ხელოვნება

ვინ მოხვდება სამოთხეში?

11 აგვისტო, 2010 •
ვინ მოხვდება სამოთხეში?

მაშინ, როდესაც საქართველოში ინტერნეტი ტექნიკურად რთულად ხელმისაწვდომი იყო, უცხოური ფილმების ნახვისა და მუსიკის მოსმენა ჭირდა. მართალია, არსებობდა ვიდეოგაქირავების პუნქტები, მაგრამ მათი შემოთავაზებაც მწირი იყო. ერთ–ერთ შესაძლებლობას ფილმების და მუსიკის არალეგალურად ჩაწერაც კი წარმოადგენდა. მელიქიშვილზე ან გრიბოედოვის თეატრის გვერდით მდებარე პატარა მაღაზიაში საქონლის ფასი საათების მიხედვით ითვლებოდა. მელომანები ყურადღებას კასეტების ხარისხსაც აქცევდნენ, მაგალითად, ე.წ. ქრომის ფირიან კასეტაში ორჯერ მეტი უნდა გადაგეხადათ – 5 ლარი. ეგეც ყველგან არ იშოვებოდა.

მერე ნელ–ნელა ინტერნეტი გაჩნდა, ოღონდ ინტერნეტ–კაფეებში, სადაც ელექტრონული ფოსტის გახსნას, სხვა სიკეთეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საათები სჭირდებოდა. თუკი ამ დროს თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სტუდენტი იყავით, თქვენს ხელთ მხოლოდ ორასიოდე უცხოური ფილმის და დაახლოებით მაგდენივე ქართული ფილმის ახლა უკვე თითქმის ხმარებიდან  გამოსული VHS–ები იყო. თვალის უკეთ გავარჯიშებაში პროფესორების საკუთარი კინოკოლექციებიდან ლექციაზე საჩვენებლად წამოღებული ფილმების დასტა თუ დაგეხმარებოდათ.

ამ დროს კინოთეატრებში (მრავლობითში წერა ცოტა საჩოთიროა, როცა საქმე 2–3 კინოთეატრს ეხება, მაგრამ გრამატიკას ვერ გავექცევით) ძირითადად სისულელეებს აჩვენებდნენ. იყო გამონაკლისებიც – ერთი ოზონი, ერთი–ორი ალმოდოვარი და ვუდი ალენი. სულ ესაა. არსებობდა კინოს სახლიც, სადაც უხარისხო გამოსახულებით ტკბობა 1 ლარად შეიძლებოდა. ხარისხს ვინ დაგიდევდათ, ბორშის სუნში გახვეულ დარბაზში ქვად ქცეულ სკამებზე ჯდომა შესანიშნავი გამოცდილება იყო. თან სკამის არაკომფორტულობისგან შეწუხებული მაყურებლები ხშირად ცქმუტავდნენ და ამ ცქმუტვაში ერთმანეთსაც ათვალიერებდნენ, იყო  მზერათა ერთი გაცვლა–გამოცვლა. მოკლედ, გაჭირვება და კინოს სიყვარული ადამიანებს აერთიანებდათ.  

არც ისე შორეული წარსულია ეს. მაშინ საკაბელოებიც იყო უკვე. მაგრამ სატელიტური თეფში თუ არ გქონდა, ARTE-ს არ იჭერდა, Mezzo კი იყო სატელიტური მოწყობილობის გარეშეც. კიდევ რუსული არხები ახალი ფილმებით, მაგრამ საკაბელო ყველას არ ჰქონდა. ძირითადი მასისთვის კი ყოველგვარ საკაბელოს „ფსიქო“ ცვლიდა, მთავარი იყო ტრაგედია არ დატრიალებულიყო და შუქი არ ჩამქრალიყო შუა ჩვენების დროს.

მერე ქვეყანაში რევოლუცია მოხდა, შუქი მოვიდა, მეტ–ნაკლებად გაჩნდა ინტერნეტი, ინტერნეტში კი საოცრებათა სამყარო – rapidshare, torrents… დღეს კინოს და მუსიკის მოყვარულები ყვებიან, რომ პირველი ფაილების გადმოტვირთვა და ფილმად გადაქცევის მიზნით, ამ ფაილების შეწებება (extraxting) ნამდვილი ექსტაზი იყო.

ინტერნეტის მომხმარებლებს სხვადასხვა სახის ფაილების ურთიერთგაზიარების მრავალფეროვანი შესაძლებლობა აქვთ. არსებობს ბევრი უცხოური ვებ–გვერდი, რომელიც არ შეიცავს არალეგალურ მასალას, მაგრამ მათ მიერ შეთავაზებული ინდექსებით მომხმარებლებს  შეუძლიათ მცირე ზომის  BitTorrent ფაილები ჩამოწერონ, რომლებიც საავტორო უფლებებით დაცულ ციფრულ ინფორმაციას ატარებენ.  

დღეს, როდესაც კინოთეატრების რიცხვი საბჭოთა აპოკალიფსის მომდევნო პერიოდიდან მოყოლებული არ გაზრდილა და ეროვნული ტელეარხები მეყურებლების ინტერესების სრულად დაკმაყოფილებისგან შორს არიან, ხოლო ძალიან მცირე რაოდენობის ლიცენზირებული DVD-ების ფასი საშუალოდ 35 ლარია, ინტერნეტი საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ და მდიდარ წყაროდ რჩება. კინოსა და მუსიკის მოყვარულებისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობაც კი აქვს. ისევე როგორც ამ დარგებში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სარგებელთან ერთად ნეტი ზიანსაც აყენებს.   

რამდენიმე წელია ქართულ ინტერნეტსივრცეში დიდი გასართობი საიტები გაჩნდა, რომლებიც ათასობით ციფრულ ფაილს მოიცავენ და არათუ მათი გაზიარების, არამედ პირდაპირი ჩამოწერის შესაძლებლობას აძლევენ გვერდის დამთვალიერებელს. www.top.ge-ს მონაცემების მიხედვით, ქართული კინოპორტალები რეიტინგებში პირველ ადგილებს იკავებენ. ყველაზე პოპულარული ქართული ვებ-გვერდების ჩამონათვალში მყოფი allmovies.ge, avoe.ge, gol.ge ისევე, როგორც ყველაზე რეიტინგული myvideo.ge და tvali.ge პირატული ვებ-გვერდებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე ინფორმაცია არალეგალურადაა განთავსებული და ფაილების გადმოწერის შესაძლებლობაც არღვევს ზოგად წესებს საავტორო უფლების შესახებ.  კინოპორტალებს ყოველდღიურად ათიათასობით უნიკალური სტუმარი ჰყავს. ისინი პირველობას ტოტალიზატორის, ავტომობილების და მუსიკალურ პორტალებს ეცილებიან.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც კინოინდუსტრიის ბაზარი არ არსებობს, ახალი ფილმების ინტერნეტში განთავსებას საწარმოო კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ზარალი მოაქვს. ქართულ პირატულ ვებ–გვერდებზე ახალი ქართული და უცხოური ფილმები კინოთეატრებში ფილმის ჩვენების პარალელურად, სატელევიზიო დისტრიბუციამდე და DVD გაყიდვებამდე იდება. შესაბამისად, ბევრი ადამიანი, რომელსაც ფილმის ჩამოწერის შესაძლებლობა აქვს, კინოთეატრში აღარ მიდის. ასე ხდება, როგორც ეროვნული, ისე უცხოური პროდუქციის შემთხვევაშიც.

ინგლისურენოვან საიტებზე პერიოდულად იმართება დისკუსიები და გამოკითხვები იმის თაობაზე, თუ ვინ როგორ მოიქცევა სასურველი ფილმის ნახვის და მოწონების შემდეგ: წავა და ფილმს შეიძენს ან კინოში ნახავს თუ მხოლოდ დაბალი რეზოლუციის მქონე ციფრული ფაილის ქონას დასჯერდება. ქართულ ვებ-გვერდებზე, სადაც ათასობით ფილმი და მუსიკალური ერთეული უფასოდაა განთავსებული, ასეთი კითხვები თითქმის არ ისმება.

ფილმების „გასეირნება ყარაბაღში“ და კონფლიქტის ზონა“ პროდიუსერი ლევან კორინთელი ამბობს, რომ ქართულმა ვებ–გვერდებმა მას ზარალი მიაყენეს: „კონფლიქტის ზონა”, იმის გამო, რომ საიტებზე იდო, დვდ–ებზე არ დაგვიბეჭდავს. მთელი რუსეთი გადაჭედილია საქართველოდან გადაწერილი ასლებით. ამან სერიოზულად  შეგვიშალა ხელი დისტრიბუციაში“. ამ ფაქტთან  დაკავშირებით პროდიუსერს ქართული ვებ–გვერდებისთვის არ უჩივლია: „საჩივარი არ შემიტანია, ალბათ უნდა  შემეტანა, მიუხედავად იმისა, რა პასუხსაც მივიღებდი. მაგრამ, რომ არ გაქვს ნდობა სასამართლოს მიმართ, ამიტომაც არ შეგაქვს, აზრი არ აქვს შეტანას“.  

