპოვებლად. კანდიდატებს სამუშაო ადგილის მისაღებად უწევთ დავალებების შესრულება.  რა გზებს მიმართავენ ისინი, რამდენად შეძლებენ შეასრულონ დავალებები ისე, რომ არ უღალატონ თავიანთ თავებს და რა არის „გრონჰოლმის მეთოდი” – ამის გაგებას 8 თებერვალს, 20:00 საათზე შეძლებთ მარჯანიშვილის თეატრში.

ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ.

  • 9 თებერვალი – „მკვდარი ძაღლები“. „სამეფო უბნის თეატრი” – დასაწყისი 20:00

„მკვდარი ძაღლები“ 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის იუნ ფოსეს პიესაა, რომელიც დავით ხორბალაძემ დადგა „სამეფო უბნის თეატრში“.

რეჟისორმა, სცენოგრაფთან (თამრი ოხიკიანი) და მსახიობებთან ერთად (ბაია დვალიშვილი, სანდრო სამხარაძე, ნიკოლოზ ბაქრაძე, ქეთა შათირიშვილი, პაატა ინაური) ფორმითა და გადაწყვეტით შექმნა გამორჩეული ინტერპრეტაცია განსაკუთრებული ხელწერის მქონე სკანდინავიელი ავტორის ტექსტისა.

ქართულ თეატრალურ სივრცეში გამორჩეული სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა გექნებათ 9 თებერვალს „სამეფო უბნის თეატრში”, ხოლო რას ნახავთ სცენაზე – შავ კომედიას თუ ტრაგედიას, ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ.

ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ.

  • 9-10 თებერვალი – „გამოქვაბული“. სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე” – დასაწყისი 20:00            

სახელოვნებო კომპანიამ „ღია სივრცე“ შექმნა „სტუდენტური პლატფორმა”. ამ გზით, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ  წარმოდგენები კომპანიაში. სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა ქორეოგრაფიული წარმოდგენა „გამოქვაბული“. ლუკა ჯაფარიძის და თორნიკე ლაზაშვილის ქორეოგრაფიული ნამუშევარი პლატონის ალეგორიას ეფუძნება. მათ მიერ შექმნილი ალეგორიის ინტერპრეტაცია ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი წარმოდგენაა, რაც ბოლო პერიოდში მინახავს. თავდაუზოგავი ნამუშევარი, რომელიც თეატრალურ სივრცეში ორ ძალიან ნიჭიერ ადამიანსა და ახალ ხმას აღმოგაჩენინებთ.

ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ. 

სპექტაკლზე მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება, მოსწავლეებისთვის კი, საჩუქრად რამდენიმე ბილეთი არის გამოყოფილი – ფასდაკლებისა და უფასო ბილეთებისთვის მიწერეთ „ღია სივრცეს”.  

სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცის” მისამართია – ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი #2 პირველი შესახვევი.

შენიშვნა: თავდაპირველად სტატიაში რეკომენდაციას ვუწევდით 4 სპექტაკლს,  თუმცა „მსახურთა შემოდგომა” მოიხსნა მსახიობის ავდმყოფობის გამო.

ფოტო გარეკანზე: „ღია სივრცის” ფეისბუკ გვერდი; სპექტაკლი „გამოქვაბული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი