ავტორი: ნინო ძანძავა, თბილისი
1992-1993 წლებში აფხაზეთში განვითარებული საომარი მოქმედებების შემდეგ თითქმის საუკუნის მესამედი გავიდა — დროის ძალიან მცირე მონაკვეთი ისტორიის გლობალურ კონტექსტში და, ამავდროულად, იმდენი დრო, რამდენიც თაობების შესაცვლელად, ურთიერთობების გასაქრობად და მეხსიერების მოსარღვევად ცოტაზე ბევრია. რა შეიცვალა კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილი საზოგადოებების თვალთახედვაში ომის შემდეგ? რა ახალი დამოკიდებულებები გაჩნდა ერთმანეთის მიმართ და რა დამოკიდებულებები გამყარდა? გაჩნდა თუ არა ახალი მითები? დაიწერა თუ არა ახალი ისტორია სახელმძღვანელოებსა თუ ადამიანების ცნობიერებაში? გეოპოლიტიკური საკითხების გარდა, რომელსაც აფხაზეთის თემა ზოგადად მოიცავს, არსებობს პასუხგაუცემელი ან მხოლოდ ნაწილობრივ პასუხგაცემული კითხვების კასკადი, რომელთა ჩამოთვლა უთუოდ გასცდებოდა საგაზეთო სტატიის ერთ აბზაცს, მთელ სტატიას და კიდევ მეტსაც. კითხვების ჯარი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მხოლოდ აწმყოს ან მომავალს კი არ ჩავუღრმავდებით, არამედ გავიხედავთ უკან — წარსულში.
საუბარი ცოცხალ ადამიანებთან და ინტერაქცია მათთან, ვინც მიწას დიდი ხნის წინ მიებარა, ძველ, ომამდელ ფოტოებზე შემონახული მათი გამოსახულებების ყურება და ისტორიაზე დაკვირვება, დროში მოგზაურობა, აწმყოზე რეფლექსია, მომავლის ძიება, უპასუხო კითხვები და შფოთვა იმ პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელმაც საბოლოოდ მიმიყვანა ციანოტიპების სერიის შექმნამდე და მათ გამოფენამდე.
ციანოტიპია ადრეული ფოტოგრაფიული ტექნიკაა, რომელიც ბრიტანეთში 1842 წელს გამოიგონეს. ყველაზე გავრცელებული ფოტოგრაფიული ტექნიკებისგან განსხვავებით, ციანოტიპი (იგივე Blueprint) ფოტოგრაფიული გამოსახულებაა, რომელიც კამერის გარეშე, ულტრაიისფერი სხივებით მიიღება. სპეციალური ქიმიური ხსნარით გამგრძნობიარებულ ქაღალდზე დადებული ობიექტები, მზეზე გაშუქებისას, ქაღალდზე ანაბეჭდს ტოვებენ, ოღონდ ინვერსიული სახით — ქაღალდის დაფარული ნაწილები გაუშუქებელი ანუ თეთრი რჩება, ხოლო დაუფარავი არეალი ლურჯად იფერება.
აქედან გამომდინარე, ციანოტიპიის გამოყენებით ფოტოების და ნებისმიერი გამოსახულების კოპირებაა შესაძლებელი. ამ ტექნიკის შესახებ ფოტოგრაფიის ისტორიის წიგნებიდან მსმენოდა. ნანახი მქონდა ბრიტანელი ფოტოგრაფის, ხელოვანისა და კოლექციონერის, ანა ატკინსის ციანოტიპებიც. წყალმცენარეების ციანოტიპებით ილუსტრირებული წიგნი, რომელიც ბრიტანეთში ატკინსმა 1843 წელს გამოსცა, ხომ ნაბეჭდ და ფოტოებით გაფორმებულ მსოფლიოში პირველ წიგნად არის მიჩნეული. მაგრამ პირველად ლურჯი შეფერილობის საკუთარი ფოტოგამოსახულება პანდემიის პერიოდში დავამზადე, როდესაც, ზაფხულის მცხუნვარე დღეს, ბავშვებსა და დიდებს, მეგობარმა ლონდონიდან ჩამოტანილი ციანოტიპის ხსნარით და სოფლის კარ-მიდამოში არსებული მცენარეებით ექსპერიმენტირება შემოგვთავაზა.
ჯადოსნური პროცესი მომენტალურად ამეკვიატა. მომდევნო ორი ზაფხულის განმავლობაში, მზის სხივებს დახარბებულმა, არაერთი ციანოტიპი დავამზადე, სანამ ერთ სევდიან საღამოს ძველი, საოჯახო ფოტოების კოპირებაზე არ დავიწყე ფიქრი.
მოყვარული ფოტოგრაფები ციანოტიპიას ოდითგანვე იყენებდნენ ასლების დასამზადებლად. ფოტონეგატივს ქაღალდზე ბეჭდავდნენ და ჩვეულებრივი, შავ-თეთრი ასლის ნაცვლად, ლურჯ-თეთრ ანუ ლურჯი შეფერილობის ანაბეჭდს იღებდნენ. იმ ადგილებს, რომლებიც კოპირების ტრადიციული მეთოდით შავი უნდა იყოს, ციანოტიპებზე ლურჯი ფერი აქვს, რაც გამოსახულებას ენიგმატურ, მიღმიერ იერს სძენს.
სწორედ ამ მიღმიერის შეუქცევად ძიებაში ჩავერთე შარშან, როდესაც ჩემი ოჯახის ომგამოვლილი ფოტოები ყუთიდან ამოვიღე და გამჭვირვალე ზედაპირზე მათი გადმოხატვა დავიწყე. ჯერ შავი მარკერები და შავი ტუშით ვცადე. ტუშმა არ გაამართლა — გაშუქებისას მზის სხივებს სრულად ატარებდა და გამოსახულებას ვერ ვიღებდი. გამჭვირვალე პლასტმასზე ტუშის ფიქსაციაც რთული იყო. მაგრამ მოგვიანებით ცდებმა გაამართლა. შემდეგ აკრილის მარკერებს და თეთრი ტუშის საღებავსაც მივაგენი, რომლებიც ხატვის პროცესში გამომადგა.
სიამოვნება, რომელსაც ფოტოების თვალიერებისას და მათ ჩემს ნამუშევრებად ქცევაში ვიღებდი, შეუდარებელი იყო — თითქოს დიალოგი მქონდა გამართული საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც დიდი ხანია აღარ არიან, მათ გვერდით მდგარ ჩემთვის უცნობ ხალხთან, ურბანულ ლანდშაფტთან, ზღვასთან, ფოტოზე ასახულ ყველა სულიერ თუ უსულო ობიექტთან ჩვენი წარსულიდან და ეს მამშვიდებდა, გზას მიკვალავდა გაურკვეველ აწმყოსა და კიდევ უფრო ბუნდოვან მომავალში.
რამდენიმე თვის წინ კი თავით ფეხებამდე ამ საქმეში გადავეშვი, ტექნიკაც გავართულე და მშფოთვარე, მაგრამ სასურველ გაწამაწიაში, შევუდექი გამოფენის სამზადისს, რაშიც მხარი დამიჭირა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა და ევროკავშირის პროგრამამ EU4Dialogue. წამოვიწყე მიმოწერა სოხუმში, თბილისში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ აფხაზებთან, ქართველებთან, ბერძნებთან, სომხებთან, უკრაინელებთან და ებრაელებთან. ველაპარაკებოდი ტელეფონით, სკაიპით, მესინჯერით, ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხით, რომელიც უცნობ ადამიანებს ერთმანეთთან დაგვაკავშირებდა.
საუბრის დაწყება ემოციურად რთული იყო, დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ, ხაზის მეორე მხარეს რა ვითარება დამხვდებოდა, როგორ აეწყობოდა კომუნიკაცია. რთული იყო იმ სიხარულის მონელებაც, რომელსაც უცნობი, მაგრამ ყველაზე მშობლიური და, ამავდროულად, კეთილგანწყობილი ხმების მოსმენისას განვიცდიდი; იმ წუხილისაც, როდესაც საუბრის სურვილს არ გამოთქვამდნენ. შევხვდი დევნილებს თბილისში და აქვე ჩავწერე ერთი აფხაზი ქალბატონიც, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ თბილისს ხშირად სტუმრობს. ამ ადამიანებთან საუბრების ჩანაწერები გავიტანე გამოფენაზეც, რომელიც ცოტა ხნის წინ გალერეა 4710-ში გაიმართა. ეს ხმოვანი ჩანაწერები ხშირ შემთხვევაში აღწერენ საოჯახო ფოტოების თვალიერებისას მოსაუბრეებში გაჩენილ შთაბეჭდილებებს, ფოტოებთან დაკავშირებულ ისტორიებს, სხვა ცხოვრებისეულ მოგონებებს, რასაც კონკრეტული ფოტოები აღძრავენ.
„ყველაზე მეტად მენატრება… არ ვიცი, ადამიანები არ ითვლება, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ფასეულობა პირადად ჩემთვის ის არის, რომ დავკარგეთ ურთიერთობა ძალიან ახლობელ ადამიანებთან. პირადდ ჩემთვის ასეა. ისე კი, სანაპიროზე გასვლა და ზღვის ყურება მინდა.“ ლიუდმილა ქეცბაია-დონჩენკო
„მამას შალი კუჩბა ერქვა. ძალიან ახალგაზრდა წავიდა ომში. გაიწვიეს. საზღვაო სასწავლებელი დაამთავრა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი იყო. ახალგაზრდა ასაკში უკვე კაპიტნად განაწესეს ოჩამჩირეში. სწორედ იქიდან წაიყვანეს [ომში]. ქერჩში ტყვედ ჩავარდა. კონტუზია ჰქონდა და ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა ტყვედ. მთელი ომის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილდებოდა. იყო პოლონეთში, საფრანგეთში. სახლში დაბრუნების შემდეგ, როგორც ყველა, ისიც ბანაკებში გაუშვეს, რუსეთში. ხუთი წელი იჯდა ბანაკებში, შემდეგ გაათავისუფლეს.“ ნარა კუჩბა
„ემილმა არ იცოდა, სად იმყოფებოდა დედამისი და მისი ძმა, ცოცხლები იყვნენ თუ არა ისინი. 1958 წელს, 19 წლიანი განშორების შემდეგ, ემილმა იპოვა დედა. ემილი პერმის მხარეში, ჩერდინსკის რაიონში ცხოვრობდა. […] მივლინებაში გაგზავნეს, ქალაქ ჩერდინში, სადაც საპარიკმახეროში შეიარა წვერის გასაპარსად. დალაქს სარკეზე თავისი დისა და მისი მეგობარი ქალის ფოტო ჰქონდა გამოკრული. ამ უკანასკნელში ემილმა თავისი ბიძაშვილი ამოიცნო, რომელიც აკმოლინსკის მხარიდან 1500 კილომეტრით დაშორებულ ჩერდინის რაიონში ხე-ტყის სამუშაოებზე იყო განწესებული. ემილმა დედა თავისთან წაიყვანა, მაგრამ პირველივე შესაძლებლობისას, ლუიზა სოხუმში გაემგზავრა მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებს ეკრძალებოდათ იმ ადგილებში დაბრუნება, საიდანაც მათი დეპორტაცია მოხდა.“ ოლენა კანდიბა-კრაიბელ
აფხაზეთში საომარმა მოქმედებებმა იქ არსებული ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი შეიწირა. საოჯახო ფოტოარქივების დანაკარგის ოფიციალური სტატისტიკა დღეისათვის არ არსებობს. თუმცა ფოტომემკვიდრეობის განადგურების მასშტაბზე მეტყველებს ომის დროს დაზიანებული და დანგრეული სახლები, რომლებიც ამ არქივებს ინახავდნენ.
თუკი აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ პირებს დღეს ჰკითხავთ, ომის შედეგად მიღებულ მატერიალურ დანაკლისს შორის ყველაზე მეტად რას მისტირიან, მათგან ძალიან ბევრი საოჯახო ფოტოალბომს დაასახელებს. დამწვარ და გამქრალ ფოტოებს მისტირიან აფხაზებიც. დაბომბილი სახლები, ნივთები, ბიბლიოთეკები თუ მუსიკალური ინსტრუმენტები — ფოტოებთან შედარებით, ძალიან ბევრი ნივთი ბევრისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. არიან ადამიანები, რომლებმაც ფოტოები ზურგით ზიდეს ათეულობით კილომეტრის მანძილზე, როდესაც აფხაზეთიდან სვანეთის გზით გამორბოდნენ. ასეთია ჩემი მშობლების მეზობელი ხათუნა შაკაია. როდესაც ვკითხე, ფოტოები თუ შემოგრჩა-მეთქი, მითხრა, კიო. შემდეგ სახლში მოგვაკითხა, თხელი, წყალგაუმტარი წითელი ზურგჩანთით. ასეულობით ფოტო ჰქონდა და გამიკვირდა, როგორ მოახერხა სოხუმიდან მათი წამოღება. ფოტოების დათვალიერების შემდეგ, როდესაც მათ უკან, წითელ ზურგჩანთაში ვაბრუნებდით, ზურგჩანთის ამბავი ვკითხე, იქნებ სჯობდეს ყუთში შეინახო-მეთქი. სწორედ მაშინ გავიგე, რომ ხათუნა 30 წელია ფოტოებს სწორედ იმ ჩანთაში ინახავს, რომლითაც ისინი ქარში, სიცივესა და წვიმაში ჭუბერის გზით გამოატარა.
მცირე მოცულობისა და ადვილად ტრანსპორტირებადი ხასიათის გამო, ფოტოების შენარჩუნების შეუძლებლობა თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა განსაკუთრებულ სევდას აღძრავს. ფოტოს გადარჩენის მოთხოვნილებას გაცილებით ღრმა და კომპლექსურ — მეხსიერების შენარჩუნების თემასთან მივყავართ.
შექმნის დღიდან ფოტოგრაფია მეხსიერების აკუმულირებისა და გადაცემის ფუნდამენტურ, ხოლო მოძრავი გამოსახულების დამკვიდრებამდე — შეუცვლელ ფორმად იქცა. ფოტოგრაფიამ კაცობრიობას რეალობის ობიექტურობასთან ყველაზე მიმსგავსებული აღბეჭდვის შესაძლებლობა მისცა. რაც მთავარია, ფართო ხელმისაწვდომობის წყალობით, მეოცე საუკუნის განმავლობაში, ის გახდა ისტორიის შენახვის ყველაზე დემოკრატიული ფორმა.
სამი ათწლეულის განმავლობაში აფხაზეთიდან ადგილნაცვალ პირთა დემოგრაფიული მდგომარეობა ძლიერ შეიცვალა. წავიდნენ თაობები და თან წაიღეს მეხსიერება აფხაზეთში თავიანთი ცხოვრების შესახებ. მოხუცები, რომლებიც ომს შეესწრნენ, დღეს უკვე იშვიათად არიან ცოცხლები. ხოლო იმათ, ვინც ომი შუა ასაკში ნახა, მოხუცებულობის ასაკობრივ ზღვარს მიაღწიეს. ადამიანების ქრობასთან ერთად აფხაზეთის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის კვალი საზოგადოების ცნობიერებიდან ნელ-ნელა ქრება ან გაქრება, თუ მეხსიერება არ შევინახეთ. ამის მაგალითი უკვე გვაქვს გერმანელებს გადამხდარი ისტორიის სახით, რომლებიც სოხუმის ოლქში 1880-იან წლებში დასახლდნენ და შექმნეს მდიდარი მეურნეობები, ძლიერი თემი.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლებამ არაადამიანურ პირობებში მოახდინა აფხაზეთიდან მათი დეპორტაცია და შორეულ საბჭოთა რესპუბლიკებში მდებარე შრომით ბანაკებში წაასხა, როგორც ცხოველების ჯოგი. მატარებლის ვაგონებიც, რომლითაც ხალხი კვირების განმავლობაში მგზავრობდა დანიშნულების ადგილამდე, და საიდანაც გარდაცვლილების სხეულებს გზაში პანტა-პუნტით ყრიდნენ, სწორედ საქონლისთვის იყო განკუთვნილი.
პროექტზე მუშაობამ სოხუმელი გერმანელების ისტორიები და ფოტოებიც აღმომაჩენინა და მაპოვნინა მკვლევარი, თანაც მათი შთამომავალი — ოლენა კანდიბა-კრაიბელი, რომელსაც დიდი ცოდნა აქვს საკითხის გარშემო და ნაფლეთებად ქცეულ გერმანელთა მეხსიერებას სწავლობს.
სწორედ ამ მიზეზების გამო ფოტო, როგორც მემკვიდრეობა, რომელმაც აფხაზეთში ომამდე მცხოვრები ყველა ეროვნების მოსახლეობის ცხოვრება შეინახა და წარმავალი წუთები დააფიქსირა, ჩემი ნამუშევრების ინსპირაციად და ცენტრალურ თემად იქცა და მომცა საშუალება მეფიქრა, როგორ შეიძლება მეხსიერების ქრობის პროცესს წინააღმდეგობა გავუწიოთ? როგორ შეიძლება საზიარო წარსულზე რეფლექსიამ მომავლის შესაძლებლობები დაგვანახოს?