2008 წლის პირველ ნოემბერს ატვირთული ლევან თუთბერიძის „გასეირნება ყარაბაღში“ დღეის ჩათვლით ვებ გვერდის www.join.ge მეშვეობით 3750–ჯერ ჩამოიწერა, „კონფლიქტის ზონა“ 3527-ჯერ. გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“ 1136–ჯერ. ამ უკანასკნელის ნახვა ყოველგვარი საფასურის გარეშე ასევე შეგიძლიათ პორტალზე www.tvali.ge.

საკუთარი პროდუქციის უკითხავად გამოყენების ფაქტს რეჟისორი დავით სიხარულიძეც ნეგატიურად უყურებს. მისი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „გავარდნილები“, რომელსაც www.hop.ge–ზე იპოვით, პირველი არხის სატელევიზიო ეთერში შარშან მხოლოდ ერთხელ აჩვენეს. ვებ–გვერდზე ფილმის განთავსება ადმინისტრაციას ფილმის ავტორებთან არ შეუთანხმებია. მისი აზრით, „საქართველოში დისტრიბუციის თვალსაზრისითაც ეს არ შეიძლება ზიანის მომტანი არ იყოს. თუ ადამიანს უფასოდ გადმოწერა და ყურება შეუძლია, დისკი რატომ გაიყიდება? ხარისხზეც თავს არ იკლავენ“.

განსხვავებული მოსაზრება აქვს რეჟისორ თამარ სულამანიძეს. მისი მოკლემეტრაჯიანი ფილმები „კავკასუს ონლაინის“ ვებ–გვერდებზე მასთან შეთანხმებითაა განთავსებული (www.gol.ge, www.avoe.ge). „საქართველოში კინო არ იყიდება, ამიტომ დადონ, სახლში დადებას ჯობია gol .ge –ზე იდოს. ვინც უარი უთხრა, სულელი და არასერიოზული მგონია. ისინი ფიქრობენ, რომ მათი მოკლე ფილმები ოდესმე სადმე გაიყიდება. კინო მასკულტურაა. თუ არ აჩვენე, კარგავს თავის პირველად ფუნქციას“, – თვლის რეჟისორი.

„რა აინტერესებს კლიენტს ინტერნეტში? უპირველეს ყოვლისა, გართობა“ , – სვამს კითხვას „კავკასუს ონლაინის“ თანამშრომელი დავით ჯაში და პასუხსაც თავად სცემს. ქართული გასართობი ვებ–გვერდები www.gol .ge, www.avoe.ge და www.bude.ge 2003-2004 წლებში სწორედ იმ მიზნით შეიქმნა და „კავკასუს ონლაინის“ ფარგლებში გაერთიანდა, რომ მომხმარებელს გართობის საშუალება ჰქონოდა. დავით ჯაშის თქმით, თუკი უცხოური სერვერებიდან ჩამოტვირთული ფილმი ადგილობრივ სერვერზე დევს, „გზა ფაილისკენ გაცილებით უფრო ახლოსაა“. ამ მიზნით, საიტებისთვის უცხოური სერვერებიდან ფილმების ჩამოწერა დაიწყეს.

იმის გასარკვევად, არის თუ არა ფაილებისკენ მიმავალი გზა ლეგალური, ნეტგაზეთმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელს, ლალი პეტრიაშვილს მიმართა. სიტყვა „პირატული“ საქართველოს კანონში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ნახსენები არ არის. უფრო მეტიც, აქ საერთოდ არაა პირდაპირი მითითება ვებ–გვერდების შესახებ. არის მხოლოდ ერთი თავი (IX), რომელიც საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებელთა უფლებების დაცვას ეთმობა. ლალი პეტრიაშვილის განმარტებით, კერძო პირისთვის ასლის მიღება კანონის ფარგლებში შესაძლებელია, „მაგრამ თავად ასლი ვებ–გვერდზე არ უნდა იყოს განთავსებული უფლებების დარღვევით. ვინც ვებ–გვერდს აწარმოებს, მას უნდა ჰქონდეს უფლება, ასლი ვებ-გვერდზე ფართო მოხმარებისთვის განათავსოს. თუ ასე არ ხდება, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საავტორო უფლებების დარღვევას, მათ შორის ავტორის ქონებრივი უფლების დარღვევასაც“. 

საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ პარლამენტმა 1998 წელს მიიღო. მას შემდეგ კანონში მნიშვნელოვანი და ბევრი ცვლილება არ შესულა. „ძალიან ბევრი საკითხი ამ კანონში არის ძალიან ღიად დატოვებული. თვითონ კანონი არც კი ყოფნის სასამართლოს დავის გადაწყვეტისთვის“, – ამბობს იურისტი. სასამართლო დავის გადაწყვეტა მოცემული კანონის გარდა ბერნის კონვენციის მოშველიებითაც არის შესაძლებელი, რომლსაც საქართველო 1995 წელს შეუერთდა. თუმცა ბერნის კონვენცია, ისევე, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, მხოლოდ ეროვნულ პროდუქციაზე ვრცელდება და არა უცხოურზე. შესაბამისად, „პარამაუნტი“ ან რომელიმე სხვა უცხოური კომპანია, ქართული კანონმდებლობის მოშველიებით, საკუთარი პროდუქციის ქართულ ინტერნეტ პორტალებზე განთავსებასთან დაკავშირებულ დავას ვერ გადაწყვეტს.

კანონის დაუხვეწაობაზე ყურადღებას ამახვილებს დავით ჯაშიც „კავკასუს ონლაინიდან“: „საქართველოში კანონმდებლობა არ არის ბოლომდე გამართული“. ასეთი მოსაზრება კი კომპანიებს თავისუფალი ქმედების საშუალებას აძლევს. კითხვაზე, ირღვევა თუ არა საავტორო უფლებების ცნება კავკასუსის ვებ-პორტალებზე, ჯაშს ერთადერთი პასუხი აქვს: „ნებისმიერ მომენტში, როცა საავტორო უფლებების მქონე პიროვნება, ქართველი იქნება, ფრანგი თუ ებრაელი, დაგვირეკავს და დაგვისაბუთებს, რომ აქვს თხოვნის უფლება, ფაილს ვებ-გვერდიდან უპრობლემოდ ვშლით“.

ინტერნეტსივრცეში ნებისმიერი სახის ციფრული ფაილების მიღება ორ მეთოდს ეფუძნება: ფაილების პირდაპირი ჩამოწერა და მათი ურთიერთგაზიარება. აქედან მეორე, უფლებრივი თვალსაზრისით, სხვადასხვა კუთხით გააზრების შესაძლებლობას იძლევა: თავისუფალ მოქალაქეებს უფლება აქვთ, ერთმანეთს ის და ისეთი შინაარსის ინფორმაცია გაუზიარონ. ბოლო წლებში ევროპაში დაწყებული პირატული პარტიების მოძრაობა ამტკიცებს, რომ თუკი გლობალურ ქსელში ინფორმაციის ინდუსტრია ამ შესაძლებლობას ზღუდავს, ამით ადამიანის სამოქალაქო თავისუფლება იზღუდება.

დღეს ევროპარლამენტში შვედეთის პირატულ პარტიას ორი წარმომადგენელიც ჰყავს და ამ მხრივ გამონაკლისია – არც ერთ ევროპულ პირატულ პარტიას ევროპარლამენტში არ აქვს ხმა შვედეთის გარდა.

ყველაფერი კი სტოკჰოლმში ვებ-გვერდის www.thepiratebay.org არსებობით დაიწყო, რომელიც თავად არ არის არალეგალური ინფორმაციის შემცველი, მაგრამ მომხმარებლებს არალეგალური ფაილების ურთიერთგაცვლის საშუალებას აძლევს. წინააღმდეგობებისა და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ვებ-გვერდი დღემდე განარგძობს არსებობას. საკუთარი და მომხმარებლის უფლებებისასთვის ბრძოლამ შარშან პოლიტიკური ბრძოლის სახე მიიღო. Pirate Bay ევროპაში ახალი პოლიტიკური მოძრაობის ინსპირატორი გახდა.

პირატული პარტიების მთავარი მიზანი მომხმარებლების მიერ ინტერნეტში განთავსებული მასალების თავისუფალი ურთიერთგაცვლაა. საავტორო უფლებებით დაცული შინაარსის მქონე ფაილების კერძოდ ფლობა, ინფორმაციის თავისუფალი ცირკულაცია და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა პირატული პარტიების პრიორიტეტებია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში Pirate Bay დაბლოკილია. 2010 წლის 30 ივნისიდან აშშ-ს მთავრობამ  არალეგალური ფაილების გაზიარებაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი ვებ-გვერდების გაუქმების წარმატებით დაიწყო.

საქართველოში, ჯერჯერობით, Pirate Bay და ყველა მსგავსი ტიპის საიტი ხელმისაწვდომია.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი